მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი მარია კალასი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ექიმმა გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დაასახელა. საოპერო მომღერალს მაშინვე ჩაუტარდა კრემაცია და ახლა ვერავინ ვერასდროს გაიგებს მარია კალასის გარდაცვალების რეალურ მიზეზს.
ვის აძლევდა ხელს დივას მოკვლა? გარდაცვლილს ოჯახის წევრები არ ჰყავდა, მისმა ათასობით გულშემატკივარმა კი კალასის ნაადრევი გარდაცვალება სხვა „ვარსკვლავებისთვის“ ტაშის დაკვრით გამოიგლოვა.
გამომძიებელი რეჟისორი
1977 წლის 16 სექტემბერს მარია კალასი პარიზში, თავის აპარტამენტებში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. საოპერო მომღერალი 53 წლის იყო. რამდენიმე წლის შემდეგ ლეგენდარულმა იტალიელმა რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ მარია კალასზე ფილმის გადაღებები დაიწყო.
რეჟისორმა ზედმიწევნით შეისწავლა ფილმის მთავარი გმირის ბიოგრაფია და როცა საქმე კალასის გარდაცვალებაზე მიდგა, ძეფირელიმ რამდენიმე საგულისხმო ფაქტი აღმოაჩინა, რამაც ეჭვები გაუჩინა ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით.
მარია კალასს რამდენიმე დაავადება ნამდვილად აწუხებდა, მაგრამ მათ შორის გულის დაავადება არ იყო. მაშ რატომ ჩაწერა ექიმმა დოკუმენტაციაში გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა?
კარგად არის ცნობილი, რომ საოპერო მომღერალი კრემაციის წინააღმდეგი იყო. მას თავისი ნაცნობებისთვის არაერთხელ უთქვამს, რომ არ სურდა ღუმელში აღმოჩენილიყო. მარია კალასს სასაფლაოზე ადგილიც ჰქონდა ნაყიდი. და აი, სრულიად მოულოდნელად მისი კრემაცია მოხდა. ანდა სად გაქრა მისი ანდერძი, რომლის არსებობის შესახებაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა?
ამ და სხვა ფაქტების გაანალიზებამ ძეფირელი მიიყვანა დასკვნამდე, რომ მარია კალასი მოკლეს. მან მკვლელის ვინაობაც კი დაასახელა, მაგრამ სანამ მის ვინაობას გავამხელდეთ, რეჟისორის თვალით დანახულ პრიმადონას ცხოვრებას წარმოგიდგენთ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ გავიგოთ, რატომ გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები XX საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა საოპერო მომღერალმა სრულიად მარტომ.
დედა
მარია კალასის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე მის მშობლებს ერთადერთი ვაჟი გარდაეცვალათ. ორსული დედა ჯერ კიდევ გლოვობდა და თან ღმერთს ევედრებოდა, რომ ახალშობილი ბიჭი ყოფილიყო. როცა გოგონა გაუჩნდა, რამდენიმე დღის განმავლობაში დედას მისთვის არც კი შეუხედავს. ამ პერიოდში ოჯახი საბერძნეთიდან ამერიკაში გადავიდა, სადაც მანჰეტენზე მარიას მამამ აფთიაქი გახსნა.
დედას არ უყვარდა თავისი ქალიშვილი და ცდილობდა, გოგონა რაც შეიძლება ნაკლებად მოხვედროდა თვალში. როდესაც მარიას უნიკალური ვოკალური მონაცემები აღმოაჩნდა, დედა აიძულებდა მთელი დღის განმავლობაში მუსიკალურ სკოლებში ევლო, რომ რაც შეიძლება იშვიათად ენახა.
ოჯახში პრობლემებმა იჩინა თავი, კალასის მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, დედა უფროს ქალიშვილთან და მარიასთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა, მარია კი მამასთან დაბრუნებაზე ოცნებობდა.
ამის გაკეთება მომღერალმა მხოლოდ ომის შემდეგ მოახერხა, დედას სამუდამოდ გამოემშვიდობა და ნიუ იორკში გაემგზავრა, სადაც ახალი იმედგაცრუება ელოდა: მამა დაქორწინებული დახვდა, დედინაცვალმა კი გერი თავიდანვე აითვალწუნა.
ასე დარჩა მარია კალასი მშობლების გარეშე.
ქმარი
მდიდარი იტალიელი მეწარმე ჯოვანი ბატისტა მენეგინი საოპერო ხელოვნების დიდი გულშემატკივარი იყო. როცა მან პირველად კალასი დაინახა და მოუსმინა, მაშინვე მიხვდა, რომ სცენაზე მისი ოცნების ქალი იდგა. მიუხედავად იმისა, რომ მენეგინი კალასზე თითქმის 30 წლით უფროსი იყო, ეს სულაც არ აღმოჩნდა დამაბრკოლებელი ფაქტორი მათი ურთიერთობის დაწყებისთვის.
