პატარა ზესტაფონელმა მომღერლებმა იტალიაში გაიმარჯვეს
ზესტაფონის სამუსიკო და ხელოვნების სკოლების მოსწავლეებმა, ვოკალისტებმა უჩა ლიპარტელიანმა და რევაზ ფერაძემ იტალიის ქალაქ პეზაროს სიმღერის აკადემიაში – Renata Tebaldi, Mario Del Monaco-ში გამართულ მე-10 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე გაიმარჯვეს.
უჩა ლიპარტელიანმა (ზესტაფონის ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლა) კონკურსზე, სახელწოდებით „მომავლის ვარსკვლავები“ პირველ ასაკობრივ კატეგორიაში პირველი პრემია მოიპოვა და ლაურეატის წოდება დაიმსახურა, ანალოგიურ წარმატებას მიაღწია მეორე ასაკობრივ კატეგორიაში რევაზ ფერაძემაც (ზესტაფონის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა).
პატარა მომღერლები იმერეთის კოლორიტული ქალაქიდან, კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, მიწვეულები არიან ქალაქ პეზაროს საოპერო აკადემიაში უფასო მასტერკლასებზე.
გამარჯვებულებთან ერთად სპეციალური დიპლომები დაიმსახურეს მათმა პედაგოგებმა – ნონა ფერაძემ და თეა მიქაბერიძემ.
აღსანიშნავია, რომ ბიჭების კონკურსზე წასვლის თანადაფინანსება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ იკისრა.
ზესტაფონის ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები ხშირად მონაწილეობენ საერთაშორისო კონკურსებში სხვადასხვა ქვეყანაში. სკოლის აღსაზრდელებმა სხვადასხვა დროს გაიმარჯვეს და ლაურეატები გახდნენ საერთაშორისო კონკურსებზე ესპანეთში, თურქეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში და ა. შ.
მოუსმინეთ უჩა ლიპარტელიანის სიმღერას კონკურსზე:
კომენტარები