კვარასთვის 2026-2027 წლების სეზონი ნაადრევად დასრულდა, თუმცა „პსჟ“ კონტრაქტს მაინც უგრძელებს – რას წერს ფეხბურთელი მიმართვაში

„პსჟ“-ს ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივება მაინც სურს მისი ტრავმის მიუხედავად. ეს სერიოზული ტრავმაა, რომელიც თავდაპირველ გეგმებს საფრთხეს არ უქმნის. ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს მას შემდეგ, რაც სამშაბათ (20 ოქტომბერი) საღამოს ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ბარსელონასთან“ მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. მოსალოდნელია, რომ მას 10 დღეში ოპერაცია ჩაუტარდება.
ეს ხელს არ შეუშლის ქართველი თავდამსხმელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გაგრძელებას. RMC-ის ცნობით, ორივე მხარემ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ახალი სამწლიანი კონტრაქტის (2029 წლიდან 2032 წლამდე) თაობაზე. ხელფასის პირობებზე ჯერ კიდევ შეთანხმებაა საჭირო, – წერს Footmercato.
საბედისწერო მატჩი პარიზელთა გამარჯვებით დასრულდა 4-2.
„კვარა, დემბელე და მარკინიოსი დაშავდნენ: პსჟ-ს ტკბილ-მწარე გამარჯვება „ბარსასთან“, – ამ სათაურით აქვეყნებს france24 სტატიას სამშაბათის მატჩის შედეგების შესახებ.
„პსჟ“-მა სამშაბათს საღამოს ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ წინააღმდეგ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა (4-2). თუმცა, „პარი სენ-ჟერმენი“ ამ დამაჯერებელი გამარჯვების მეორე დღეს დამწუხრებულია სამი სასტარტო მოთამაშის ტრავმების გამო. უსმან დემბელე და მარკინიოსი რამდენიმე კვირით გამოეთიშნენ თამაშს, ხვიჩა კვარაცხელიასთვის სეზონი კი, როგორც ჩანს, უკვე დასრულდა.
ჯერ „მანჩესტერ სიტი“, შემდეგ კი „ბარსელონა“: ერთ კვირაში „პსჟ“-მა ანგარიშით 4-2 დაამარცხა ორივე ევროპულ გუნდი, რომლებმაც მანამდე ლიგის ყველა მატჩი მოიგეს. სამშაბათს, 20 ოქტომბერს, „ბარსელონას“ წინააღმდეგ პარიზელებმა გამარჯვების მოპოვება შეხვედრის ბოლო მონაკვეთში შთამბეჭდავი თამაშით მოახერხეს.
ჩემპიონთა ლიგის ამ მატჩში გამარჯვება „პსჟ“-ს ძვირად დაუჯდა. დედაქალაქის კლუბის სამედიცინო ანგარიშმა, რომელიც ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს, დილით გამოქვეყნდა, გარკვეულწილად დაჩრდილა წინა დღის გამარჯვების სიხარული. „მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგების გაწყვეტის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება“, – განაცხადა კლუბმა.
AFP („ფრანს პრესი“) დაუკავშირდა კვარას გარემოცვას, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე „რთული იქნება მისი დაბრუნების თარიღზე საუბარი“. თუმცა ეს ტრავმა – რომელიც ასე გავრცელებულია და რომლისაც ყველა მოთამაშეს ძალიან ეშინია – ქართველ ვინგერს თამაშის მიღმა დატოვებით ემუქრება მიმდინარე სეზონის ბოლომდე. ამგვარი ტრავმის შემდეგ აღდგენას, სულ ცოტა, 9 თვე სჭირდება.
კვარას მაგნეს აკლიუჩე და მიკა გოდტსი შეცვლიან
„ბარსასთან“ მატჩში 57-ე წუთზე, ბურთისთვის ბრძოლისას ხავი ესპარტთან შეჯახების შემდეგ, კვარა მოედანზე დაეცა და მუხლზე იტაცა ხელი. მან მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა ისე, რომ მარჯვენა ფეხის დადგმაც კი ვერ შეძლო.
ეს ძალიან ცუდი ამბავია „პსჟ“-სთვის, რადგან 25 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონში „მეორე ვარსკვლავის“ მოპოვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, რამაც 2026 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტის სტატუსი მოუპოვა. „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონია ორშაბათს, 26 ოქტომბერს გაიმართება.
france24-ის ინფორმაციით, კვარას არყოფნისას მარჯვენა ფლანგის სასტარტო შემადგენლობაში იქნება საფრანგეთის ნაკრების წევრი მაგნეს აკლიუში (12 მატჩი, ერთი გოლი), რომელიც გასულ ზაფხულს „მონაკოდან“ გადავიდა „პსჟ“-ში, დეზირე დუე კი მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლებს. 24 წლის აკლიუშმა უკვე რამდენიმე კვირაა საგრძნობლად მოუმატა თამაშს, მას ლუის ენრიკეც აქტიურად უჭერს მხარს.
ბელგიელ მიკა გოდტსს, რომელიც ასევე აგვისტოდან ირიცხება პარიზულ კლუბში, თამაშის გაუმჯობესება მოუწევს. ფერან ტორესი კიდევ ერთი ვარიანტია, მაგრამ მას, სავარაუდოდ, მომავალ მატჩებში ცენტრალურ პოზიციაზე მოუწევს თამაში, ისევე როგორც სენი მაიულუს.
„პსჟ“-ის ტრავმირებულთა სია სულ რამდენიმე დღეში გაიზარდა
ქართველი ვინგერის გარდა, „პსჟ“-ს ასევე მოუწევს თამაში უსმან დემბელეს გარეშე, რომელმაც მარცხენა ბარძაყის ტრავმა მიიღო, და კაპიტან მარკინიოსის გარეშე, რომელმაც მარჯვენა ბარძაყი დაიზიანა. პსჟ“-ის ინფორმაციით, ორივე მოთამაშე მკურნალობის კურსს მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაივლის, თუმცა მათი მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი კლუბს არ დაუსახელებია.
შაბათს სტრასბურგში ნუნუ მენდეშმაც მარცხენა ბარძაყის ტრავმა მიიღო.
ამ მნიშვნელოვანმა დანაკლისმა შეიძლება პარიზული გიგანტი მომდევნო კვირებში უკან დახიოს და „პსჟ“-ის შვიდი შთამბეჭდავი დღე დაჩრდილოს.
ჩემპიონთა ლიგის 3 ტურის სამივე თამაშის მოგების შემდეგ „პსჟ“-ს 9 ქულა აქვს და ბურთების სხვაობის წყალობით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა (9-9 ქულა აქვთ, აგრეთვე, „ასტონ ვილას“, „ლივერპულს“, „მადრიდის რეალს“ და „რეალ ბეტისს“).
„…მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ. დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს – რატომ მაინც და მაინც მე? არასდროს არაფერი დამიკლია ალბათ ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე, რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ. ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები, რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე სხვა მოედანზე მყოფი ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო. ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია, არ გიღალატებთ პირობას ვდებ, წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის მალე შევხვდებით”, – წერს ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ გავრცელებულ პირველ მიმართვაში, რომელიც ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. მიმართვას ამ დროისთვის 3,6 მლნ-ზე მეტი მოწონება და 46 ათასამდე კომენტარი აქვს.
ნუცა ყაველაშვილი
ასევე, დაგაინტერესებთ: რამდენია ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი „პსჟ“-ში – ქართველი ფეხბურთელი ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიის ათეულშია