მენეგინის ახალ სიყვარულს წინ აღუდგნენ მისი ნათესავები, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ კალასს მხოლოდ მილიონერის კაპიტალი აინტერესებდა. მაშინ მენეგინმა უარი განაცხადა თავის 27 ფაბრიკაზე და არჩევანი საყვარელ ქალზე გააკეთა: „წაიღეთ ყველაფერი, მე მხოლოდ მარია მჭირდება!”
1949 წელს წყვილმა კათოლიკურ ეკლესიაში იქორწინა, თუმცა კალასი ბერძნულ ორთოდოქსულ ეკლესიას მიეკუთვნებოდა. სწორედ ამ ფაქტორმა მის ცხოვრებაში დრამატული როლი ითამაშა.
მენეგინი კალასისთვის ყველაფერი გახდა – ქმარი, მამა, საყვარელი… ცოლიც და ქმარიც შვილებზე ოცნებობდნენ, მაგრამ კარგად იცოდნენ მარიას უნიკალური ხმის ფასი და სრულყოფილ ოჯახსა და კარიერას შორის ყოველთვის ამ უკანასკნელზე აკეთებდნენ არჩევანს. როცა ცოლ-ქმარმა შთამომავლობაზე ფიქრი სერიოზულად დაიწყო, კალასი უკვე 30-ს გადაცილებული იყო, მენეგინი კი – 60-ს.
მარია დარწმუნდა, რომ ბავშვის გაჩენაზე ფიქრი უკვე დაგვიანებული იყო და მენეგინსაც მისთვის ძალა აღარ დაუტანებია. სულ მალე კალასის ცხოვრებაში ისე განვითარდა მოვლენები, რომ ყველაფერი თავდაყირა დადგა და საყვარელი მეუღლეც დააკარგვინა.
საყვარელი
1957 წლის სექტემბერში ვენეციაში ერთ-ერთ მეჯლისზე კალასმა გაიცნო თავისი თანამემამულე, ბერძენი მილიარდერი არისტოტელე ონასისი. როდესაც ექიმებმა მას ზღვის ჰაერზე დასვენება ურჩიეს, ბერძენმა მილიარდერმა წყვილი თავის კომფორტულ იახტაზე, „კრისტინაზე“ მიიპატიჟა. წინადადება მადლიერებით იქნა მიღებული.
იახტაზე გამართულ წვეულებაზე საპატიო სტუმრები შეიკრიბნენ. კალასმა თავი დაკარგა და საკუთარი ქმრის თვალწინ იახტაზე ონასისთან რომანი გააჩაღა. მთელი საღამოები არისტოტელე და მარია ცეკვავდნენ და ერთობოდნენ. ონასისი ცნობილი იყო, როგორც სუსტი სქესის მოყვარული, ის საყვარლებს ხშირად იცვლიდა, მაგრამ კალასს ეს აბსოლუტურად არ აინტერესებდა. მან მიატოვა ქმარი და ონასისის სიახლოვეს პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. კალასს აღარც თავისი კარიერა აინტერესებდა, უარს ამბობდა სარფიან შეთავაზებებზე, აღარ უვლიდა საკუთარ თავს, რამაც ყელთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ უფრო გაურთულა.
ონასისს ნამდვილად უყვარდა კალასი, უძვირფასესი საჩუქრებით ანებივრებდა, მის საპატივცემულოდ გრანდიოზულ მეჯლისებს და მიღებებს აწყობდა. კალასზე დაქორწინების მიზნით ცოლსაც კი გაეყარა, მაგრამ მოულოდნელმა დაბრკოლებამ იჩინა თავი: კათოლიკურმა ეკლესიამ მენეგინის გავლენით კალასს განქორწინებაზე უარი უთხრა. სხვა გზა არ იყო, უნდა მოეცადათ.
1966 წელს მარია კალასი დაორსულდა. ამ ამბავზე ონასისის რეაქცია სრულიად მოულოდნელი და სასტიკი აღმოჩნდა: აბორტი! კალასი 43 წლის იყო და კარგად ესმოდა, რომ ეს მისთვის ბოლო შანსი იყო, დედა გამხდარიყო. ისიც კარგად ესმოდა, რომ არჩევანის წინაშე იდგა – ან ბავშვი, ან ონასისი. რა ექნა?! ავადმყოფობის გამო ხმა თითქმის დაკარგული ჰქონდა, ახლა კი შვილიც უნდა დაეკარგა, რომელიც მის სხეულში ცოცხლობდა. თანაც დღე-დღეზე განქორწინების ნებართვასაც ელოდებოდა…
და მარიამ გადაწყვეტილება მიიღო…
მაშინ, როცა დღეებს ითვლიდა და საყვარელ მამაკაცთან დაქორწინებაზე ოცნებობდა, მასთან ონასისის წარმომადგენელი მივიდა და აცნობა, რომ არისტოტელე მოკლული ამერიკის პრეზიდენტის ქვრივზე, ჟაკლინ კენედზე დაქორწინდა. ამ ამბის გაგონება კალასისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. ამის მიუხედავად, მომღერალმა იპოვა საკუთარ თავში ძალა და საყვარელი მამაკაცის წარმომადგენელს უთხრა: „მიაქციეთ ყურადღება ჩემს სიტყვებს. ღმერთი სამართლიანია. არსებობს ამქვეყნად უმაღლესი მართლმსაჯულება“.
