კიევის ცენტრში დეპუტატზე თავდასხმას მისი 3 წლის შვილი შეეწირა
კიევის ცენტრში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. პირველ დეკემბერს, საღამოს, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ავტომანქანა RANGE ROVER-ს ესროლა, რომელსაც კიევის საოლქო საბჭოს დეპუტატი, 47 წლის ბიზნესმენი ვიაჩესლავ სობოლევი მართავდა. სასიკვდილო ჭრილობა მიიღო სობოლევის 3 წლის ვაჟმა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანაში გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ტელეკომპანია ТСН-ის ცნობით, თავდასხმა მოხდა რესტორან „მარიოსთან“, რომლის მფლობელიც სობოლევია.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ავტომანქანა ფირმა „დონუკრპროექტს“ ეკუთვნის, რომელიც დონბასში ტერორიზმის დაფინანსების სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს. სობოლევის დეკლარაციის თანახმად, ავტომობილი მის მიერვე დაარსებული ფირმისგან იქირავა.
გამოძიების მონაცემებით, ამ და სხვა კომპანიებს, რომლებთანაც წარსულში სობოლევს უშუალო კავშირი ჰქონდა, ე. წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში უკანონო ბიზნესით მოპოვებული თანხების ლეგალიზაციისთვის იყენებდნენ.
ვიაჩესლავ სობოლევი კიევის საოლქო საბჭოს წევრად 2015 წელს აირჩიეს „პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან“. მანამდე სობოლევი იყო დონეცკის ვიცე-მერი და უკრაინის ნავთობის და გაზის სახელმწიფო კორპორაციის „ნაფტოგაზის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
წყარო: radiotavisupleba.ge
კომენტარები