გიორგოს კარაძაფერისი: „ბერძნები, სხვა ემიგრანტებთან შედარებით, ყველაზე საშიშად ქართველებს თვლიან!“
გიორგოს კარაძაფერისი ბერძნული პოლიტიკის ვეტერანია. იგი რამდენჯერმე გახდა საბერძნეთის პარლამენტის წევრი, რომლის საქმიანობაშიც აქტიურად მონაწილეობდა. პროფესიით ჟურნალისტი კარაძაფერისი მემარჯვენე პოლიტიკურ ფრთას მიეკუთვნება და მკვეთრი განცხადებებით გამოირჩევა. ცხადია, მისი შეხედულებები ჩვენთვის ყოველთვის მისაღები ვერ იქნება, მაგრამ რამდენადაც კარაძაფერისი, ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, საკმაოდ გულახდილი პიროვნებაა, მისი მოსაზრებების გაცნობა საინტერესო უნდა იყოს ქართველი მკითხველისთვის.
ამ რამდენიმე ხნის წინ გაზეთმა „ვერსიამ“ დაბეჭდა ვრცელი ინტერვიუ გიორგოს კარაძაფერისთან. რედაქციის თავაზიანი ნებართვით, დღეს ამ ინტერვიუს ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ.
გიორგოს კარაძაფერისი 30 წელია პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობს. პარტია „ნეა დემოკრატიას“ წევრმა მოგვიანებით პოლიტიკური პარტია „სახალხო მართლმადიდებლური ერთობა“ დააარსა და ამჟამად მისი ლიდერია. იგი ასევე იყო საბერძნეთის პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრი. ბატონი გიორგო პოლიტიკურ წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, ამავე დროს, წარმატებული ბიზნესმენი და გამოცდილი ჟურნალისტია. იგი ფლობს საკუთარ ტელევიზიას, ახალგაზრდობაში კი სპორტითაც იყო გატაცებული – მკლავჭიდელი გახლდათ. ერთ-ერთ შეჯიბრში მისი მოწინააღმდეგე არნოლდ შვარცენეგერი იყო, რომელთან ორთაბრძოლაც ფრედ დაასრულა. გიორგოს კარაძაფერისი „ვერსიას“ ინტერვიუზე დათანხმდა და ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
ბატონო გიორგოს, მადლობას გიხდით ექსკლუზიური ინტერვიუსთვის და იქნებ შეაფასოთ – თქვენი აზრით, რამ გამოიწვია კრიზისი საბერძნეთში?
უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის სასიამოვნოა ურთიერთობა იმ ერთან, რომელსაც უძველესი ისტორია და კულტურა აქვს. 3500 წლის წინ, არგონავტების მოგზაურობის დროს, მოხდა ჩვენი ერების შეხვედრა. როგორც თქვენ, აგრეთვე, ბერძნებსაც უნიკალური და გამორჩეული ისტორია გვაქვს, რითაც ვერ დაიკვეხნიან უდიდესი ქვეყნები… ბერძნები თავისი ისტორიის განმავლობაში ორჯერ იყვნენ მსოფლიო მმართველები – პირველად ალექსანდრე მაკედონელის დროს და მეორედ 1000 წლის შემდეგ. ჩვენ ვასწავლეთ მსოფლიოს ოლიმპიური თამაშები, ფილოსოფია, უძველესი თეატრი…. და, სამწუხაროდ, ასეთი ისტორიისა და კულტურის მატარებელი ერი დღეს უპრეცედენტო კრიზისშია.
კრიზისი იყო ხელოვნურად ორგანიზებული ბოროტი მიზნებისთვის, რადგან ზოგიერთებს მიზნად ჰქონდათ დაეტაცებინათ ქვეყნის სიმდიდრე. ჩემი ქვეყანა უდიდეს ვალებში ჩავარდა, ევროპის უზარმაზარი ფულადი სესხი დაედო და ეს ისე მარტივად მოხდა, რომ დიდ ეჭვს ბადებს – უდიდესი თანხები გაიცა იმ კომუნისტური პროფკავშირების გადამეტებული მოთხოვნების გამო, რომლებიც რეალურად მართავდნენ ქვეყანას ბოლო 50 წლის განმავლობაში. ფინანსდებოდა შანტაჟი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ცოტა ქვეყანაში თუ მოიძებნება ისეთი მაღალი ანაზღაურება, როგორიც საბერძნეთში იყო, გამორჩეულად დიდ ხელფასებს უხდიდნენ თავიანთ თანამშრომლებს. უდიდესი გადახარჯვები, ზედმეტი მოხმარება – ამან გამოიწვია საბერძნეთის ეკონომიკის ბაზის განადგურება, საბერძნეთის ეკონომიკის სტრუქტურის ჩამოშლა.
