ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

დავით წოწორია: „არ მინდა, უცხო მიწაზე სამუდამოდ დავრჩე და გამიუცხოვდეს სამშობლო“

„ზოგჯერ ბაღში მეძინა, ზოგჯერ ხიდის ქვეშ, მაგრამ ხელი არასოდეს არაფერზე წამცდენია, რამე რომ მომეპარა: ხან ქართული ეკლესია მეხმარებოდა, ხან კიდევ საკვების ფულს ახლობლები მიგზავნიდნენ, საბოლოო ჯამში მოვაღწიე აქამდე“, – ამბობს NOSTAL.GE-სთან ინტერვიუში ღირსების ორდენის მფლობელი დავით წოწორია, რომელიც ექვსი თვეა, რაც ემიგრანტია.

აფხაზეთიდან დევნილ 30 წლის ახალგაზრდა კაცს ავსტრიამ რამდენიმე თვის წინ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა, თუმცა იტალიაში, კატანიაში (სიცილია) ცხოვრობს და მუშაობაც იქ დაიწყო. თუ რა გზა გაიარა დავითმა დღემდე, როგორ შემოიარა ლამის მთელი ევროპა ფეხით და როგორ ცხოვრობს დღეს, ამას უკვე ინტერვიუდან შევიტყობთ.

დავით, მოდით, საუბარი დღევანდელი მდგომარეობით დავიწყოთ: როგორც ვიცი, მოხუცთან მუშაობთ მომვლელად და თან შეთავსებით ახალი სამსახურიც იშოვეთ…

დიახ, 80 წლის კაცთან ვმუშაობ მომვლელად. ახალი სამსახურიც მაქვს პარალელურად, როგორც იქნა საბუთების საკითხი მოვაგვარე და საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა, დამხმარე პერსონალი ვარ…

არ გიჭირთ?

მიჭირს, მაგრამ… საავადმყოფოში ყოველდღე არ ვმუშაობ, მოხუცთანაც საღამოს მივდივარ და ღამე ვრჩები, მარტო ვერ ტოვებენ. სხვადასხვანაირი განრიგი მაქვს. დღეს, მაგალითად, ვისვენებ.

იტალიური ცოტა მაინც იცოდით, რომ ჩახვედით?

არა, ახლა ვსწავლობ, ინგლისური და ესპანური ვიცი, იტალიური ესპანურთან ახლოსაა და ეს მეხმარება.

როგორ მოხვედით აქამდე? მოგვიყევით თქვენ შესახებ – საიდან ხართ, რა პროფესიის, რატომ გადაწყვიტეთ უცხოეთში წასვლა და ა. შ.

სოხუმელი ვარ, აფხაზეთიდან დევნილი. აფხაზეთის ომის შემდეგ თბილისში ვცხოვრობდი. პროფესიით თეოლოგი ვარ – სასულიერო აკადემია და სემინარია მაქვს დამთავრებული, კერძოდ, ფსიქოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის განხრით. იტალიაში წამოსვლას არ ვაპირებდი, რადგან საქართველოში ყოფნის დროს წერილი მომივიდა ავსტრიიდან, რომ ჩემი მოთხოვნა განხილულია და ავსტრიაში უნდა წავსულიყავი.

რას ითხოვდით?

პოლიტიკურ თავშესაფარს და ლტოლვილის სტატუსი დამიმტკიცდა. 2019 წლის მონაცემებით, არ აძლევენ საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ თავშესაფარს, მარტო 3 ადამიანს დაგვიმტკიცდა პოლიტიკური თავშესაფარი. ახლა მაქვს ევროპაში დარჩენის უფლება. 5-6 წლის განმავლობაში არ შემიძლია, რომ დავტოვო ევროკავშირის ტერიტორია, ამის შემდეგ კი განიხილავენ, შემეძლება თუ არა საქართველოს მოსანახულებლად წამოსვლა.

რა იმედით დატოვეთ საქართველო და როგორ ფიქრობთ, სწორად მოიქეცით?

