84 წლის სოფი ლორენი სავარძელს „მიეჯაჭვა“
ლეგენდარული მსახიობის, სოფი ლორენის თაყვანისმცემლებს სანერვიულო არაფერი აქვთ – მათი კუმირის ჯანმრთელობა წესრიგშია.
ინვალიდის ეტლში ჩაჯდომა 84 წლის ვარსკვლავს ახალი კინოროლისთვის მოუწია – დიდი ხნის შემდეგ მას ისევ იღებენ ფილმში, სახელწოდებით „ყველაფერი წინაა“. მისი გმირია მადამ როზა, რომელმაც ჰოლოკოსტი გადაიტანა.
ფილმის გადაღება იტალიაში უკვე დაიწყო. ფილმის რეჟისორია სოფის შვილი ედუარდო პონტი. როგორც გამოცემა Variety წერს, ასაკის მიუხედავად მსახიობი თავდაუზოგავად მუშაობს და გადასაღებ მოედანზე დღეში, სულ მცირე, 10 საათს ატარებს.
სოფი ლორენი გადაღებებისას შეამჩნიეს იტალიის ქალაქ ბარიში, წითელ კაბაში, წითელ შარფშემოხვეული. გადაღებები ასევე იწარმოებს წმინდა ნიკოლოზის (სან ნიკოლო) ნავსადგურსა და პანე ე პომოდოროს პლაჟზე (ბარი) და მთელი ივლისის განმავლობაში გაგრძელდება. ფილმის დასრულება აგვისტოს ბოლოსთვის იგეგმება.
სოფი ლორენი იტალიური კინოს ვარსკვლავი 1950-იან წლებში გახდა. პირველ ხანებში მისი ფსევდონიმი იყო სოფია ლაზარო, ხოლო შემდეგ პროდიუსერმა და მისმა მეუღლემ კარლო პონტიმ „ლაზარო“ „ლორენით“ შეცვალა. სოფი ლორენმა მთავარი როლები შეასრულა ფილმებში: „ჩოჩარა“(1961), „გუშინ დღეს, ხვალ“(1963), „ქორწინება იტალიურად“ (1964) და სხვ.
სოფი ლორენის მსახიობური მწვერვალი იყო დედის როლი ფილმ „ჩოჩარაში“ (რეჟისორი – ვიტორიო დე სიკა, 1960 წ.; ალბერტო მორავიას ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით). მან ამ როლისთვის 1962 წელს „ოსკარი“ მიიღო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის და, ამრიგად, პირველი მსახიობი ქალი გახდა, რომელსაც ამერიკის კინოაკადემიის ეს უმაღლესი ჯილდო არაინგლისურენოვან ფილმში შესრულებული როლისთვის მიენიჭა.
1999 წელს სოფი ლორენი ამერიკული კინოხელოვნების ინსტიტუტმა 25 საუკეთესო მსახიობის სიაში შეიყვანა.
კომენტარები