გამომუშავებული ფული უცხოური ბრენდების მეშვეობით გაედინებოდა ქვეყნიდან – 37 მილიარდი ევრო გავიდა საბერძნეთიდან მხოლოდ გერმანული მაღაზიების მეშვეობით, 10 მილიარდი ევრო – ემიგრანტების გზავნილებია თავიანთ ქვეყნებში. დღეს საბერძნეთის მოსახლეობის ყოველი მეხუთე ადამიანი არალეგალი ემიგრანტია, რომელთაგან 80% მუსლიმები არიან. ჩვენი ქვეყნის დაცემა გამოწვეულია იმით, რომ ყოველმა მმართველმა, რომელიც ხელისუფლებაში მოდის, იცის, რომ მისი გადარჩევა და, საერთოდ, არჩევნებიც ხალხის ნებაზე არ არის დამოკიდებული. ყველაფერი ევროპელ „უფროსებს“ ექვემდებარება. დღეს ჩემს ქვეყანას მართავს გერმანელი ქალბატონი მერკელი და არა ბერძენი პრემიერ-მინისტრი.
რას ფიქრობთ, როგორი ევროპა იქნება უკეთესი და ცივილიზებული – ევროპა სახელმწიფოების, ევროპა ეროვნული თუ ევროპა ბანკების?
რა თქმა უნდა, ევროპა ეროვნული – ურთიერთპატივისცემის, ეროვნული ღირებულებების, ისტორიის, ტრადიციებისა და რელიგიის. სამწუხაროდ, დღეს სიტყვა „ერი“ აკრძალული კონცეფციაა, გლობალიზაციამ და ახალმა კლასმა გააძევა, აკრძალა ერის ცნობიერება, მენტალიტეტი. ყველა ერი მოხვედრილია ერთ დიდ ხორცსაკეპ მანქანაში. დღეს, გლობალიზაციის პირობებში, მსოფლიო მჩაგვრელებს აინტერესებთ მხოლოდ ბანკები, რომელთაგან ზოგს მართავენ პირდაპირ, ზოგს კი სხვათა მეშვეობით აკონტროლებენ. შეგვიძლია ამ დახასიათებას დავამატოთ ფორმულირება – „ევროპელ ხალხთა კულტურა“ – ეს ხომ საინტერესოა საბერძნეთისთვისაც და საქართველოსთვისაც, რადგან ევროპის ორ, უძველესი კულტურის მქონე ქვეყანას, მთელი ისტორიის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთთანამშრომლობა. მხოლოდ ამის გააზრებაც კი საკმარისია, რომ თქვენი ქვეყანა გახდეს სამიზნე. თქვენი უძველესი, ფანტასტიკური კულტურა, თქვენი ეს უპირატესობა იმაზე მეტად აწუხებს მათ, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ტევტონები, გალები, ვიკინგები… როდესაც თქვენ და ჩვენ კულტურის ძეგლებს ვქმნიდით, ევროპის სხვა ერების წარმომადგენლები ჯერ კიდევ პრიმიტიულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ამიტომაც არ აძლებთ ხელს მათ ჩვენი ორი ერის ისტორიული მიღწევებისა და წარმატებების აღიარება, შურთ… გაფრთხილდით, რომ არ ჩაუვარდეთ ხელში!
ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საბერძნეთთან ურთიერთობები. როგორ მიგაჩნიათ, რა გზით შეიძლება საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობების განმტკიცება და უფრო მჭიდრო თანამშრომლობა თუნდაც კულტურის სფეროში?