ერთადერთი ბერკეტი გამოვიყენე იმ მომენტისთვის, რადგან სხვა გზა არ მქონდა. ვა ბანკზე წავედი, არ ვიცოდი, გამიმართლებდა თუ არა და ასეც რომ არ მომხდარიყო – ავსტრიიდან დადებითი პასუხი არ მომსვლოდა, მე მაინც ვაპირებდი სამუშაოდ წამოსვლას უცხოეთში – დედას არ გამოვუშვებდი.

ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ მამაკაცებს ნაკლებად აქვთ უცხოეთში სამსახური – სამუშაო რომ ვერ გეშოვნათ?

მერჩივნა მე წამოვსულიყავი, ახალგაზრდა ვარ და მუშაობა არ გამიჭირდებოდა, რაღაცას მოვახერხებდი. სხვათა შორის, საქართველოდან ფეხით წამოვედი იტალიამდე. თურქეთიდან შემოვედი და ლამის მთელი ევროპა ფეხით მოვიარე: ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, პოლონეთი, ავსტრია, გერმანია, ბელგია, საფრანგეთი და იტალიაში ვაპირებ თავის დამკვიდრებას.

ბერლინში

სოციალურ ქსელში ვნახე ფოტოები, რომლებიც ხან პარიზში, ეიფელის კოშკთან გაქვთ გადაღებული, ხან ბერლინში, ხან სად და ხან სად და, სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა… სამსახური ვერ იშოვეთ ვერსად, ადაპტირებას ვერ ახერხებდით თუ მოგზაურობა გიყვართ?

მოგზაურობა მიყვარს ძალიან და დიახ, სულ ფეხით გავიარე ეს გზა. ზოგჯერ ბაღში მეძინა, ზოგჯერ ხიდის ქვეშ, მაგრამ ხელი არასოდეს არაფერზე წამცდენია, რამე რომ მომეპარა: ხან ქართული ეკლესია მეხმარებოდა, ხან კიდევ საკვების ფულს მიგზავნიდნენ ახლობლები, საბოლოო ჯამში მოვაღწიე აქამდე.

იფიქრებდით, რომ ასეთ გზას გაივლიდით? რა არის ემიგრანტობა თქვენთვის?

ემიგრანტობა ჩემთვის ცხოვრების ნულიდან დაწყებაა, დათმობაა ყველაფერი ძვირფასის, რაც სამშობლოში გამაჩნდა.

როგორ ფიქრობთ, უპირველესი პრობლემა რა არის ემიგრანტისთვის, ქალი იქნება ის თუ მამაკაცი?

სამშობლოს მონატრება… ყოველ ღამე ვფიქრობ ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე, მენატრება ჩემი სახლი… ეს ძალიან ძნელია. ემიგრანტები, რომლებიც აქ მუშაობენ, გმირები არიან. 20 წლის ქართველ გოგონას ვიცნობ, რომელიც მოხუცს უვლის. რასაც ის აკეთებს, გმირობის ტოლფასია და საამაყო, პირველ რიგში, მისი მშობლებისთვის.

ოცი წლის გოგონა ახსენეთ და საინტერესოა, რა აღმოაჩინეთ უცხოეთში ისეთი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ახალგაზრდა თაობამ, ქართველმა ახალგაზრდობამ? 

ნამდვილად არის რაღაც-რაღაცები, რაც ქართველმა ახალგაზრდობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს: არ უნდა წასძლიოს (წაგვძლიოს) სულმა და არაფერი არ უნდა დააშავოს, რადგან გარკვეული მიზეზების გამო ისედაც ცუდი თვალით გვიყურებენ, შრომას კი ყველა ასპექტში პატივს სცემენ.

რამდენი ხანია, რაც უცხოეთში ხართ?

უკვე ექვსი თვეა…

ავსტრიაში რატომ არ დარჩით?

იმიტომ, რომ ლტოლვილების დახმარება დაბალი იყო – კვირაში 80 ევრო.

თქვენი მიზანი რა არის?

ჩემი მიზანია, რომ ჩემი ოჯახი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი და ბედნიერი.

თქვენი სამომავლო გეგმები მშობლიურ ქვეყანას უკავშირდება?

ჯერჯერობით არანაირად არ უკავშირდება… სამწუხაროდ, მარტო ტკივილი დამიტოვა საქართველომ.

არადა საქართველოში ღირსების ორდენით ხართ დაჯილდოებული… რას ამბობენ უცხოეთში, როცა იგებენ, რომ იქ სამუშაოდ ხართ ჩასული?

