რას წერს უცხოეთის მედია თბილისში საპროტესტო გამოსვლების შესახებ
„მთავრობის მოწინააღმდეგეები ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ“ – თბილისში მიმდინარე პროტესტს რამდენიმე დასავლური გამოცემა ეხმაურება.
გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ საქართველოს დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებს წერილს უძღვნის და მას ამ სიტყვებით იწყებს: „საქართველოს მმართველმა პარტიამ თავიდან პირობა დადო, რომ საარჩევნო კანონის რეფორმირება მოხდებოდა, შემდეგ კი მისმა ზოგიერთმა დეპუტატმა კანონის წინააღმდეგ მისცა ხმა. ბევრი მოქალაქე განრისხდა, ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში“. გამოცემა წერს, რომ ოცი ათასზე მეტი დემონსტრანტი შეიკრიბა პარლამენტის შენობის წინ. უზარმაზარ პლაკატზე წაიკითხავთ წარწერას: „ყველა ერთის წინააღმდეგ“. „დოიჩე ველე“ მკითხველს განუმარტავს, რომ ლოზუნგი მიმართულია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ხალხი აჰყვა ერთობლივ ოპოზიციური პარტიების მოწოდებას, რომლებიც განარისხა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების ჩაშლის ფაქტმა და სურთ ძალები გააერთიანონ, წერს გამოცემა, რომელიც იქვე განმარტავს: „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში კენჭისყრის დროს ჩაშალა ივანიშვილის მიერ დაპირებული პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ეს სისტემა გაისად არჩევნების დროს უნდა ამოქმედებულიყო. მცირე ქვეთავში, სათაურით „გარდამავალი კაბინეტი და შემდეგ – ვადამდელი არჩევნები“, მოყვანილია ოპოზიციური დეპუტატის, ნიკა მელიას, სიტყვები: „მოვითხოვთ მთავრობის გადადგომას, გარდამავალი კაბინეტის შექმნას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით“.
ახლა მოქმედი საარჩევნო სისტემა, ოპოზიციის რწმენით, 2012 წელს შექმნილი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედებს. „დოიჩე ველე“ აღწერს დემონსტრანტების ქმედებას და აზუსტებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის მისადგომები ჯაჭვებით ჩარაზეს. გამოცემას მოჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამაფრთხილებელი სიტყვები, რომ საჯარო შენობების ბლოკირების ან მათზე იერიშის ყველა მცდელობას ალაგმავს. მცირე სტატიის ბოლოს „დოიჩე ველე“ განმარტავს, რომ ივანიშვილმა, რომელიც საქართველოში ითვლება კულისებს მიღმა მოქმედ „ძლიერ კაცად“, ივნისში მასობრივი გამოსვლების შემდეგ გამოაცხადა, რომ შემოიღებდნენ პროპორციულ საარჩევნო სისტემას. მაშინ დემონსტრაციების დაწყების მიზეზი იყო რუსეთის პარლამენტის დეპუტატის სიტყვით გამოსვლა საქართველოს პარლამენტში, წერს „დოიჩე ველე“, რომელიც განმარტავს, რომ ეს ბევრი ქართველისთვის შეურაცხყოფა იყო, რადგან ორ ქვეყანას შორის 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ურთიერთობა დაძაბულია.
გერმანიის რადიო „დოიჩლანდფუნკი“ თავის საინტერნეტო საიტზე აქვეყნებს სტატიას, სათაურით: „მთავრობის ათასობით მოწინააღმდეგე ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს“. ცნობაში აღწერილია 17 ნოემბრის დემონსტრაციის მიზეზი და ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის ჩაშლით უკმაყოფილების გამო თბილისში შეიკრიბნენ მთავრობის მოწინააღმდეგეები, რომლებმაც პარლამენტის შენობის შესასვლელები გადარაზეს. მანამდე ოპოზიციამ თავის მომხრეებს პროტესტისკენ მოუწოდა.