კულტურის სფეროში ურთიერთობები იდეების სერიოზული საძიებო სისტემაა. ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ ბერძენი და ქართველი კლასიკოსების თეატრალური წარმოდგენების რაოდენობა. შეიძლება ერთობლივად დაფინანსდეს „არგონავტების მოგზაურობის“ კინოგადაღება. აგრეთვე, რელიგიური და არქეოლოგიური რელიკვიების გამოფენების მოწყობა და ორ ქვეყანას შორის მრავალი კულტურულ-ისტორიული სამეცნიერო კვლევის ორგანიზება.
მხარს დაუჭერდით ბერძნული უნივერსიტეტების ფილიალების გახსნის იდეას საქართველოში, ბერძნულ, ინგლისურ ან ქართულ ენებზე საბერძნეთის ან სხვა ქვეყნების სტუდენტებისთვის?
ეს შესანიშნავი იდეაა, რათა განვითარდეს, გაძლიერდეს ჩვენი ურთიერთობები. საბერძნეთში გვყავს არაჩვეულებრივი ელჩი საქართველოდან, ბატონი იოსებ ნანობაშვილი, მე მჯერა, რომ მისი სიყვარული საქართველოსადმი ამ იდეების რეალიზაციის სტიმული იქნება.
ფიქრობთ, რომ საბერძნეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა შეიძლება გაძლიერდეს დიპლომატიურ და პოლიტიკურ სფეროებში, ჩვენ ხომ გვაქვს საერთოეროვნული საფრთხე – უცხო ქვეყნის მიერ ჩვენი ტერიტორიების მისაკუთრებისა?
ჩვენ გვაქვს საბერძნეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობების გაძლიერების დიდი შესაძლებლობები. ზოგადად, იმედი მაქვს, რომ თქვენი როლი კუბის როლის საპირისპიროა: პატარა სახელმწიფო, რომელიც აწუხებს დიდ სამხედრო ძალას – ამერიკა-კუბა / რუსეთი-საქართველო. თქვენ ძალიან ახლოს ხართ თქვენს გიგანტურ მეზობელთან და არ შეგიძლიათ გათავისუფლდეთ მისგან. ჩანს, რომ გზებს ეძებთ… რამდენადაც უნდა აჩვენოთ თქვენი ევროპული უფლებები, გიგანტის ჩრდილი ყოველთვის დაეცემა თქვენზე. თასმა ყოველთვის იქნება გაჭიმული და თქვენ ყოველთვის გექნებათ სანერვიულო… თუ გულისხმობთ წრის შექმნას თქვენი შემაწუხებელი მეზობლის გარშემო, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად ორი ერის გამო და არ დავაწყოთ გეგმები საჯაროდ. საბერძნეთში არსებობს გამოთქმა: „პოლიტიკაში არის საქმე, რაც ითქმის და გაკეთდება, მაგრამ არსებობს საქმეები, რაც კეთდება და არ ითქმის“.
როგორც ცნობილია, საბერძნეთის ეკონომიკის დიდი ნაწილი ტურიზმს ეფუძნება. ფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა შეიძლება შეთანხმდეს სამთავრობო დონეზე?
საბერძნეთი ეკონომიკური კრიზისის პირობებშია და მთავრობას არ შეუძლია კრედიტის გაცემა ორ ქვეყანას შორის ტურისტული ურთიერთობის განვითარებისთვის. თემატური ტურიზმი, განსაკუთრებით რელიგიური, არქეოლოგიური, ეკოლოგიური და ა. შ. – ეს ძალიან კარგი იდეაა და შეიძლება მარტივად განხორციელდეს. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში ორივე მხარე გაძლიერდება.
საქართველოში უცხოელი ინვესტორისთვის საგადასახადო–ეკონომიკური კლიმატი ძალიან ხელსაყრელია. ხომ არ იფიქრებდით ინიციატივაზე, რომ ბერძენ ბიზნესმენებს ინვესტიციები ჩაედოთ საქართველოში და არა იმ ქვეყნებში, რომლებიც საბერძნეთს პრობლემებს უქმნიან?