ყველას უკვირს, რომ მშობლიურ ქვეყანაში უმუშევარი ვიყავი და სამშობლოდან შორს ბადანტედ (იტ. მომვლელი) ვმუშაობ. ეს სათაკილო არაა, მაგრამ გული მწყდება ძალიან.

ცნობისთვის: 2008 წელს სოხუმში, შენობაზე, სადაც წლებით ადრე ეროვნული გმირი ჟიული შარტავა აწამეს, 19 წლის დათო წოწორიამ საქართველოს დროშა აღმართა. მაშინ მოახერხა გამოსვლა, მაგრამ მეორედ რომ შევიდა სოხუმში ქართული სასაფლაოდან აფხაზური დროშის მოსაშორებლად, დაიჭირეს და 14 დღე პატიმრობაში იმყოფებოდა. შემდეგ ქართული მხარის მცდელობისა და გაეროს მხარდაჭერის შედეგად გათავისუფლდა და მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

დავით, როგორ ფიქრობთ, გარემო პირობები ცვლის ადამიანს?

აუცილებლად ცვლის. ყველაზე პრაქტიკულ მაგალითს გეტყვით, სავლე როგორ გახდა პავლე და ქრისტეს გზას შეუდგა. გარემო, რომელიც ჯანსაღია, სულს კვებავს ჯანსაღი ვიტამინებით. რა თქმა უნდა, გარემო ცვლის ადამიანებს, მეც ძირფესვიანად შემცვალა, ამ გზამ დამაახლოვა უფალთან და დიდი დრო დამითმო ჩემს თავთან სასაუბროდ.

პროფესიამ არ დაგაახლოვათ უფალთან?

ყოველთვის მაინტერესებდა თეოლოგია და, რა თქმა უნდა, რაღაც დოზით ამანაც იმოქმედა ჩემს შეხედულებასა და აზროვნებაზე უფლის მიმართ. თუმცა გზამ, რომელიც მე გავიარე, განაპირობა ჩემი შეცვლა ძირფესვიანად, უფრო საფუძვლიანად შევხედე გარემოს და მაქსიმალურად შევზღუდე ჩემი შინაგანი სიამოვნებები. უფალი ჩემი თანამგზავრი იყო და არის ამ გზაზე.

რა გაღელვებთ ყველაზე მეტად „ამ გზაზე“?

არ მინდა, უცხო მიწაზე სამუდამოდ დავრჩე და გამიუცხოვდეს სამშობლო.

საერთოდ, ემიგრანტებმა რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება?

არ გამოეპაროთ სახლში დაბრუნების წლები, რადგან წლები ოქროს ქვიშასავით გაიფანტება და უკან ვერ დააბრუნებ.

ცხოვრება რისთვის ღირს?

სიყვარულისთვის, მარტო სიყვარულისთვის…

გყავთ შეყვარებული, თუ უცხო ქვეყანაში ეძებთ საცოლეს?

ახლა არც შეყვარებული მყავს და არც საცოლეს ვეძებ უცხოეთში. თუმცა შეყვარებული მყავდა, 6 წელი ერთად ვიყავით და დავშორდით. სამწუხაროდ, ამანაც იმოქმედა და დავტოვე საქართველო.

მოდით, დაასრულეთ ფრაზა: მე შევძლებ…

მე შევძლებ, დაუმტკიცო ჩემს თავს, რომ შეუძლებელი არაფერია…

თქვენ რას დაუმატებდით?

დიდი სიყვარული ვიგრძენი ევროპელი ხალხისგან, ახლა რომ ვიხსენებ, მეცინება, მაშინ კი ღმერთს ვევედრებოდი, მალე გავეყვანე სინათლეზე. ბულგარეთიდან რუმინეთში მივდიოდი და გზაში დამიღამდა. გარშემო შუქი არ იყო, მანქანებიც კი არ დადიოდნენ. მთელი გზა გავიარე შიშით და ლოცვაში, ადგილამდე რომ მიმეღწია. უფლის ნებით ყველაფერი კარგად დამთავრდა. საერთოდ, უფლის ნებით ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია ადამიანმა გულის კარი გაუღოს.

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close