ქართველები უცხოეთშიხელოვნებაინტერვიუ

ქართველი გოგონას წარმატება უცხოეთში

19 წლის ლიზი ბუდაღაშვილი ხელოვნების სამ სახეობაში თანაბრად ნიჭიერია. ახალგაზრდა შემოქმედი ხატავს, წერს ლექსებსა და ნოველებს, უკრავს ფორტეპიანოზე და თავადაც ქმნის მუსიკას.

2013 წელს გამოიცა მისი პირველი კრებული, 2015 წელს კი ლიზის ნოველამ „მოხუცი თეთრი მეფე“ ნეაპოლში გამართულ კულტურული კლასიკის კონკურსზე ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. 2017 წელს იგი კონკურს „ზღვაურის“ ოქროს დიპლომის მფლობელი გახდა. სკოლის დასრულებისთანავე ამ არაორდინარულმა და აქტიურმა გოგონამ მსოფლიოს არაერთი უნივერსიტეტიდან მიიღო მოწვევა. იგი ბავშვობიდან წარმატებული არა მარტო ნიჭის წყალობითაა, არამედ, შეიძლება ითქვას, მართლაც საკუთარი ხელით ძერწავს თავის კარიერას, მომავალს.

ლიზი ბუდაღაშვილი gazetiajara.ge-ს სტუმარია.

– დავიბადე და გავიზარდე თბილისში. დავამთავრე ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა, ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი კომპოზიციის მიმართულებით და რესპუბლიკური სამხატვრო ათწლედი – ფერწერის მიმართულებით. შემდეგ ჩავაბარე თბილისის სამხატვრო აკადემიასა და კონსერვატორიაში (სადაც აღებული მაქვს აკადემიური შვებულება). პარალელურად ჩავაბარე და მოვიპოვე მაქსიმალური გრანტი დილიჯანის საერთაშორისო კოლეჯში, სადაც (აიბი) პროგრამით ვისწავლე ორი წელი და სახვითი ხელოვნება ერთ-ერთ გაძლიერებული დონის საგნად მქონდა არჩეული.

ეს ორი წელი იყო ინტენსიური მუშაობის პერიოდი, რადგან გარემო მიქმნიდა უამრავი ექსპერიმენტის საშუალებას. საკუთარ თავზე მუშაობის ამ ორმა წელმა ჩემს მხატვრობაში უფრო გულწრფელი ექსპრესია შემოიტანა, უფრო გაბედული, რისკიანიც კი გამხადა გამომსახველი ხერხებისა და თემატიკის თვალსაზრისით. კოლეჯის დამთავრების შემდეგ ამერიკაში, ფლორიდაში წამოვედი, სრული დაფინანსებითა და სტიპენდიით რინგლინგის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში ვსწავლობ სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, მეორე ფაკულტეტად კი ხელოვნებისა და დიზაინის ბიზნესი ავირჩიე.

როგორც ვიცი, ხელოვნების სამივე სფეროში აქტიური ხართ, მაგრამ მაინც რომელში გრძნობთ თავს უკეთესად?

უფრო ადრე რომ გეკითხათ, გეტყოდით, სამივეში ერთნაირად ვგრძნობ თავს-მეთქი, თუმცა ბოლო წლებია, აშკარად გამოვარჩიე მხატვრობა და ამიტომაცაა, რომ ამჟამად სახვით ხელოვნებას ვსწავლობ. ლექსების წერა ძალიან სპეციფიკური და აბსტრაქტულია. მაინცდამაინც განსაკუთრებულ გარემოს და მასალას არ მოითხოვს… პოეზია ყოველთვის თან დამყვება მიუხედავად იმისა, რას ვაკეთებ. ის ფაქტი, რომ ამჯერად სამხატვრო სასწავლებელში ვსწავლობ, სულაც არ ნიშნავს, რომ მუსიკა უკანა პლანზე გადავწიე. ამის დასტურია ის, რომ თბილისის კონსერვატორიაში აკადემიური შვებულება ავიღე, რათა ხელიდან არ გავუშვა ამ დარგში სრულყოფის შესაძლებლობა. ერთდროულად რამდენიმე სფეროს შესწავლა ძალიან რთულია, მით უფრო, როდესაც პროფესიულ დონეზეა საუბარი, ასე რომ, აუცილებლად ვაპირებ, მუსიკას მივუბრუნდე.

რა არის ხელოვნება თქვენთვის?

ამაზე შეიძლება მთელი საღამო ვილაპარაკო. რთული კითხვაა… ძალიან აბსტრაქტული პასუხი გამოდის, როგორიც თავად ხელოვნებაა. იგი ჩემთვის კონკრეტული და განსაზღვრული არ არის. რაც დანამდვილებით ვიცი, იგი აუცილებლად შეიცავს რაიმე ძალიან გულწრფელისა და გამორჩეულის შექმნას. გამორჩეულში ვგულისხმობ ისეთ რამეს, რაც სხვას არაფერს ჰგავს, რაც ძალიან ექსპრესიულია. გულწრფელობა სადაც არაა, ხელოვნებას ვერ ვუწოდებ, რადგან სხვა შემთხვევაში შეგრძნების სილაღე და სინამდვილე იკარგება. არადა, ჩემი აზრით, თუ რამე უნდა გადაეცეს ხელოვნებიდან ხალხს, სწორედ ესაა.

