საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კვიპროსული მხარის შეტყობინების თანახმად, ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი განკარგულებით, კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარა.
შედეგად, კვიპროსი გახდა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მე-13 ქვეყანა, რომელმაც საქართველოსთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში უკვე შეიყვანეს შემდეგმა ქვეყნებმა: ავსტრიამ, ბელგიამ, ბულგარეთმა, დანიამ, ესტონეთმა, ირლანდიამ, ისლანდიამ, ლუქსემბურგმა, ლიხტენშტაინმა, ნიდერლანდებმა, საფრანგეთმა და ჩეხეთმა.
„უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების ოფიციალური სია მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის წევრ 20 სახელმწიფოს აქვს. კვიპროსის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული სტანდარტებით, ისევე როგორც ზოგადი პოლიტიკური გარემოსა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, მიიჩნევა ქვეყანად, სადაც ადგილი არ აქვს მოქალაქეების შევიწროებას და ადამიანები დაცულნი არიან ყველა სახის შესაძლო დევნისაგან“, – განმარტავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, კვიპროსის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შედეგად საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ვადას საგრძნობლად შეამცირებს.
წყარო: tabula.ge
მსგავს თემაზე: საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების პლუს-მინუსები ემიგრანტებისა და ტურისტებისათვის
კომენტარები