ვიდეოსაზოგადოებასაბერძნეთისპორტი

გამარჯვება ბოლო ადგილით – 75 წლის ბერძენმა ათენის მარათონი 42 კმ ფეხშიშველმა გაირბინა (ვიდეო)

75 წლის კრეტელმა ბერძენმა 42 კილომეტრი და 195 მეტრი ფეხშიშველმა ირბინა, ანტიკური ბერძენი მეომრის სამოსში გამოწყობილმა, ხელში ფარითა და მახვილით. იდომენეას ავრამაკისი ათენის მარათონის ბოლო მონაწილე იყო, რომელმაც ფინიშის ხაზი გადაკვეთა, თუმცა კალიმარმაროს სტადიონზე შეკრებილი მაყურებლისთვის სწორედ მისი გამოჩენა აღმოჩნდა დღის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი. უჩვეულო გარეგნობის მიღმა კი ადამიანის ცხოვრების საკმაოდ მძიმე და შთამბეჭდავი ისტორია იმალება.

 „ირბინე, რათა სხვებმა არ გარბენინონ“ 

2026 წლის 8 ნოემბერს ათენში 43-ე ავთენტიკური მარათონი გაიმართა. შეჯიბრება უკვე დასრულებული იყო, გამარჯვებულები დაჯილდოებული, მონაწილეთა უმეტესობას კი სტადიონი დატოვებული ჰქონდა, როდესაც საღამოს, დაახლოებით 18:15 საათზე, ფინიშთან 75 წლის იდომენეას ავრამაკისი გამოჩნდა.

კრეტის ქალაქ ირაკლიონის მცხოვრებმა მორბენალმა 42,195-კილომეტრიანი დისტანცია ფეხშიშველმა დაფარა. მას ანტიკური ბერძენი მეომრის ჩაფხუტი ეფარა და წითელი მოსასხამი ეცვა, ხელში კი ფარი და მახვილი ეჭირა.

ავრამაკისი მარათონის ბოლო მონაწილე იყო, რომელმაც ფინიშის ხაზი გადაკვეთა, თუმცა სტადიონზე მყოფმა მაყურებელმა მისი შეუპოვრობა განსაკუთრებული, ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააფასა.

75 წლის მორბენალს საბერძნეთის მძლეოსნობის ფედერაციის (SEGAS) პრეზიდენტი სოფია საკორაფაც დახვდა და მარათონის მედალი პირადად გადასცა.

ეს მისთვის პირველი მარათონი არ ყოფილა – იდომენეას ავრამაკისს უკვე 54-ზე მეტ მარათონში აქვს მონაწილეობა მიღებული. მისი ცხოვრების წესსა და სპორტისადმი დამოკიდებულებას კი ერთი მოკლე დევიზი გამოხატავს: „ირბინე, რათა სხვებმა არ გარბენინონ“ («Τρέξε για να μην σε τρέχουν»).

ადამიანი, რომელმაც სიცოცხლის მეორე შანსი მიიღო

ავრამაკისის ანტიკური მეომრის სამოსი მხოლოდ ორიგინალური იმიჯი ან მაყურებლის ყურადღების მიპყრობის საშუალება არ არის. ამ ჩაცმულობას მისი ცხოვრების განსაკუთრებული ისტორია უკავშირდება.

2024 წლის ნოემბერში ბერძნული გამოცემა Reader.gr-ის ჟურნალისტი ლიდია კარათანასი ათენის მარათონის ბოლო მონაკვეთზე იდომენეასს გვერდით გაჰყვა და მასთან საუბარი ჩაწერა.

მორბენალმა ჟურნალისტს უამბო, რომ დაახლოებით 18 წლის წინ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა და თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო.

სწორედ ამ მძიმე გამოცდილების შემდეგ დაიწყო მან ანტიკური მეომრის სამოსით სირბილი. ჟურნალისტთან საუბრისას ავრამაკისმა აღნიშნა, რომ ეს სამოსი უკვე 18 წელია აქვს და მას შემდეგ ატარებს, რაც, მისი სიტყვებით, „სიცოცხლეს დაუბრუნდა“.

ჯანმრთელობის პრობლემის დაძლევის შემდეგ ავრამაკისმა ფეხსაცმელზეც უარი თქვა და მარათონზე სირბილი ფეხშიშველმა განაგრძო.

