ქონების გადასახადის ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება – ვის აღარ მოუწევს გადახდა და რა იცვლება

საქართველოში ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის მოქმედი 40 000-ლარიანი ზღვარი იცვლება. „ქართული ოცნების“ განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ქონების გადასახადის ვალდებულება აღარ შეეხება იმ მოქალაქეებსა და ოჯახებს, რომელთა შესაბამისი წლიური შემოსავალი 100 000 ლარს არ აღემატება.
ინიციატივის შესახებ 14 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. მისი თქმით, 40 000-ლარიანი ზღვარი გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეებზე შენარჩუნდება. ხელისუფლების ინფორმაციით, ცვლილების შედეგად ქონების გადასახადის ვალდებულება დაახლოებით 81 000 ადამიანს მოეხსნება.
ცვლილების ამოქმედება 1-ელი ოქტომბრიდან იგეგმება და, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება.
დღეს რა წესი მოქმედებს?
ამჟამად ფიზიკური პირის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების ერთ-ერთი მთავარი პირობა ოჯახის წინა წლის შემოსავალს უკავშირდება: თუ ოჯახის შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატება, შესაბამისი დასაბეგრი ქონება, მიწის გარდა, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია.
თუ ოჯახის შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება და მას დასაბეგრი ქონება აქვს, პირს ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობა. შემოსავალი ითვლება წინა კალენდარული წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული თანხების მიხედვით.
ახალი წესის შემთხვევაში ეს ზღვარი 100 000 ლარამდე გაიზრდება.
მნიშვნელოვანია, რომ საუბარია არა მხოლოდ ხელფასზე. ქონების გადასახადის მიზნებისთვის შემოსავლის გამოთვლისას გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის შემოსავალი – მათ შორის, დარიცხული ხელფასი, იჯარიდან ან ქირიდან მიღებული თანხა, პროცენტი, გარკვეული შემთხვევებში ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, ინდივიდუალური მეწარმის შემოსავალი, დივიდენდი და სხვა შემოსავლები.
„ხელზე“ მიღებული თანხა არ უნდა დაითვალოთ
ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა იმის განსაზღვრა, გადააჭარბა თუ არა ადამიანმა ზღვარს მხოლოდ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ხელფასის მიხედვით.
მაგალითად, თუ დასაქმებულს ყოველთვიურად „ხელზე“ 3 000 ლარი ერიცხება, ქონების გადასახადის მიზნებისთვის მხოლოდ ეს თანხა არ უნდა აიღოთ საწყის მონაცემად. შემოსავლების სამსახურის შესაბამის კალკულატორში ხელფასი მითითებულია დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობით (ანუ მოქმედი გადასახადების ჩათვლით).
ამიტომ, საკუთარი შემოსავლის დასადგენად უნდა დაითვალოთ თქვენთვის დარიცხული შემოსავლები (Brutto) და არა ის თანხა, რომელსაც გადასახადების გამოკლების შემდეგ ხელზე იღებთ (Netto).
ოჯახის შემოსავალი როგორ ითვლება?
ქონების გადასახადის მიზნებისთვის მნიშვნელობა აქვს ოჯახის შემოსავალსაც. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ოჯახში მოიაზრება თავად ფიზიკური პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, ასევე, გარკვეული პირები, რომლებიც მასთან მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.
ამასთან, ოჯახის წევრთა წრე ავტომატურად არ ნიშნავს ყველა ადამიანს, ვინც ერთ მისამართზე ცხოვრობს. საგადასახადო მიზნებისთვის განსაზღვრულია, ვინ შეიძლება ჩაითვალოს ოჯახის წევრად და რა შემთხვევაში.
ამიტომ, თუ ოჯახის რამდენიმე წევრს აქვს შემოსავალი, ზღვრის დასადგენად მათი შესაბამისი შემოსავლების გათვალისწინებაც საჭიროა.
რა ხდება, თუ ქონება რამდენიმე ადამიანს ეკუთვნის?
თუ უძრავი ქონება თანასაკუთრებაშია, დეკლარაციაში თითოეულმა პირმა თავისი საკუთრების შესაბამისი წილი უნდა ასახოს.
მაგალითად, თუ ბინა ორ ადამიანს თანაბრად ეკუთვნის, თითოეული მესაკუთრე ქონებაში საკუთარ წილს უთითებს. ამ საკითხზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს.
მიწის შემთხვევაში სხვა წესია
მნიშვნელოვანი გამონაკლისია მიწა.
ქონების გადასახადისგან გათავისუფლების 40 000-ლარიანი ზღვარი მიწაზე ავტომატურად არ ვრცელდება. შემოსავლების სამსახური პირდაპირ მიუთითებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება შეიძლება ჰქონდეს მაშინაც, თუ მას საქართველოში დასაბეგრი მიწა აქვს, შემოსავლის ოდენობის მიუხედავად.
ამიტომ ახალი 100 000-ლარიანი ზღვარი არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს 100 000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ადამიანს ქონების გადასახადთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება ავტომატურად უქმდება.
როდის ივსება ქონების დეკლარაცია?
დღეს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა არაუგვიანეს 1-ელი ნოემბერია, ხოლო გადასახადის გადახდის ვადა – 15 ნოემბერი.
ამასთან, ახალი ცვლილების საბოლოო ფორმა და მისი ამოქმედების დეტალები კანონპროექტის მიღების შემდეგ დაზუსტდება. ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით კი, ცვლილება დაჩქარებული წესით უნდა მიიღონ და 1-ელი ოქტომბრიდან შევა ძალაში.
სად შეიძლება შემოსავლის შემოწმება?
საკუთარი შემოსავლების დასადგენად მოქალაქეს შეუძლია გამოიყენოს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისები. შემოსავლების სამსახურს ასევე აქვს ქონების გადასახადის მიზნებისთვის შემოსავლის სპეციალური გამომთვლელი, სადაც შესაძლებელია წინა კალენდარული წლის შემოსავლების მიხედვით შესაბამისი მონაცემების დათვლა.
ამისთვის უნდა შეხვიდეთ შემოსავლების სამსახურის შემდეგ გვერდზე – შემოსავლების სამსახურის ქონების გადასახადის სერვისი
მოკლედ, რა იცვლება?
დღეს: თუ ოჯახის შესაბამისი წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება და არსებობს დასაბეგრი ქონება, შეიძლება ქონების გადასახადის ვალდებულება წარმოიშვას.
ახალი წესით: დაგეგმილია ზღვრის 100 000 ლარამდე გაზრდა – შესაბამისად, 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის მოქმედი ქონების გადასახადის ვალდებულება, ხელისუფლების განცხადებით, გაუქმდება.
მნიშვნელოვანი გამონაკლისი: მიწასთან დაკავშირებული ვალდებულებები ცალკე წესით განისაზღვრება.
ამ ეტაპზე საუბარია დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებაზე. საბოლოო წესის შეფასებისთვის გადამწყვეტი იქნება მიღებული კანონის ტექსტი და მისი ამოქმედების კონკრეტული პირობები.