ამასთან, ხელოვნება ჩემთვის ნიშნავს სათქმელის შენეულად გადმოცემას. ხელოვანი უნდა იყოს იმდენად სავსე, რომ აუცილებლობას გრძნობდეს, რაიმე ფორმით გაუნაწილოს სხვებს ის, რითაც ასეა მოცული, რათა გამოუშვას ეს ენერგია და მუხტი, შეეძლოს გაშიშვლება ხალხის დასანახად… ყველას თავისი ახსნა აქვს ხელოვნების, რასაც ვერავის მოახვევს თავს, თუმცა გულწრფელობა გამონაკლისია. ხელოვნებაში უფლება არა გაქვს, მოიტყუო. ხელოვანის პასუხისმგებლობა დიდია, რადგან მისი ნამუშევრები შესაძლოა, მილიონობით ადამიანმა ნახოს. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ხალხის სავარაუდო რეაქციებზე უნდა გათვალოს ხელოვანმა თავისი შემოქმედება. პირიქით, გულწრფელი უნდა იყოს იმის მიუხედავად, როგორ აღიქვამენ ამას სხვები.

გვიამბეთ თქვენს გამოფენებზე, კრებულებზე და ასე შემდეგ…

პირველი პერსონალური გამოფენა 14 წლისას მქონდა თბილისში. ახლა რომ ვიხსენებ, ძალიან შორეულად მეჩვენება შემოქმედებითადაც და სხვა მხრივაც, რაც, ალბათ, საკმაოდ ბუნებრივია. საქართველოში გამართულ ჯგუფურ გამოფენებშიც ხშირად ვმონაწილეობდი. 2016-2017 წლებში ვენაში მქონდა პერსონალური გამოფენები. ამ ორ გამოფენას დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით ვიხსენებ – ძალიან გამზარდა. 2017 წლის შემოდგომაზე ჩემი მოთხრობები კრებულიდან „მზეს უმზირა“ გერმანულად ითარგმნა და წიგნად გამოიცა. მისი პრეზენტაცია ფრანკფურტში ჩატარდა. 2018 წელს სომხეთში, ვანაძორში, გაიმართა ჩემი ნახატების პერსონალური გამოფენა, შემდეგი – ამა წლის ივნისში ქარვასლაში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ფლორიდაშიც ჯგუფურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. ჩემი ლექსების პირველი კრებული 13 წლისამ გამოვეცი, მეორე, ზემოხსენებული „მზესუმზირა“ კი – 16 წლისამ. კრებულების წარდგინების გარდა, ვმართავ ხოლმე პოეზიის საღამოებს, სადაც თავად ვკითხულობ ლექსებს. 2017 წელს ასევე გამოვეცი ჩემი მუსიკალური ნაწარმოებების კრებული. ამ ყველაფრის პარალელურად, აქტიურად ვმონაწილეობდი ლიტერატურულ, საგამოფენო და მუსიკალურ ღონისძიებებში, რასაც კვლავ ვაგრძელებ.

დაფინანსებისთვის რა ეტაპები გაიარეთ, რომელი უმაღლესი სასწავლებლებიდან მოგივიდათ თანხმობა და რატომ აირჩიეთ რინგლინგის კოლეჯი?

სკოლის დამთავრების შემდეგ ფლორიდაში წამოსვლამდე, როგორც ზემოთ ვთქვი, ჩავირიცხე საერთაშორისო კოლეჯში, საიდანაც შარშან, შემოდგომაზე გავაგზავნე აპლიკაციები უნივერსიტეტებში. საკმაოდ შრომატევადი პროცესი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ დადებითი პასუხები მოვიდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტიდან, სავანის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯიდან, როუდ აილენდის დიზაინის სკოლიდან, ლონდონის, გოლდსმიტის, ბრაიტონის, ჩელსის უნივერსიტეტებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის უნივერსიტეტში საკმაოდ დიდ დაფინანსებას მაძლევდნენ, მაინც ბევრი მრჩებოდა გადასახადი. ასე რომ, ველოდი საუკეთესო ვარიანტს და მოვიდა კიდეც – რინგლინგის კოლეჯმა სწავლის სრული ანაზღაურება და დამატებით სტიპენდია შემომთავაზა. აი, ასე აღმოვჩნდი ამ საოცარ ადგილას.

რა სიახლეები დაგხვდათ, როგორ შეეგუეთ და თუ გამართლდა თქვენი მოლოდინები?

