რეჟისორ მატეო გარონეს ფილმი „დოგმენი“ (DOGMAN, 2018) რეკორდსმენი გახდა – მან იტალიის მთავარი ეროვნული კინოპრემიის – „დავიდ დი დონატელოს“ (DAVID DI DONATELLO) ყველაზე მეტი ქანდაკება მოიპოვა. ამ ფილმის წარუმატებლობის მიუხედავად 2019 წლის „ოსკარზე“, ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“ (ის მოკლე სიაში, ე. წ. შორტლისტშიც ვერ მოხვდა), იტალიის ეროვნულმა კინოაკადემიამ „დოგმენი“ ყველაზე მეტ – 9 ნომინაციაში დაასახელა გამარჯვებულად.
კინოსურათი, რომელიც ძაღლების მაღაზიის მფლობელის რეალურ ისტორიაზე გვიამბობს – „პატარა ადამიანზე“, რომელიც სასოწარკვეთილებლამდე მიდის, რაც უკიდურესი სისასტიკის მიზეზი ხდება – 2018 წლის წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს, ჯილდო მიანიჭეს საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის, საუკეთესო სცენარისთვის, საუკეთესო მონტაჟისთვის, გარონე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა; პრიზის გარეშე დარჩა მხოლოდ მთავარი როლის შემსრულებელი მარჩელო ფონტე, რომელმაც ამ როლისთვის კანის ფესტივალზე მიიღო პრემია.
საუკეთესო მსახიობად აღიარეს ალესანდრო ბორგი სტეფანო კუკის რთული როლის შესრულებისთვის. ამბავი, რომელიც ფილმის სიუჟეტს დაედო საფუძვლად, და თავად პიროვნებაც, რეალურია: სტეფანო კუკი კარაბინერებმა მსუბუქი ნარკოტიკების მცირე რაოდენობის შენახვისთვის დააკავეს და ისე სცემეს, რომ ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. სწორედ ამ ისტორიაზე მოგვითხრობს ალესიო კრემონინის ფილმი „საკუთარ ტყავზე“ (Sulla mia pelle, 2018), რომელიც იტალიის ეროვნულმა კინოაკადემიამ საუკეთესო რეჟისორული დებიუტისთვის დააჯილდოვა. მანამდე კინოსურათმა ვენეციის კინოფესტივალზე გაიმარჯვა, მეორე კონკურსში – „ჰორიზონტები“.
საუკეთესო მსახიობი ქალი ელენა სოფია რიჩი გახდა, რომელმაც იტალიის ექსპრემიერ სილვიო ბერლუსკონის ყოფილი ცოლის, ვერონიკა ლარიოს როლი შეასრულა პაოლო სორენტინოს ფილმში „ლორო“ (Loro, 2018). კინოსურათში მოთხრობილია პოლიტიკოსის ცხოვრების იმ წლებზე, როდესაც იგი ხმაურიანი სექსუალური სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა.
იტალიელი რეჟისორი ნანი მორეტი – იტალიური პრემიის ნომინაციებში გამარჯვებების რეკორდსმენი, რომელსაც მთელი კარიერის მანძილზე 50-მდე „დავიდი“ აქვს მიღებული – არც ამჯერად დარჩა ჯილდოს გარეშე: პრიზით აღინიშნა მისი დოკუმენტური ფილმი „სანტიაგო იტალია“ (Santiago Italia).
სპეციალური საპატიო ჯილდო იტალიელმა მსახიობმა და რეჟისორმა რობერტო ბენინიმ გადასცა ოკეანისგაღმელ სტუმარს – ამერიკელ რეჟისორს და მულტიპლიკატორს ტიმ ბერტონს. მეორე სტუმარი, ჰოლივუდში მოღვაწე მექსიკელი რეჟისორი ალფონსო კუარონი, რომელიც, სხვათა შორის, დიდ დროს ატარებს იტალიაში, თავისი ბოლო ფილმისთვის დაჯილდოვდა – „რომა“ (Roma, 2018). იტალიურმა კინოაკადემიამ ის საუკეთესო უცხოურ ფილმად აღიარა. ამ ფილმს უკვე მიღებული აქვს „ოსკარი“ და „წმინდა მარკუსის ოქროს ლომი“.
ცერემონიის კიდევ ერთი საპატიო სტუმარი იყო მსახიობი უმა თურმანი.
„დავიდ დი დონატელოს“ დაჯილდოების 64-ე ცერემონია რომში 27 მარტს გაიმართა.
ნინო ბაჯელიძე
გამარჯვებულთა სრული სია შეგიძლიათ ნახოთ Accademia Del Cinema Italiano-ს საიტზე: https://www.daviddidonatello.it/vincitori/box-vincitori.php
კომენტარები