მსოფლიოპოლიტიკასაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

„შესაძლოა ზედმეტად მკაცრი იყო“ – ტრამპი დეპორტაციის პოლიტიკის შეცვლას არ გამორიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი საიმიგრაციო პოლიტიკის შესაძლო გადახედვის შესახებ ისაუბრა. CBS News-ის გადაცემა „60 Minutes“-ისთვის 2026 წლის 8 ნოემბერს მიცემულ ინტერვიუში მან აღიარა, რომ მისი ადმინისტრაციის მიერ გატარებული დეპორტაციის პოლიტიკა შესაძლოა ზედმეტად მკაცრი იყო და ამ მიდგომამ რესპუბლიკელებს შუალედურ არჩევნებში პოლიტიკური ზიანი მიაყენა.

ტრამპის განცხადება განსაკუთრებით საყურადღებოა იმ იმიგრანტებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ და მუშაობენ შეერთებულ შტატებში, იხდიან გადასახადებს, თუმცა ქვეყანაში არალეგალური სტატუსით იმყოფებიან.

პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა, დემოკრატებთან საიმიგრაციო საკითხზე შეთანხმების შესაძლებლობა განიხილოს. თუმცა, მიუხედავად ამ განცხადებისა, ჯერჯერობით არ გამოცხადებულა არც დეპორტაციების შეჩერება, არც ტემპის შემცირება და არც არალეგალური სტატუსის მქონე პირებისთვის ლეგალიზაციის ახალი პროგრამა.

რა აღიარა დონალდ ტრამპმა CBS-თან ინტერვიუში

ტრამპი ჟურნალისტ როს დუთათს (Ross Douthat) რესპუბლიკელების მიერ შუალედურ არჩევნებში განცდილი მარცხიდან სამი დღის შემდეგ ესაუბრა (ინტერვიუ 6 ნოემბერსაა ჩაწერილი და ეთერში 8 ნოემბერს გავიდა).

კითხვაზე, ხომ არ დააზარალა მისი პარტია მკაცრმა საიმიგრაციო პოლიტიკამ, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამ მიდგომამ მას ერთდროულად პოლიტიკური სარგებელიც მოუტანა და ზიანიც მიაყენა.

მისი თქმით, საზღვრის ჩაკეტვისა და კრიმინალური წარსულის მქონე პირების ქვეყნიდან გაძევებისთვის მაღალ შეფასებას იმსახურებს, თუმცა პრობლემა შეიქმნა იმ ადამიანების შემთხვევაშიც, რომლებსაც აშშ-ში კარგი სამსახური ჰქონდათ და მხოლოდ ერთი კანონდარღვევა ჰქონდათ ჩადენილი – ქვეყანაში არალეგალურად შესვლა.

ტრამპმა მაგალითად მოიყვანა იმიგრანტები, რომლებიც მუშაობენ სასტუმროებში, დასუფთავების სფეროში, ლანდშაფტის მოწყობისა და მომსახურების სექტორებში. მისი თქმით, ამ ადამიანების ნაწილი გადასახადებსაც იხდის და საზოგადოებაში თავისი წვლილი შეაქვს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გასცდა მისი დეპორტაციის პოლიტიკა დასაშვებ ზღვარს, პრეზიდენტმა უპასუხა:

„ვფიქრობ, შესაძლოა, ზედმეტად მკაცრი იყო“.

ტრამპმა ისიც აღიარა, რომ ამ პოლიტიკამ მას პოლიტიკური ზიანი მიაყენა.

შესაძლებელია თუ არა არალეგალური ემიგრანტებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭება

ინტერვიუს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დემოკრატებთან შესაძლო შეთანხმებას შეეხებოდა.

ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც აშშ-ში წლების განმავლობაში მცხოვრებ და მომუშავე ადამიანებს გარკვეული სამართლებრივი სტატუსის მიღების შესაძლებლობას მისცემდა.

პრეზიდენტმა ამ შესაძლებლობას დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეთანხმება რეალურია.

მან კვლავ გაიხსენა სასტუმროებში დასაქმებული ემიგრანტების მაგალითი: ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ, ასრულებენ სხვადასხვა სამუშაოს და ერთ დღეს შესაძლოა ქვეყნიდან გააძევონ.

ტრამპის განმარტებით, საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთ ადამიანებს ქვეყანაში დარჩენის უფლება უნდა ჰქონდეთ, მეორე ნაწილი კი ყველა არალეგალური იმიგრანტის გაძევებას ემხრობა.

თუმცა პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა კატეგორიის ადამიანებს შეიძლება შეეხოს შესაძლო შეთანხმება, რა პირობებით მიიღებენ ისინი სტატუსს ან როდის შეიძლება დაიწყოს ამ საკითხზე საკანონმდებლო მუშაობა. შესაბამისად, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობაზე და არა უკვე შემუშავებულ საიმიგრაციო პროგრამაზე.

ნიშნავს თუ არა ეს დეპორტაციების შენელებას

ტრამპის განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელებში ყურადღება მიიპყრო Facebook-ის გვერდზე „Donald Trump For President“ გამოქვეყნებულმა პოსტმა, რომელსაც 8,5 მილიონი გამომწერი ჰყავს.

