აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, განაახლოს 2027 წლის „მრავალფეროვნების ვიზის“ (Diversity Visa, DV-2027) პროგრამა, რომელიც „მწვანე ბარათის“ ლატარიის სახელითაა ცნობილი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, უწყებამ უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია რეგისტრაციის დაწყების შესახებ, ხოლო ელექტრონული განაცხადების მიღება უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2026 წლის 1-ელი ნოემბრისა.
გადაწყვეტილება კალიფორნიის სამხრეთ ოლქის ფედერალურმა მოსამართლე ჯინსუკ ოტამ 14 ოქტომბერს მიიღო. თავდაპირველად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო დეპარტამენტს რეგისტრაციის თარიღები 15 ოქტომბრამდე უნდა გამოეცხადებინა, განაცხადების მიღების პროცესი უნდა დაწყებულიყო არაუგვიანეს 18 ოქტომბრისა და 30 დღის ვადაში დასრულებულიყო; შერჩეული მონაწილეების ვინაობა კი 19 ნოემბრამდე უნდა ყოფილიყო ცნობილი. თუმცა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოსარჩელემაც და მოპასუხემაც მოითხოვეს ვადის ორი კვირით გადაწევა. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შესაბამისად, Red Eagle Law-ის ინფორმაციით, განახლებული გრაფიკის თანახმად:
- 2026 წლის 1-ელ ნოემბრამდე უნდა დაიწყოს ელექტრონული განაცხადების მიღება;
- რეგისტრაცია 30 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს;
- შერჩეული მონაწილეების ვინაობა უნდა გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 3 დეკემბრისა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე უნდა გამოაცხადოს რეგისტრაციის ზუსტი თარიღები, გამოაქვეყნოს განაცხადის შევსების ოფიციალური ბმული და პროგრამაში მონაწილეობის პირობები.
მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება თავისთავად არ ნიშნავს რეგისტრაციის დაუყოვნებლივ გახსნას. მსურველებმა განაცხადები მხოლოდ მას შემდეგ უნდა შეავსონ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ ინსტრუქციებსა და რეგისტრაციის თარიღებს გამოაქვეყნებს.
რატომ შეფერხდა DV-2027-ის ლატარია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2025 წლის 5 ნოემბერს განაცხადა, რომ Diversity Visa-ს პროგრამაში განაცხადების მიღების პროცესს ცვლიდა და DV-2027-ის რეგისტრაციის დაწყების თარიღს მოგვიანებით დაასახელებდა.
თუმცა რეგისტრაცია აღარ დაწყებულა და პროგრამის მომდევნო ციკლის მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსების შესაძლებლობა არ მიეცათ.
კალიფორნიაში მოქმედმა საიმიგრაციო იურიდიულმა კომპანიამ – Red Eagle Law-მა სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელშიც მოითხოვდა, სასამართლოს სახელმწიფო ადმინისტრაციისთვის პროგრამის ჩატარება და განაცხადების მიღების ვადების განსაზღვრა დაევალებინა.
ფედერალურმა სასამართლომ სექტემბერში უარი თქვა საგანგებო ზომებზე, თუმცა საქმის განხილვა გააგრძელა და საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო დეპარტამენტს პროგრამის განახლება დაავალა.
სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ლატარია რეალურად განახლდა; ტრამპის ადმინისტრაციას გასაჩივრება შეუძლია, თუმცა სააპელაციო საჩივრის შეტანა მას გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ამ დროისთვის არ გავრცელებულა ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საქმეზე „Red Eagle Law v. Rubio“ სააპელაციო სასამართლოში საჩივარი შეიტანა.
***
პროგრამა Diversity Visa იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც აშშ-ში იმიგრაციის შედარებით დაბალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან, ყოველწლიურად საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლების მსურველთა შერჩევაში.
პროგრამით გათვალისწინებულია 55 000-მდე საიმიგრაციო ვიზა ყოველწლიურად. ლატარიაში „გამარჯვება“ კანდიდატებისთვის თავისთავად არ ნიშნავს „მწვანე ბარათის“ მიღებას – მათ დამატებითი მოთხოვნებიც უნდა დააკმაყოფილონ და შესაბამისი შემოწმება გაიარონ.
რა უნდა გააკეთონ ლატარიაში მონაწილეობის მსურველებმა
უნდა გადაამოწმონ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაცია და განაცხადი მხოლოდ ოფიციალურ ელექტრონულ სისტემაში შეავსონ. რეგისტრაციის ზუსტი თარიღებისა და წესების გამოქვეყნებამდე შუამავლებისთვის თანხის გადახდა ან არაოფიციალური ვებგვერდების ნდობა არ ღირს.
ინფორმაციის ოფიციალური წყაროებია:
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდი DV-2027-ის რეგისტრაციის შესახებ: https://travel.state.gov/content/travel/en/News/visas-news/changes-to-2027-dv-program-entry-period.html
- განაცხადის შევსების ოფიციალური ინსტრუქცია: https://travel.state.gov/content/travel/en/us-visas/immigrate/diversity-visa-program-entry/diversity-visa-submit-entry1.html
2026 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით, მწვანე ბარათის ლატარიის ოფიციალურ ვებგვერდზე DV-2027-ის რეგისტრაცია ჯერ არ არის გახსნილი. გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მხოლოდ DV-2026-ისა და DV-2025-ის მონაწილეებს ეხება. ახალი განაცხადების მიღების დაწყების თარიღი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად უნდა გამოაცხადოს.
ნინო ხოშტარია



