მსოფლიოპოლიტიკაქართველები უცხოეთშიდასაქმება

საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების შესახებ კანონს მიიღებს, შემდეგი პოლონეთი და ისრაელი იქნება  

გერმანიის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების დასაქმების თემას საფრანგეთიც უერთდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად მუშაობის შესახებ კანონს მიიღებს.

მინისტრის თქმით, საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით საქართველოს საფრანგეთთან გაფორმებული აქვს შეთანხმება, რომლის რატიფიკაციაც საფრანგეთის პარლამენტმა მოახდინა, ხოლო გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა, რომელიც უკვე კანონის სახით იქნება წარმოდგენილი. ეს საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდნენ; საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა სპეციალისტებს, მათ შორის, მათ, ვისაც უმაღლესი განათლება საფრანგეთში აქვთ მიღებული, შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ დროებითი ბინადრობის მოწმობა საფრანგეთში ლეგალური დასაქმებისთვის.

დავით ზალკალიანი დაგვპირდა, რომ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების შესახებ კანონის ამოქმედების ვადაზე და ნიუანსებზე მოგვიანებით მოგვაწვდის ინფორმაციას.

„ამ მიმართულებით ჩვენ სხვა ქვეყნებთანაც ვმუშაობთ – პოლონეთთან და ისრაელთან. ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, – განაცხადა მინისტრმა.

პოლონეთში საქართველოს ელჩი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ მომავალ წელს პოლონეთში იმაზე მეტი საქართველოს მოქალაქე შეძლებს დასაქმებას, ვიდრე დღეს. როგორც დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, კონკრეტულ კვოტაზე ამ დროისთვის ვერ ისაუბრებს, თუმცა ამ მიმართულებით წინსვლა იქნება.

„პოლონეთი ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა ქართველებისთვის, რომლებიც ჩამოდიან სამუშაოს საძიებლად. გვაქვს ძალიან კარგი პრაქტიკა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, რომელმაც დადგენილი კვოტის მიხედვით პოლონეთში ქართველების დასაქმება უზრუნველყო. ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ, რომლის ფარგლებშიც, გასულ პერიოდში გვქონდა აქტიური კომუნიკაცია პოლონეთის შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და ვფიქრობთ, რომ 2019 წელს გვექნება ხელშესახები შედეგები. კვოტების რაოდენობაზე ახლა გაგვიჭირდება საუბარი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ იქნება პროგრესი და იმაზე მეტი ადამიანი შეძლებს პოლონეთში ლეგალურად დასაქმებას, ვიდრე დღეს“, – განაცხადა ელჩმა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close