სიახლეები, ცხადია, დამხვდა. არც ერთ სხვა ქვეყანას არ მაგონებს ამერიკა. რადიკალურად სხვა სამყაროში გადმოვსახლდი, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, დადებით ფაქტად მივიჩნევ. ამერიკა, ზოგადად, ძალიან პარადოქსული ქვეყანაა. თითქოს ყველაფერი ვიცით მის შესახებ, მაგრამ ამავდროულად… არაფერიც არ ვიცით, იმდენად მრავალფეროვანია და კიდევ უფრო სხვანაირი, როცა მართლა გამოცდილებამიღებული აკვირდები. ხალხია ძალიან განსხვავებული. ფლორიდა სამხრეთია და აქაურებს მზე რომ მუდმივად ათბობთ, ესეც განაპირობებს მათ თბილ, უშუალო და მეგობრულ ბუნებას. მოლოდინი, რომ ყველაფერი – გზაზე გადასასვლელი „ზებრებით“ დაწყებული და ნაცრისფერი ქვიშით დამთავრებული – გაცილებით სხვანაირი იქნებოდა, ვიდრე საქართველოში, ნამდვილად გამართლდა.

როგორია სწავლის პროცესი და მუშაობთ თუ არა პარალელურად?

სწავლების ხარისხმა გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს. ფაქტი, რომ იმას ვსწავლობ, მართლაც იმ საქმეს ვაკეთებ, რაც გულით მინდა, მაძლევს საოცარ მოტივაციას. გაკვეთილების ფორმატიც ძალიან ეფექტურია. ყველა საგანში, რომელიც პრაქტიკულ სამუშაოს მოიაზრებს, გვაქვს შუა და საბოლოო კრიტიკის დღეები. ამ დროს ჯგუფელები ერთმანეთის ნამუშევრებს განვიხილავთ ძალიან ღიად და საღად. ცხადია, ეს ავითარებს ჯანსაღი კრიტიკის უნარს როგორც სხვისი, ისე საკუთარი პერსონის მიმართ, რაც არტისტისთვის მნიშვნელოვანია. ხელშეწყობას ვგრძნობ მუდამ – სახელოსნოები გვიან ღამემდეა ღია, არის კლუბები (ცოცხალ ნატურაზე მუშაობის, პერსონაჟების განვითარების, იმპროვიზაციის და ა.შ.), რინგლინგის სტუდენტებისთვის სამხატვრო მასალების ყველა მაღაზიაში ფასდაკლებებია და სხვა. პარალელურად ვმუშაობ და ისიც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია, რომ სამსახურის გრაფიკი იდეალურად შეესაბამება ჩემი გაკვეთილების ცხრილს. ამჟამად გალერეებსა და ოფისში ვმუშაობ. ორივე შესანიშნავი გამოცდილებაა.

როგორ ფიქრობთ, განსხვავებულად აღიქვამენ ხელოვნებას საქართველოსა და ფლორიდაში?

აღქმა არ ვიცი, რამდენად სწორი განსაზღვრებაა, თუმცა დაფასების ხარისხში ნამდვილად არის დიდი სხვაობა. აქ გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობენ ხელოვანის განათლებასა და რეალიზების პერსპექტივებს, ვიდრე საქართველოში. თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო სერიოზულად უყურებენ ხელოვნებას, ისე, როგორც საჭიროა.

საქართველოში დაბრუნებას თუ აპირებთ?

ცხადია, ვაპირებ, თუმცა არ მაქვს განსაზღვრული, რამდენი ხნით. მგონია, მისვლა-მოსვლის რეჟიმში ვიქნები.

ფლორიდელებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

ეს ჩემი საყვარელი თემაა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სამხრეთელები განსაკუთრებით თბილი და ყურადღებიანი ხალხია. ადგილობრივების უმეტესობა ძალიან უშუალო და კონტაქტურია. თუ სადმე რამეს ველოდები, აუცილებლად გამომელაპარაკება ვინმე. პირველ რიგში, იმას იკითხავს გაკვირვებით, რომელ ჯორჯიაზეა საუბარი და რატომ არ მაქვს სამხრეთული აქცენტი. მერე მომაყოლებს საქართველოზე, ანბანზე, ენაზე, ხალხზე. თავადაც მიყვებიან ამბებს თავიანთი ცხოვრებიდან, მოგზაურობებიდან, ახალგაზრდობიდან და ა.შ. უცხოებისგან ასეთი ამბების მოსმენას, თუნდაც 5-წუთიან საუბრებს, ყოველთვის განსაკუთრებით ვაფასებდი და ვაფასებ, მთელი დღე გაღიმებულს მტოვებს.

და გეგმები…

ამ ოთხი წლის განმავლობაში ვეცდები, გამოფენებისა და კონტაქტების დამყარების შანსები კარგად გამოვიყენო, რადგან კარიერის თვალსაზრისით ეს განაპირობებს ხელოვანის მომავალს. მხატვრის პროფესიის არასტაბილურობისა და თანმდევი რისკის შემცირებას ვცდილობ, შეიძლება ითქვას – სტერეოტიპის დამსხვრევას. საქართველოში ჩამოსულმა მინდა, რაიმე შევცვალო, რაღაც წვლილი შევიტანო ხელოვნებისადმი დამოკიდებულების გაუმჯობესებაში, რადგან ამ საკითხში განსაკუთრებით მოვიკოჭლებთ, არადა, ნიჭიერი არტისტები არ გვაკლია.

ნაირა ფუტკარაძე

gazetiajara.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close