სავსებით სწორია, რასაც ამბობთ. ძირითადად, ჩვენ უნდა შევქმნათ სწორი კლიმატი ბერძენი ინვესტორებისთვის, რომ პრიორიტეტი მიანიჭონ თქვენს ქვეყანას და ინვესტიციები თქვენთან განახორციელონ. თქვენ გჭირდებათ საბერძნეთში კომერციულ-ეკონომიკური ორგანიზაცია, მათი ხელშეწყობა და რეკლამა, ასევე, რა თქმა უნდა, თქვენი ქვეყნის მხრიდან აქტიური მონაწილეობა სხვადასხვა თემატურ გამოფენაში (სამეურნეო გამოფენები, ტექნოლოგია, ტურიზმი და ა. შ.). პარალელურად, ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ ეკონომიკის სხვა სფეროებიც. მაგალითად, საბერძნეთისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა შავი ზღვის ერთ-ერთი პორტი, ისევე როგორც საქართველოსთვის საინტერესოა ხმელთაშუა ზღვის პორტი. იდეები არსებობს – მთავარია, განხორციელების განწყობა გვქონდეს.
როგორ აფასებთ საქართველოს მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროკავშირში და მხარს დაუჭერდით თუ არა მას?
ამ შემთხვევაში, თქვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, სხვას ვერაფერს შეძლებთ – ევროკავშირში გაწევრიანება ერთადერთი გზაა, მაგრამ უნდა იცოდეთ, ეს გზა ძალიან რთულია და მასზე არსებული ორმოები სავსეა ქვეწარმავლებითა და მორიელებით.
როგორ ფიქრობთ, ბატონო კარაძაფერის, რა ფინანსური და ადმინისტრაციული რისკები შეიძლება ჰქონდეს პატარა ქვეყანას, როდესაც ის ევროკავშირის შემადგენლობაში შედის. რა არის ის უარყოფითი ევროკავშირის ადმინისტრაციულ სექტორში, რაც ძლიერი ქვეყნების მიერ არის დაკანონებული და რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ?
მე ვახსენე გველები და მორიელები. რაც ვთქვი, სრული ჭეშმარიტება და სიმართლეა. თქვენი ქვეყანა ევროკავშირში შევა დიპლომატიური მიზეზების გამო. მნიშვნელოვანია, ევროპელებმა დადებითად გადაწყვიტონ თქვენი მიღება ევროკავშირში. თქვენ არასოდეს გეცოდინებათ, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს და ვინ სთავაზობს ევროპარლამენტს კანონებს. ნელ-ნელა დაკარგავთ ეროვნულ დომინირებას და ვეღარ მართავთ თქვენს ქვეყანას. თქვენ ვერ გაატარებთ თქვენს ინტერესებს… მათი ხალხი მოძრაობს ზომბირებულად, ისინი მართავენ ბანკებს, სახელმწიფო დოვლათსა და მედიასაშუალებებს. არ გადავაჭარბებ, თუ გეტყვით, რომ სიტუაცია უფრო რთული იქნება, ვიდრე კომუნისტური 1990-იანი წლების დროს. უფროსი თაობის ქართველები გაიგებენ, რას ნიშნავს ეს.
თავად თუ ხართ ნამყოფი საქართველოში?
არა, სამწუხაროდ, მაგრამ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი მეგობრების მონაყოლიდან საკმაოდ ბევრი რამ ვიცი საქართველოზე. აქაც არის დიდი რისკი, რადგან ზოგიერთი თქვენი თანამემამულე დანაშაულებრივი საქმით არის დაკავებული: მკვლელობა, ქურდობა, ყაჩაღობა… ამას ისეთი მასშტაბური ხასიათი აქვს, რომ ბერძნები ყველაზე საშიშად ქართველებს თვლიან, სხვა ნებისმიერ ემიგრანტებთან შედარებით. ეს თქვენმა ხელისუფლებამაც იცის და სერიოზულ ძალისხმევას იჩენს, შეცვალოს ეს კატასტროფული მდგომარეობა. ჩემი სატელევიზიო არხიდან ყველაფერს ვაკეთებ ამ მიმართულებით – საცოდაობაა, როცა ზოგიერთი უგნურის გამო იცვლება შეხედულება, წარმოდგენა ორი ისტორიული ერის ურთიერთობაზე.
ესაუბრა ნინო ბაჯელიძე
კომენტარები