პოსტში გამოქვეყნებულია მოკლე, მაგრამ საკმაოდ მკაფიო გზავნილი:

„We ain’t gonna slow down deportation“ – „დეპორტაციების ტემპის შენელებას არ ვაპირებთ!“

გვერდი ტრამპის მხარდამჭერ პოლიტიკურ სივრცეს უკავშირდება, თუმცა არ გვაქვს საფუძველი, ეს პოსტი პრეზიდენტის პირად განცხადებად ან თეთრი სახლის ოფიციალურ პოზიციად მივიჩნიოთ.

მიუხედავად ამისა, ეს გზავნილი კარგად წარმოაჩენს იმ განსხვავებულ მოლოდინებს, რომლებიც ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის გარშემო არსებობს: ერთი მხრივ, პრეზიდენტი გარკვეული კატეგორიის იმიგრანტებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭების შესაძლებლობაზე საუბრობს, მეორე მხრივ კი, მისი მხარდამჭერი პოლიტიკური წრეების გზავნილებში დეპორტაციების გაგრძელების მხარდაჭერა კვლავ მკაფიოდ ჩანს.

ტრამპმა სტივენ მილერი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ინტერვიუს შემდეგ განვითარებულ მოვლენას უკავშირდება.

CBS News-ისა და Associated Press-ის ცნობით, ინტერვიუს ეთერში გასვლის დღეს ტრამპმა სტივენ მილერი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილიდან თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელად დააწინაურა.

მილერი ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია და მკაცრი საიმიგრაციო ზომების შემუშავებასა და განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

Associated Press-ი აღნიშნავს, რომ ეს საკადრო გადაწყვეტილება დეპორტაციის პოლიტიკის სწრაფი შერბილების მოლოდინის საფუძველს არ იძლევა. CBS News-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციაც მიუთითებს, რომ საიმიგრაციო კონტროლის ოპერაციების მასშტაბის შემცირება მოსალოდნელი არ არის.

რა უნდა იცოდნენ აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა

ტრამპის განცხადებამ აშშ-ში მცხოვრებ ქართველებში პოზიტიური მოლოდინი გააჩინა. ფეისბუქჯგუფის „ჩვენ ამერიკაში“ მოდერატორმა თინა ბედიაშვილმა შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

„მეგობრებო, ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი პოზიტიური სიახლე მოგიტანეთ.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CBS News-ის გადაცემა „60 წუთში“ 2026 წლის 8 ნოემბერს ეთერში გასულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციის მიერ იმიგრაციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებისა და დეპორტაციის პოლიტიკა „ძალიან მკაცრი“ იყო და ხელი შეუწყო რესპუბლიკელების შუალედურ არჩევნებში წაგებას.

ტრამპმა კორესპონდენტ როს დუთს განუცხადა, რომ მან მაღალი შეფასება მიიღო საზღვრის დახურვისა და საშიში პირების გაძევებისთვის, მაგრამ აღიარა, რომ ამ პოლიტიკამ ის დააზარალა, რადგან ის შეეხო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამერიკაში მყოფ მშრომელ ემიგრანტებს, რომელთა დანაშაული მხოლოდ არალეგალურად საზღვრის კვეთა იყო.

ტრამპმა გამოთქვა ღიაობა კონგრესის დემოკრატებთან თანამშრომლობის მიმართ ახალ სესიაზე და განაცხადა, რომ ორპარტიული იმიგრაციის შესახებ შეთანხმება „შესაძლებელია“.

ჩემი აზრით, ეს აღიარება უკვე პოზიტიური ნაბიჯია.

დაველოდოთ მოვლენებს.

ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ახალი კანონი განიხილეს ან მიიღეს“.

დონალდ ტრამპის განცხადება ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან პრეზიდენტმა საჯაროდ აღიარა, რომ დეპორტაციის მკაცრი პოლიტიკა ყველა შემთხვევაში გამართლებული არ არის და ხანგრძლივად მცხოვრები, დასაქმებული ემიგრანტების საკითხზე კომპრომისის შესაძლებლობა დაუშვა.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აშშ-ში დეპორტაციები შეჩერდება ან მათი ტემპი შენელდება. ტრამპს არც ახალი ამნისტიის ან ლეგალიზაციის პროგრამის ამოქმედება გამოუცხადებია. შესაბამისად, ჯერჯერობით არ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ქვეყანაში ხანგრძლივად მუშაობა და გადასახადების გადახდა არალეგალურად მყოფ იმიგრანტებს სამართლებრივი სტატუსის ავტომატურად მოპოვების უფლებას მისცემს.

ამისთვის საჭიროა კონკრეტული პოლიტიკური შეთანხმება, შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმის შემუშავება და ოფიციალური გადაწყვეტილებების მიღება.

ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ დონალდ ტრამპმა დემოკრატებთან საიმიგრაციო საკითხზე შეთანხმების შესაძლებლობა საჯაროდ დაუშვა. იქნება თუ არა ეს განცხადება რეალური ცვლილებების დასაწყისი, ამას მომდევნო პოლიტიკური და საკანონმდებლო პროცესები გვიჩვენებს.

Nostal.ge განაგრძობს აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებების თვალყურის დევნებას და მკითხველს ოფიციალურ გადაწყვეტილებებსა და ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობს.

ნინო ხოშტარია

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close