მოგზაურობასაბერძნეთი

საბერძნეთში შესვლა – რა თანხა უნდა ჰქონდეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს?

საბერძნეთმა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლისა და ყოფნისთვის საჭირო ფინანსური უზრუნველყოფის მინიმალური ოდენობა გაზარდა. ახალი წესის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საბერძნეთში ყოფნის თითოეული დღისთვის 63 ევრო უნდა ჰქონდეს, თუმცა ხუთ დღემდე ვიზიტის შემთხვევაში მინიმალური თანხა 378 ევროს შეადგენს.

ცვლილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებსაც ეხება, 2025 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნებული ერთობლივი მინისტრის გადაწყვეტილებით ამოქმედდა. მანამდე მოქმედი ნორმა 2007 წლიდან იყო ძალაში და დღიური ფინანსური უზრუნველყოფის მინიმალურ ოდენობად 50 ევროს განსაზღვრავდა.

ვის ეხება ახალი მოთხოვნა

საბერძნეთის მინისტრთა ერთობლივი გადაწყვეტილება (ΚΥΑ 70301/2025) ვრცელდება მესამე ქვეყნების მოქალაქეებზე, ანუ იმ სახელმწიფოების მოქალაქეებზე, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან.

შესაბამისად, მოთხოვნა ეხება საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებიც საბერძნეთში ტურისტული, პირადი ან სხვა მოკლევადიანი ვიზიტით მიემგზავრებიან, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის ფარგლებში.

მნიშვნელოვანია, რომ უვიზო რეჟიმი მოქალაქეს შენგენის ზონაში მოკლევადიანი მოგზაურობის საშუალებას აძლევს, მაგრამ საზღვრის გადაკვეთისას აუცილებელი პირობებისგან არ ათავისუფლებს. მოგზაურმა, სხვა მოთხოვნებთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში უნდა დაადასტუროს, რომ ქვეყანაში ყოფნისთვის საკმარისი ფინანსური სახსრები აქვს.

რამდენი თანხა უნდა ჰქონდეს მოგზაურს

ახალი რეგულაციით, ზრდასრული უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ფინანსური უზრუნველყოფის მინიმუმი დღეში 63 ევროა. ამასთან, ხუთ დღემდე ვიზიტისთვის მოქმედებს მინიმალური ზღვარი – 378 ევრო.

ეს ნიშნავს, რომ ხუთ დღეზე ნაკლები ხანგრძლივობის მოგზაურობის შემთხვევაშიც კი მოთხოვნილი თანხა 378 ევროზე ნაკლები არ იქნება.

მაგალითად:

  • 1-5 დღით მოგზაურობა – მინიმუმ 378 ევრო;
  • 6 დღით ყოფნა – 378 ევრო;
  • 7 დღით ყოფნა – 441 ევრო;
  • 10 დღით ყოფნა – 630 ევრო;
  • 14 დღით ყოფნა – 882 ევრო.

რა წესი მოქმედებს არასრულწლოვანებისთვის

უცხო ქვეყნის არასრულწლოვანი მოქალაქეებისთვის მოთხოვნილი თანხა 50%-ით მცირდება. შესაბამისად, დღიური მინიმუმი 31,5 ევროა, ხოლო ხუთ დღემდე ვიზიტისთვის მინიმალური თანხა 189 ევროს შეადგენს.

მაგალითად, თუ საბერძნეთში ერთი ზრდასრული და ერთი არასრულწლოვანი ოთხი დღით მიემგზავრებიან, მათი ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო მინიმალური თანხა ჯამში 567 ევრო იქნება: ზრდასრულისთვის – 378 ევრო, ბავშვისთვის კი – 189 ევრო.

ვისზე არ ვრცელდება ეს მოთხოვნა

მინისტრების გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის მითითებული გამონაკლისი იმ უცხოელებისთვის, რომლებიც საბერძნეთში ეროვნული ვიზით (D კატეგორიის ვიზა) შედიან.

