პოლიტიკასაზოგადოებასაბერძნეთი

რამდენად დემოკრატიულია საბერძნეთის საარჩევნო სისტემა?

როგორც ცნობილია, 7 ივლისს საბერძნეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნები 2004 წელს მიღებული საარჩევნო კანონის საფუძველზე ჩატარდება.

კანონის მიხედვით, 250 სადეპუტატო მანდატი არჩევნებზე პარტიების მიერ მიღებული ხმების პროპორციულად გადანაწილდება. დაწესებულია 3-პროცენტიანი ბარიერი პარტიებისთვის. იმ პარტიების ხმები, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ, პარლამენტში მოხვედრილ პარტიებზე გადანაწილდება. დამატებით 50 მანდატს ბონუსის სახით მიიღებს პირველ ადგილზე გასული პარტია. ცხადია, ეს დებულება შეუძლებელია დემოკრატიულად მივიჩნიოთ, თუმცა მას პრაქტიკული დანიშნულება აქვს – საბერძნეთში პარტიები ვერ ახერხებენ ხოლმე ხმების 50 პროცენტის მოგროვებას. ასეთ შემთხვევაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების საჭიროება ჩნდება. გამოცდილებიდან გამომდინარე, კოალიციები საბერძნეთში არასტაბილურია და, როგორც წესი, რამდენიმე თვეში იშლება. ამდენად, მუდმივი სამთავრობო კრიზისების თავიდან ასაცილებლად შემოიღეს ბონუსების სიტემა. 2004 წელს გამარჯვებული პარტიისთვის ბონუსის სახით 40 მანდატი გამოიყო. 2008 წელს კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ასეთი სახის მანდატების რაოდენობა 50-ამდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, 2015 წელს „სირიზას“ მაინც მოუწია კოალიციის გაფორმება მემარჯვენე „დამოუკიდებელი ბერძნების“ პარტიასთან.

იმისათვის, რომ რომელიმე პარტიამ უმრავლესობა მოიპოვოს და პარლამენტში 151 დეპუტატი გაიყვანოს, საჭიროა ხმების 40,5 პროცენტის მოგროვება. რაც უფრო მეტი პარტია ვერ გადალახავს 3-პროცენტიან ბარიერს, მით უფრო მეტი ხმა დაემატება პირველ ადგილზე გასულ პარტიას და მისი შანსები გაიზრდება.

ამჟამად „ნეა დიმოკრატიას“ რეიტინგი 34 პროცენტს შეადგენს. საკმარისია ორმა ან სამმა პარტიამ ბარიერი ვერ გადალახოს და „ნეა დიმოკრატია“ უმრავლესობის ჩამოყალიბებას შეძლებს. როგორც ვარაუდობენ, მომავალ პარლამენტში აღნიშნულ პარტიას 158 დეპუტატი ეყოლება.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close