„აქ ვერასდროს იტყვი, ამაზე მეტი რა უნდა დამემართოსო“

ხანდახან არ ვიცი ხოლმე, უნდა მიყვარდეს თუ მძულდეს აქაურობა იმ ყველაფრისთვის, რაც განმაცდევინა და დღემდე ტემპს არ კარგავს.  …  ვისაც ნიუ-იორკში ცხოვრება გინდათ, იმაზე სერიოზულად მოეკიდეთ გადაწყვეტილებას, ვიდრე შეგიძლიათ, იმიტომ რომ მოგიწევთ გააკეთოთ შეუძლებელი და გაუძლოთ შეუძლებელს…“ – ურჩევს თაკო სალთხუციშვილი თანამემამულეებს, რომლებსაც ემიგრაციაში წასვლა სურთ…

თაკო, რამდენი ხანია, რაც ნიუ-იორკში ხართ და რა იყო გამგზავრების მიზეზი?

წელიწადი და რვა თვეა ნიუ-იორკში ვცხოვრობ. ამ ქვეყანაში ცხოვრებაზე კი არა, მოგზაურობაზეც არასდროს მიფიქრია, უბრალოდ, საქართველოდან რაღაც დროით მინდოდა წასვლა. ვიზა შემთხვევით ავიღე, მეგობარს შევყევი. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ საკუთარი თავისთვის განვითარების უფრო დიდი შანსი უნდა მიმეცა, შესაბამისად, კომფორტის ზონიდან სრულად გამოსვლა და ახალ, უცხო, დიდ და შესაძლებლობებით სავსე ქვეყანაში წამოსვლა გადავწყვიტე.

არ გაგიჭირდათ ახალ გარემოში თავის დამკვიდრება?

თუ გავითვალისწინებთ, რომ არავინ მყავდა ამ ქალაქში, ვინც ელემენტარულ რამეებში მაინც დამეხმარებოდა, რა თქმა უნდა, რთული იყო. ხშირად მწერენ ნაცნობები სოციალურ ქსელში, აინტერესებთ, როგორი „კარგია“ აქ ცხოვრება, ზოგსაც საერთოდ „გადაწყვეტილი აქვს“, რომ „მე რა მიჭირს, ამერიკაში ვარ“. მეცინება. წარმოდგენაც კი არ აქვთ, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული, ზოგადად, სხვა ქვეყანაში და, მით უმეტეს, ნიუ-იორკში ცხოვრება, სადაც ოფიციალურად რეგისტრირებული 9 მილიონი ემიგრანტია. რამდენადაც დიდი მიზნები გაქვს, იმდენად მეტ ადამიანს უნდა აჯობო ნებისყოფით და მონდომებით, სხვანაირად იმაზე უკან წახვალ, ვიდრე შენს ქვეყანაში იყავი.

როგორია თქვენი თვალით დანახული ნიუ-იორკი?

Other side of NYC…
ულამაზესად შენიღბული ქალაქი, თუმცა…
მარტოსული, შეშინებული, უმეტესად მაინც ინდიფერენტული, ზოგჯერ ნიჰილიზმში ჩავარდნილი, შესაბამისი ფერის, სველი ნაცრისფერი ამინდებით… ჩემნაირ სიტუაციებში არაერთხელ გავლილი მეგობრებით და პლასტმასის საკვებით სავსე ქალაქია ნიუ-იორკი.

It’s very personal but… პირველად ამ ქალაქში გავიარე იმ ზღვარზე, რომელსაც შეიძლება დავარქვათ ზღვარი სიგიჟესა და ნორმალურს შორის. ზუსტად ვიცოდი, რომ  ერთი პატარა ტკივილი და – აზრი აღარ ექნებოდა არაფერს, არც ცუდად და არც კარგად ყოფნას, იმიტომ რომ მე ვერცერთს გავიგებდი, მაშინ როცა, უბრალოდ, შეურაცხადი ვიქნებოდი… დღე არ გავა, მეტროში მინიმუმ ერთი „ტიკიანი“, ერთი აგრესიული და ერთიც ზედმეტად თბილი ტიპი არ ვნახო. ალბათ მათაც გაიარეს ოდესღაც ამ ქალაქში „სასიამოვნო“ ეტაპი, რომელსაც ფსიქიკამ ვერ გაუძლო. ამიტომ არის, რომ ჩემს მეგობრებს მაქსიმალურად მძიმე ნაწილებს ვუყვები და არა მხოლოდ მეგობრებს, ყველას, ვინც ჩამოსვლას აპირებს და მწერს, რჩევას მთხოვს.

