საბერძნეთის მთავრობა აღშფოთებულია თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიიფ ერდოღანის წინადადებით, აია სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდეს და მუზეუმის სტატუსი მოეხსნას.
„ეს არის არა მხოლოდ ქრისტიანული სამყაროს დიდი ტაძარი, არამედ მთელ კაცობრიობას ეკუთვნის. იუნესკომ ის ჩვენი გლობალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარა. შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც მის სტატუსს ეხება, არა მარტო ქრისტიანების გრძნობების, არამედ საერთაშორისო სამართლის შეურაცხყოფაცაა“, – განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგოს კატრუგალოსმა.
ბიზანტიის იმპერიის დროს, მე-6 საუკუნეში აშენებული აია სოფიას ტაძარი, როგორც ცნობილია, ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრად მოიაზრებოდა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აია სოფიას ტაძრის (რომელსაც ამჟამად მუზეუმის სტატუსი აქვს) უფასო მეჩეთად გადაკეთების საკითხზე კვირას, 24 მარტს თურქულ ტელევიზია TGRT-სთან ინტერვიუში ისაუბრა (ამჟამად აია სოფიას მუზეუმში ვიზიტი ტურისტებისთვის 60 თურქული ლირა ღირს).
„აია სოფიას მუზეუმის სტატუსი მეჩეთის სტატუსით უნდა შეიცვალოს. ყველა ტურისტი და მლოცველი უფასოდ შედის ლურჯ მეჩეთში (სულთან აჰმედის მეჩეთი), რომელიც მის მეზობლად მდებარეობს. მსგავსი მიდგომა შეიძლება აია სოფიასთან მიმართებაშიც გამოვიყენოთ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
„ცნობილია, რომ მეჩეთი 1935 წელს გადაკეთდა მუზეუმად, როგორც CHP-ს (სახალხო რესპუბლიკური პარტია – რედ.) მენტალიტეტის ანარეკლი. ჩვენ შეგვიძლია უკან გადავდგათ ნაბიჯი და შევცვალოთ ეს“, – დაასკვნა ერდოღანმა და სახალხო რესპუბლიკური პარტიის მკაცრ სეკულარისტულ მიდგომას გაუსვა ხაზი, რომელიც დღეს მისი მთავარი ოპოზიციაა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 31 მარტს ხელოვნების ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე, რომელიც სტამბოლში, წმინდა სოფიას ტაძარში გაიმართა, პრეზიდენტმა ერდოღანმა ყურანის ლოცვა წაიკითხა, რითაც ქრისტიანთა უკმაყოფილება გამოიწვია.
როგორც „ინდეპანდანტი“ წერდა, თურქი ლიდერის ქცევამ განსაკუთრებით აღაშფოთა საბერძნეთი, სადაც მოსახლეობის 98 პროცენტი ქრისტიანია.
ცნობისათვის:
აია სოფიას (Hagia Sophia, წმინდა სოფია) მსოფლიოს მერვე საოცრებას უწოდებენ. ბიზანტიური ხუროთმოძღვრების „ოქროს ხანის“ სიმბოლო 1985 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია.
ათას წელზე მეტხანს, რომის წმ. პეტრეს ტაძრის აგებამდე, აია სოფია ქრისტიანულ სამყაროში უდიდესი იყო (სიმაღლე – 55,6, გუმბათის დიამეტრი – 31 მ).
პირველი ტაძარი ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ 324-337 წლებში ააგო.
532 წელს, სხვადასხვა დროს მომხდარი სამი ხანძრის შემდეგ, იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ახალი ტაძრის აშენება ბრძანა, რომელიც ქრისტიანული იმპერიის სიმბოლოდ უნდა ქცეულიყო.
ტაძარი 537 წლის 27 დეკემბერს საზეიმოდ აკურთხეს. 1453 წლის 28 მაისის ღამეს წმინდა სოფიას ტაძარში ბოლო ქრისტიანული მსახურება გაიმართა. მეორე დღეს კონსტანტინოპოლი დაეცა. აია სოფია გაიძარცვა. 30 მაისს იქ მეჰმედ II-მ შეაბიჯა. ტაძარი მეჩეთად გადააკეთეს. მალე მას ოთხი მინარეთი მიაშენეს, XVI საუკუნეში კი – უხეში კონტრფორსები მიადგეს. 1847 წელს აია სოფიას რესტავრაცია ჩაუტარდა, ხოლო 1935 წელს, ათათურქის ბრძანებით, მუზეუმად იქცა.
2007 წელს შექმნილი Free Hagia Sophia Council („აია სოფიას გათავისუფლების კომიტეტი“) ტაძრისთვის ქრისტიანული სტატუსის მინიჭებისთვის იბრძვის.
ნინო ხოშტარია
კომენტარები