არასრულწლოვანთა მონაწილეობით პორნოგრაფიული პროდუქციის დამზადებისთვის საქართველოში 11 პირი დააკავეს (ვიდეო)
საქართველოში დააკავეს 11 ადამიანი, რომლებსაც ბრალად ედება არასრულწლოვნების მონაწილეობით პორნოგრაფიული პროდუქციის დამზადება და გასაღება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვანთა მშობლები და აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეები.
შსს-ს ცნობით, არასრულწლოვანებით ვაჭრობისა და არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელის გამოავლენასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავებაში მონაწილეობდნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლები.
შსს-ს განცხადებით, ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდნენ ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს. შედეგად, მოსამართლის განჩინებით დააკავეს საქართველოს ცხრა, აშშ-ის ერთი და ავსტრალიის ერთი მოქალაქე.
დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები და უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები.
დანაშაული 17-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-იდან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-იდან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ის მოქალაქე კ. უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა“.
შსს-ს ცნობითვე, „პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკანონო ფოტოსალონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალები“.
შსს-ს განცხადებით, დაზარალებული არასრულწლოვანების უფლებების დაცვის მიზნით ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები.
გამოძიება გრძელდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის მუხლებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოყავს საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაც, რომ საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული, რამდენიმე ქვეყნის ჩართულობით განხორციელებული ეს სამართალდაცვითი ღონისძიება უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ბავშვებს ზიანს აყენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, საერთაშორისო დონეზე, ერთობლივი ძალისხმევით, ყოველთვის შეძლებენ მათ იდენტიფიცირებას, დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას. ამასთან, ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო უწყების შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური ყოველთვის და ყველგან აღასრულებს თავის ვალდებულებას, რომ დაიცვას ბავშვები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას იმ ადამიანებისგან, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ ბავშვთა უმწეობით.
radiotavisupleba.ge
შინაგან საქმეთა სამინისტო არასრულწლოვანების პორნოგრაფიისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრის დაკავების კადრებს ავრცელებს:
კომენტარები