რატომ დარბის იდომენეასი ფეხშიშველი

კრეტელი მორბენლისთვის ფეხშიშველი სირბილი არც შემთხვევითი გადაწყვეტილებაა და არც მაყურებლის ყურადღების მიპყრობის საშუალება. როგორც თავად უთხრა ჟურნალისტს, იგი მუდმივად ფეხშიშველი ვარჯიშობს. ვარჯიშს კი ყოველ მეორე დღეს 2,5-დან 3,5 საათამდე უთმობს.

მისი თქმით, თავდაპირველად უჩვეულო დატვირთვა კუნთების ტკივილს იწვევს, თუმცა ორგანიზმი თანდათან ეჩვევა. მარათონზე ფეხშიშველა სირბილი მისი პირადი გამოცდილებაა და არა რეკომენდაცია, რომ სხვებიც ასე მოიქცნენ. მისთვის ეს ბუნებასთან სიახლოვის განსაკუთრებული ფორმაა.

იდომენეას ავრამაკისს უკვე 54-ზე მეტ მარათონში აქვს მონაწილეობა მიღებული. თავისუფალ დროს უყვარს მუსიკის მოსმენა, სიმღერა, წლის ნებისმიერ დროს ზღვაში ბანაობა და მთებში სეირნობა.

მისთვის მთავარია, არ გაჩერდეს

ავრამაკისის სპორტული გზა სირთულეების გარეშე არ გაგრძელებულა. 2022 წელს იგი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა. ფეხის დაზიანების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, რის შემდეგაც ფეხში ლითონის ღერო ჩაუდგეს.

2024 წელს გამოცემა Patris-თან საუბრისას მან აღიარა, რომ ტრავმის გამო სირბილი გაუჭირდა, თუმცა ვარჯიშისთვის თავის დანებება არც უფიქრია.

2024 წელს, 73 წლის ასაკში, მან ათენის მარათონი 8 საათსა და 47 წუთში დაასრულა.

მარათონი-2026 რეკორდული მონაწილეობით

7-8 ნოემბერს ათენში 43-ე ათენის ავთენტიკური მარათონი გაიმართა, რომელშიც ყველა დისტანციაზე ჯამში 124 ქვეყნის 85 ათასზე მეტი მორბენალი მონაწილეობდა.

42,195 კილომეტრის დისტანციაზე მამაკაცთა შორის გამარჯვება ეთიოპიელმა მანაზოტ სიუმ ტაფერიმ მოიპოვა – მან ფინიშის ხაზი 2 საათსა და 10 წუთსა და 3 წამში გადაკვეთა და ტრასის ახალი რეკორდი დაამყარა. ქალთა შორის კი პირველი ადგილი ასევე ეთიოპიელმა იატანე დუსამ დაიკავა, რომელმაც 2 საათი, 30 წუთი და 4 წამი აჩვენა და შეჯიბრების რეკორდი დაამყარა.

ბერძენ მონაწილეთა შორის საუკეთესო შედეგები კონსტანტინოს სტამულისმა და სტამატია ნულამ აჩვენეს. მარათონის პროგრამა ასევე მოიცავდა 5 და 10 კილომეტრზე გარბენებს, ბავშვთა შეჯიბრებებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენთა გამოსვლებს.

75 წლის კრეტელი იდომენეას ავრამაკისის ცხოვრების წესი და მარათონებში მონაწილეობა კი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სპორტი მხოლოდ გამარჯვებასა და რეკორდებს არ გულისხმობს. ზოგჯერ ყველაზე დასამახსოვრებელი შეიძლება სწორედ ის ადამიანი აღმოჩნდეს, რომელიც ფინიშთან უკანასკნელი მივიდა, მაგრამ საკუთარ მიზანზე უარი არ თქვა. მთავარი ყოველთვის პირველი მისვლა არ არის – მთავარია, არ გაჩერდე და გზა ბოლომდე გაიარო.

ნინო ბაჯელიძე

დაკავშირებულ თემაზე: აკადემიკოსმა ლეო ბოკერიამ სიცოცხლის გახანგრძლივების ყველაზე მარტივი მეთოდი დაასახელა

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close