მაშველებმა კაცი დახრჩობას დრონის დახმარებით გადაარჩინეს
მახინჯაურში ზღვაში შესული 29 წლის კაცი მაშველებმა დრონის დახმარებით გადაარჩნიეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი მაცხოვრებელი ზღვაში 3-ბალიანი შტორმის დროს შევიდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.
„სანაპირო ზოლზე მყოფ მაშველებს ამის შესახებ მოქალაქემ აცნობა. გადარჩენის ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო მაშველი დრონის ოპერატორი და სამაშველო კატერი. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი სანაპიროზე უვნებლად გაიყვანეს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ტექნოლოგიური სიახლე – მაშველი დრონი მიმდინარე საზღვაო სეზონზე დაინერგა. ის სანაპირო ზოლზე პატრულირებისთვის და შტორმის დროს სამაშველო ოპერაციისთვის გამოიყენება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები: არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს და მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში.
წყარო: reginfo.ge
კომენტარები