ქალმა 99 წელი იცოცხლა შინაგანი ორგანოების სარკისებური განლაგებით
ორეგონის შტატის მცხოვრებმა როუზ მერი ბენტლიმ (ROSE MATIE BENTLEY) 99 წლამდე იცოცხლა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კი საკუთარი სხეული მეცნიერებს უანდერძა გამოკვლევისთვის.
აშშ-ში ეს არც ისე იშვიათი მოვლენაა და ალბათ არავინ მიაქცევდა ყურადღებას, რომ არა ერთი უცნაური გარემოება: მოხუცი ქალი გასულ წელს გარდაიცვალა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სწორედ მაშინ აღმოაჩინეს, რომ როუზის შინაგანი ორგანოებიდან მხოლოდ გული მდებარეობდა ჩვეულ ადგილას, ყველა დანარჩენი ორგანო კი – კუჭი, ღვიძლი, ელენთა, ნაღვლის ბუშტი და სისხლძარღვებიც კი თითქოსდა სარკისებურად იყო განლაგებული.
ეს ძალზე იშვიათი მუტაციაა, სახელწოდებით „შინაგანი ორგანოების ტრანსპოზიცია“ (situs inversus). როუზ მერი ბენტლი ამჟამად ამ ანომალიის მქონე ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად ითვლება და მისმა პერსონამ საპატიო ადგილი დაიკავა სამედიცინო ლიტერატურასა და სახელმძღვანელოებში. ასისტენტ-პროფესორის, ქემერონ უოლკერის აზრით, მერი როუზ ბენტლის მსგავსი შემთხვევა შესაძლოა 50 მილიონში ერთი იყოს, აქედან გამომდინარე, 99 წლის ქალი ერთგვარი სამედიცინო უნიკუმი გახდა.
ტრანსპოზიცია საშუალოდ 22 000 ახალშობილიდან ერთს აქვს და, როგორც წესი, პროგნოზი არასაიმედოა, რადგან ისინი გულის თანდაყოლილი მძიმე დაავადებით იბადებიან. ამის გამო მათი მხოლოდ 5-13% ცოცხლობს 5 წელზე მეტხანს. როუზ მერიმდე შინაგანი ორგანოების სარკისებური განლაგების მქონე ადამიანთა შორის ყველაზე ხანდაზმულმა კაცმა 73 წლამდე მიაღწია.
ქემერონ უოლკერის თქმით, როუზი იშვიათი გამონაკლისი იყო – მას გულის პრობლემა არ ჰქონია და, მეცნიერის აზრით, სწორედ ამიტომ მიაღწია ასეთ ხანდაზმულ ასაკს. მან 5 შვილი გააჩინა და მხოლოდ ართროზი და გულძმარვა აწუხებდა. მისი ანომალიის შესახებ ადგილობრივმა ქირურგმა იცოდა, რომელმაც როუზს სკანირება ჩაუტარა, მაგრამ ეს ამბავი არავის გაუმხილა. თავად ქალი კი ისე გარდაიცვალა, რომ საკუთარი უნიკალურობის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა.
მოამზადა თამარ ქავჟარაძემ
თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ
მსგავს თემაზე: 102 წლის ბერძენის საოცარი ისტორია
კომენტარები