საბერძნეთის სამეცნიერო წრეებში არსებული ანტიქართული „ვირუსის“ შესახებ
13 და 14 მაისს (2019 წ.) პირეოსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თურქული და ევრაზიული კვლევების ლაბორატორიამ საინტერესო სამეცნიერო კონფერენცია ჩაატარა, რომლის თემა იყო: „სტრატეგია და ენერგორესურსები. ინტერესთა შეჯახება და დამთხვევა ევრაზიაში“. კონფერენცია მრავალფეროვანი და საინტერესო გამოდგა. მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც ცნობილმა ბერძენმა პროფესორებმა, ისე სტუდენტებმა.
მიუხედავად იმისა, რომ კონფერენცია, თავისთავად, მართლაც მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა (მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებულს), ჩემი ყურადღება ერთი მომხსენებლის გამოსვლამ მიიპყრო. მაკედონიის უნივერსიტეტის (თესალონიკი) ლექტორმა სტილიანოს სოტირიუმ წარადგინა მოხსენება თემაზე: „გაყინული კონფლიქტები“ შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში და ევროპის ენერგოუსაფრთხოება“.
მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე. სამწუხაროდ, არცთუ უნიჭო მეცნიერის გამოსვლა მთლიანად ანტიქართული სულისკვეთებით იყო გამსჭვალული. მან საქართველოში არსებულ კონფლიქტებში მთლიანად „ქართული ნაციონალიზმი“ დაადანაშაულა.
ბატონი სოტირიუს აზრით, ქართველები აფხაზებისა და ოსების გაქართველების პოლიტიკას ეწეოდნენ. ამავე დროს, მისი თქმით, აფხაზების მხოლოდ 1.4 პროცენტი საუბრობს ქართულად. ბერძენი მეცნიერის მტკიცებით, 1931 წელს აფხაზეთი ძალით შეიყვანეს საქართველოს შემადგენლობაში, ოკუპირებულ ქართულ რეგიონებში მდგომი რუსული ჯარი კი მან სამშვიდობო ძალად მოიხსენია.
იგი, ამავე დროს, შეეხო აჭარის ავტონომიის საკითხს და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ „მოახერხა“ კონფლიქტის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტა. გამოსვლაში ფაქტების დამახინჯების გარდა საკმაოდ იყო ფაქტობრივი შეცდომებიც. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთი“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენიდან 197 კმ-ით არის დაშორებული, ხოლო აფხაზეთი – 35 კმ-ით.
ყველაზე საინტერესო ამბავი გამოსვლის დასრულების შემდეგ, კითხვა-პასუხის დროს მოხდა. ბატონ სოტირიუს ავუხსენი, რომ შეუძლებელია საქართველოს აფხაზების ძალით „გაქართველების“ პოლიტიკა ეწარმოებინა და, ამავე დროს, მათი მხოლოდ 1.4 პროცენტი საუბრობდეს ქართულად. კონფლიქტის წარმოშობაში „ქართული ნაციონალიზმის“ დადანაშაულება კი იგივე იყო, მე რომ „ბერძნული ნაციონალიზმი“ დამედანაშაულებინა 1974 წელს კვიპროსის რესპუბლიკაში ბერძნულენოვან უმრავლესობასა და თურქულენოვან უმცირესობას შორის დაწყებულ სისხლიან დაპირისპირებაში, ხოლო კუნძულზე შეჭრილი თურქეთის არმია მშვიდობისმყოფელ ძალად გამომეცხადებინა. ბოლოს ვურჩიე, რუკისთვის კარგად დაეხედა, რათა გაეგო, სად მდებარეობს „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი და რა მანძილით არის დაცილებული ეს რეგიონები ნავთობსადენიდან. იქვე აღვნიშნე, რომ აჭარაში არავითარი სეპარატიზმი არ არსებობდა, ხოლო ცენტრალურსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დაძაბულობას რეგიონში რუსული სამხედრო ბაზის არსებობა განაპირობებდა. რუსული ჯარი გავიდა და პრობლემებიც გაქრა. სადაც რუსული ჯარი დარჩა, იქ პრობლემები დღემდე არსებობს.
რამდენადაც მომხსენებელს საპასუხოდ საკმარისი არგუმენტები არ აღმოაჩნდა, მან აფხაზი სეპარატისტების პროპაგანდისტული დებულებები გაიმეორა. კერძოდ, ამტკიცებდა, რომ ლავრენტი ბერია ქართველი ნაციონალისტი იყო და აფხაზებს ავიწროებდა. მას შემდეგ, რაც ვუთხარი, რომ ქართველი ნაციონალისტი საბჭოთა ინტერნაციონალური სახელმწიფოს უშიშროების სათავეში ვერ მოხვდებოდა, ხოლო საქართველო იმ პერიოდში დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ წარმოადგენდა და, შესაბამისად, საკუთარ ავტონომიურ პოლიტიკას ვერ აწარმოებდა, სხდომის თავმჯდომარემ დისკუსიის შეწყვეტა მოითხოვა.
რატომ მოგიყევით ეს ისტორია? ზემოთ აღწერილი ამბავი ერთი ცალკეული შემთხვევა არაა. სამწუხაროდ, ბერძნულ სამეცნიერო წრეებში რუსოფილური განწყობა საკმაოდ ფესვგამდგარია, შესაბამისად, ანტიქართული და ანტიუკრაინული შეხედულებები ინტენსიურად ცირკულირებს. ეს, თავის მხრივ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბერძენ პოლიტიკოსებზე, რომლებიც, განსხვავებით ჩვენი პოლიტიკოსებისგან, ყურადღებით უსმენენ პოლიტიკის საკითხების მკვლევარ ბერძენ მეცნიერებს. მართალია, საქართველოს სახელმწიფოს რესურსები ფრიად შეზღუდულია და ქართულ ემიგრაციასაც სხვა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ეს პრობლება ყველა ჩვენგანის უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს.
გიორგი ჯანელიძე
ისტორიკოსი
დაგაინტერესებთ: გიორგოს კარაძაფერისი: „ბერძნები, სხვა ემიგრანტებთან შედარებით, ყველაზე საშიშად ქართველებს თვლიან!“
ოპერაცია „ოქროს საწმისი“ – ნაკლებად ცნობილი ისტორიის ქრონიკა
კომენტარები