ეს გამონაკლისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საბერძნეთში ხანგრძლივი ვადით საცხოვრებლად, სამუშაოდ ან სასწავლებლად მიემგზავრებიან შესაბამისი ეროვნული ვიზით.

რას უნდა მიაქციონ ყურადღება საქართველოს მოქალაქეებმა

საბერძნეთში გამგზავრებისას მხოლოდ მოქმედი პასპორტის ქონა და უვიზო მიმოსვლის უფლება საკმარისი არ არის. მოგზაურმა შენგენის ზონის საზღვრის გადაკვეთის საერთო პირობებიც უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის, ფინანსური უზრუნველყოფის მოთხოვნა.

საბერძნეთის საზღვარზე შესაბამისმა სამსახურებმა შესაძლოა ქვეყანაში ყოფნის მიზნის, ხანგრძლივობის, საცხოვრებელი ადგილისა და ფინანსური შესაძლებლობების დამადასტურებელი ინფორმაცია მოითხოვონ. ამიტომ გამგზავრებამდე სასურველია, წინასწარ მოამზადოთ საჭირო თანხისა და მოგზაურობის პირობების დამადასტურებელი დოკუმენტები.

გასათვალისწინებელია, რომ ფინანსური უზრუნველყოფის მოთხოვნის შეუსრულებლობა შეიძლება ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.

როგორ ამოწმებენ საზღვარზე ფინანსური სახსრების არსებობას

საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთისას მესაზღვრეებმა შესაძლოა მოგზაურს ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვონ. მათ შორის შეიძლება იყოს:

  • ნაღდი ფული;
  • საბანკო ამონაწერი ან ბანკომატიდან თანხის გამოტანის ქვითარი (რომელიც ქვეყანაში შესვლის თარიღისთვის იქნება აქტუალური);
  • საცხოვრებლის დაჯავშნის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ საცხოვრებლის ღირებულება წინასწარ არის გადახდილი და ეს მოგზაურის ხარჯებს ამცირებს.

თუ მოგზაური საბანკო ბარათით სარგებლობს, სასურველია, თან ჰქონდეს ბანკის ამონაწერის ამობეჭდილი ვერსია ან ბანკომატის ქვითარი, რომელზეც ანგარიშზე არსებული ნაშთი იქნება მითითებული.

ნაღდი ფულის ევროკავშირში შეტანისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან გატანის წესები

მნიშვნელოვანია: ქვეყანაში ყოფნისთვის საჭირო დღიური თანხის გარდა, ევროკავშირს აქვს ნაღდი ფულისა და მასთან გათანაბრებული გარკვეული ფასეულობების შეტანის სპეციალური საბაჟო წესებიც.

თუ ევროკავშირის გარე საზღვრის გადაკვეთისას მოგზაურს თან აქვს 10 000 ევრო ან მეტი (ან ამ თანხის ეკვივალენტი სხვა ვალუტაში), მან ამის შესახებ საბაჟო ორგანოებს უნდა განუცხადოს და შესაბამისი დეკლარაცია შეავსოს.

ეს მოთხოვნა ვრცელდება:

  • ბანკნოტებსა და მონეტებზე (მათ შორის, ისეთებზე, რომლებიც უკვე აღარ არის მიმოქცევაში, მაგრამ გადაცვლა შესაძლებელია);
  • სამოგზაურო ჩეკებზე, თამასუქებსა და ფულად გზავნილებზე;
  • ოქროს მონეტებზე, რომლებშიც ოქროს შემცველობა 90%-ს ან მეტს შეადგენს;
  • ოქროს ზოდებსა და ნატეხებზე, რომლებშიც ოქროს შემცველობა 99,5% ან მეტია.

10 000 ევროს ან მეტის დეკლარირების წესი არ ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის მიმოსვლისას ყველა შემთხვევაში დეკლარაციაა საჭირო. ეს მოთხოვნა ევროკავშირის გარე საზღვრის გადაკვეთისას მოქმედებს. ასევე, დეკლარირება, ცხადია, თანხის გადატანის აკრძალვას არ გულისხმობს.

ნინო ბაჯელიძე

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close