ლონდონის პოლიციამ ორი ახალგაზრდა ქალის, ლგბტ წყვილის ცემის ფაქტზე 8 ივნისს ხუთი ადამიანი დააკავა. როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, მათი ასაკი 15-18 წლამდე მერყეობს. მათ ბრალი ედებათ ჰომოფობიურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულსა და ძარცვაში.
ინციდენტი ლონდონის ღამის ავტობუსში 30 მაისს მოხდა. 4 ბიჭი ორ ახალგაზრდა ქალს თავს დაესხა. დაზარალებულების თქმით, ახალგაზრდები აგრესიულად იქცეოდნენ და მათ „ლესბოსელებს“ ეძახდნენ, შემდეგ კი მოითხოვეს, ქალებს ერთმანეთისთვის ეკოცნათ. წინააღმდეგობის გაწევისას მოძალადეებმა ორივე ქალს სცემეს და გაძარცვეს – მათ ახალგაზრდა ქალების ჩანთა და ტელეფონი წაიღეს. დაზარალებულები მიღებული ტრავმების გამო საავადმყოფოში მოხვდნენ, საიდანაც უკვე გამოწერეს.
მომხდარს ლონდონის მერი სადიქ ხანი (Sadiq Khan) გამოეხმაურა და „საძაგელი, ქალთმოძულე თავდასხმა უწოდა“.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება, მიმდინარეობს ვიდეოჩანაწერის შესწავლა და ინციდენტთან დაკავშირებული სხვა პირების გამოვლენა.
კომენტარები