ასე დარჩა კალასი ყველაფრის გარეშე.
ამ ამბის შემდეგ, ძალიან მალე ავტოკატასტროფაში დაიღუპა ონასისის შვილი. არისტოტელე შვილის დარდს გადაყვა და ისიც მალე გარდაიცვალა. მამის გარდაცვალების შემდეგ კი ნარკოტიკების დიდი დოზით მიღებამ ონასისის ქალიშვილი კრისტინაც იმსხვერპლა.
პიანისტი
სიცოცხლის ბოლო წლებში მარია კალასი კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა. მთელი დღის განმავლობაში ის ან ოთახებში დადიოდა, ან წიგნს კითხულობდა. ის მხოლოდ თავის მოსამსახურესთან, მძღოლთან და რამდენიმე მუსიკოსთან ურთიერთობდა, რომლებთანაც აქტიური კარიერის პერიოდში მუშაობდა.
ერთხელაც, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, სწორედ მათთან დაიწყო საუბარი თავის ანდერძზე. 10 მილიონს შეეძლო ეს ადამიანები ბედნიერები გაეხადა.
მარია კალასის ცხოვრებაში ასევე იყო პიანისტი – ვასო დევეტცი (Vasso Devetzi). ის საოცრად ერთგული ქალბატონი აღმოჩნდა და საკუთარ თავზე აიღო კალასზე ზრუნვა. ვასოს შეეძლო მძიმე დეპრესიის დროს ყურადღებით მოსმენა, ის პასუხობდა მარია კალასისთვის გაგზავნილ წერილებს და სატელეფონო ზარებს, აკონტროლებდა უახლოესი მეგობრის დღის რეჟიმს, საათობრივად აძლევდა მას წამლებს და კალასიც სულ უფრო მეტად ხდებოდა მასზე დამოკიდებული.
საიდან შეიძლება სცოდნოდა მარიას, რომ უკვე დიდი ხანია ვასოს, რომელსაც თავი უდიდეს პიანისტად მიაჩნდა, შურდა მისი და ფარულად სძულდა კიდეც? და ვერ პატიობდა კალასს იმას, რომ ანდერძში ვასო ისე არ მოიხსენია, როგორც საჭირო იყო?
განა შეეძლო კალასს წარმოედგინა, რომ უწყინარი ვასო, რომელიც მომღერლის სატელეფონო და წერილობით მოლაპარაკებების უძღვებოდა, თანდათან აშორებდა მეგობრებს? განა შეეძლო მიმხვდარიყო, რომ წამლისთვის განკუთვნილ ჭიქაში ძლიერი ტრანკვილიზატორები და საძილე საშუალებებიც იყო, რომლებიც მის ორგანიზმს ანგრევდა? და სულ ცოტა იყო დარჩენილი, როცა ეს დოზა სასიკვდილო გახდებოდა?
აი, მკვლელის ვინაობაც ცნობილია
ძეფირელის აზრით, სწორედ ვასო არწმუნებდა ყველას, რომ კალასის გვამი გარდაცვალების შემდეგ არ გაეკვეთათ. სწორედ მან მოითხოვა სასწრაფო კრემაცია. ამ მოთხოვნას კი იმით ხსნიდა, რომ კალასი სიკვდილის მოახლოებას გრძნობდა და ამის შესახებ ვასოს თავად სთხოვა. ამის შემდეგ, პიანისტმა მოიპარა ანდერძი, ძვირფასეულობა და გარკვეული თანხა.
სწორია თუ არა ძეფირელის ვარაუდი, ამის გაგებას ვერასოდეს შევძლებთ. ვასო მარიას გარდაცვალებიდან მალევე აღესრულა, თან ისე, რომ მისი ანდერძით სარგებლობა ვერც მოასწრო. გამოდის, კალასი მართალი იყო: ღმერთი სამართლიანია.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარია კალასის 10 მილიონი ორ ღრმად მოხუცებულზე გაიყო – მომღერლის დედაზე და მის მეუღლეზე, მენეგინზე.
* * *
2005 წელს სოთბის აუქციონზე მარია კალასის პირადი ნივთები გაიყიდა, მათ შორის, ძვირფასეულობა და ტანსაცმელი. გასაყიდად გამოტანილ ნივთებს შორის იყო ონასისის საჩუქარი კალასისთვის, როცა მომღერალი აბორტზე დათანხმდა. თითოეული ნივთი საკმაოდ სოლიდურ ფასად გაიყიდა, თუმცა არც მყიდველების და არც გამყიდველების ვინაობა ცნობილი არ არის.
კომენტარები