„დოიჩლადნფუნკს“ მოჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ ის საჯარო შენობების ბლოკირების ან მათზე იერიშის მცდელობას არ დაუშვებს. გერმანიის მედიასაშუალება განუმარტავს მკითხველს, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემა უნდა გადასულიყო პროპორციულ პრინციპზე. დღეს მოქმედი კანონით პარლამენტის ადგილებს პოლიტიკოსები პირდაპირი მანდატებით იკავებენ, რაც უნდა შეცვლილიყო ხუთშაბათის კენჭისყრის შედეგად, მაგრამ მმართველი პარტიის რამდენიმე დეპუტატმა რეფორმას მხარი არ დაუჭირა.
აშშ და ევროკავშირი მხარს უჭერენ დემონსტრანტებს, პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, წერს გამოცემა „ფრანს 24“ და განმარტავს, რომ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლა თბილისში მას მერე მიმდინარეობს, რაც მმართველმა პარტიამ საარჩევნო კანონის რეფორმირების პირობა არ შეასრულა.
აშშ-მა და ევროკავშირმა სოლიდარობა გამოუცხადეს ორშაბათს ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებს, წერს გამოცემა, რომლის თანახმად, წლების განმავლობაში უდიდეს საპროტესტო გამოსვლაში 20 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა და მოითხოვდა მთავრობის გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. „ფრანს 24“-ს მოჰყავს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის სიტყვები, რომ მმართველი ძალა „გამორიცხავს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას“. კალაძეს, ფრანგული გამოცემის თანახმად, პრესკონფერენციაზე ასევე უთქვამს, რომ ოპოზიცია „პოლიტიკური პროცესების დესტაბილიზებას ცდილობს დესტრუქციული ქმედებებით“.
გამოცემა განუმარტავს მკითხველს, რომ ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ მმართველი ძალის წინააღმდეგ, რომლის დეპუტატებმა ხმა არ მისცეს ახალ საარჩევნო კანონმდებლობას, პროპორციულ სისტემას, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარებულიყო მომავალი წლის არჩევნები. ოპოზიცია, წერილის ავტორის თქმით, თვლის, რომ ამ აქტის უკან დგას ოლიგარქი ივანიშვილი, რომელზეც ფიქრობენ, რომ ის არის საქართველოს „მმართველი“. „ფრანს 24“-ის ინფორმაციით, მმართველი პარტიის 12-მა დეპუტატმა „ქართული ოცნება“ პროტესტის ნიშნად დატოვა.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებენ, რომ კანონის მიღების ჩაშლამ გამოიწვია „უნდობლობის ზრდა და გააძლიერა დაძაბულობა მმართველ პარტიასა და სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის“.
საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები თვლიან, რომ მმართველი პარტია უსამართლოდ სარგებლობს ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემით. „ფრანს 24“ მკითხველს ამცნობს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩენებში „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ადგილების 77 პროცენტი მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დროს მას ამომრჩეველთა მხოლოდ 48,7 პროცენტი მიემხრო.
ზაფხულში საპროტესო გამოსვლების შემდეგ ივანიშვილმა ფართო პოლიტიკური რეფორმები გამოაცხადა. ივნისის დემონსტრაციის დარბევისას 240 ადამიანი დაშავდა, ორმა მშვიდობიანმა დემონსტრანტმა – მათ შორის, თინეიჯერმა გოგონამ – თვალი დაკარგა.
გამოცემას წერილის ბოლოს მოჰყავს საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადების ფრაგმენტი, სადაც წერია, რომ მათ ესმით საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილის იმედგაცრუების იმის გამო, რომ პარალმენტმა ვერ შეძლო მიეღო საკონსტიტუციო ცვლილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ. „სრულიად ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი თავყრილობის უფლებას და სიტყვის თავისუფლებას“, – აცხადებენ აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა. მათ განცხადებას მკითხველს ასევე აცნობს 18 ნოემბრის გამოშვებაში გერმანული „ცაიტიც“.
წყარო: radiotavisupleba.ge
კომენტარები