ტურისტად ყველგან კარგია, მაგრამ ხანდახან არ ვიცი ხოლმე, უნდა მიყვარდეს თუ მძულდეს აქაურობა იმ ყველაფრისთვის, რაც განმაცდევინა და დღემდე ტემპს არ კარგავს…
აქ ვერასდროს იტყვი, ამაზე მეტი რა უნდა დამემართოსო, There’s always more and more… ვისაც ნიუ-იორკში ცხოვრება გინდათ, იმაზე სერიოზულად მოეკიდეთ გადაწყვეტილებას, ვიდრე შეგიძლიათ, იმიტომ რომ მოგიწევთ გააკეთოთ შეუძლებელი და გაუძლოთ შეუძლებელს…
პ. ს. ხედები იცოცხლე… ბევრი და ფერად-ფერადიც კი…

მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ.

ვმუშაობ ოქროს და ბრილიანტის ერთ-ერთ წამყვან კომპანია Avianne Jewelers-ში CEO-ს აღმასრულებელ თანაშემწედ. ყოველდღიურად ვხვდები მსოფლიო დონის ვარსკვლავებს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საყვარელ საქმეს ვაკეთებ, თუმცა ამ ეტაპზე საწუწუნოც არაფერი მაქვს.

რა არის თქვენი ინტერესის ობიექტი?

ძალიან ცნობისმოყვარე ვარ,  მაინტერესებს ყველაფერი – დაწყებული დედამიწით, დამთავრებული კოსმოსით. დღის განმავლობაში ვცდილობ მაქსიმალურად ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღო, სხვანაირად მგონია, რომ დრო დავკარგე და დღეც არაპროდუქტიული იყო.

რა პროფესიის ხართ და თქვენი პროფესიით თუ გიმუშავიათ?

პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, ილიას უნივერსიტეტი დავამთავრე. ფსიქოთერაპევტად არასდროს მიმუშავია, ადამიანის ფსიქიკასთან შეხებას ბაკალავრის დიპლომი არ ჰყოფნის, თუმცა პრაქტიკა გამივლია. ისე, ფსიქოლოგიის ცოდნას ვიყენებ ყველაფერში, რასაც ვეხები, ჟურნალისტიკა იქნება ეს, PR, მარკეტინგი თუ ხელფასის მომატებაზე საუბარი უფროსთან. 🙂

როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

აქტიური. ყველაზე ძვირფასი, რაც გამაჩნია, დროა, რომელსაც ვერაფრით დავიბრუნებ და ვერაფრით ავინაზღაურებ, ამიტომ ვცდილობ ყოველი დღე მაქსიმალურად დიდი იყოს ემოციურადაც და ფიზიკურადაც. სამუშაო დღეებში 8-ზე ვიღვიძებ, midtown-ში ვმუშაობ და გზაში დაახლობით 50 წუთი მჭირდება. 10-ისკენ ოფისში ვარ და 6-მდე ვმუშაობ. შუალედში ლანჩის სადმე ჭამის ნაცვლად ზამთარ-ზაფხულ ქუჩაში ვსეირნობ, ყოველ წუთს არსებობს შანსი, რაღაც ძალიან საინტერესოს გადავაწყდე, რაზეც მერე აუცილებლად დავწერ. სამსახურიდან როგორი დაღლილიც არ უნდა გამოვიდე, ჯერ ისევ გავისეირნებ, ცოტა ტვინს ,,გავანიავებ“, 🙂 ან რომელიმე მეგობარს ვნახულობ, ან ჩემს პროექტებზე ვაგრძელებ მუშაობას სახლში.

სამომავლო გეგმებს გაგვიმხელთ?

რამდენიმე პროექტზე ერთად ვმუშაობ. ერთ-ერთი და ჩემთვის ყველაზე ძვირფასია Tsameti.ge. საიტის იდეა ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში გამიჩნდა, როდესაც ვნახე, რამდენ ქართველს სჭირდება ნიუ-იორკის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია და ინგლისური არ იცის. აქ ყველა ეროვნების ადამიანს აქვს მსგავსი პლატფორმა, ჩვენ გარდა. ამ ეტაპზე მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე და მარტო ვაკეთებ, ამიტომ ცოტა დროშიც გაიწელა ეს ამბავი. მომავალში, იმედი მაქვს, გამოჩნდებიან დონორები და სპონსორობის მსურველი კომპანიები. გარდა ამისა, სწავლას ვაპირებ.

დაბოლოს, რას ეტყოდით საქართველოს და ჩვენ მკითხველს?

საქართველო მენატრება. თქვენს მკითხველს კი მეტ გამბედაობას და ნებისყოფას ვუსურვებ.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები