იტალიასაზოგადოება

იტალია: Bonus bebé – სად და ვის შეუძლია თვეში 600 ევროს დახმარების მიღება

პროგრამა იმიგრანტებზეც ვრცელდება გარკვეული პირობებით

იტალიის სარდინიის რეგიონში ოჯახებს, რომლებიც შვილების გამო პატარა დასახლებებში ცხოვრებას ირჩევენ, მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების მიღება შეუძლიათ. ე. წ. „ბონუს ბებე“ (Bonus bebè) ყოველთვიური დახმარებაა და მისი მიზანი პატარა მუნიციპალიტეტებიდან მოსახლეობის გადინების შეჩერებაა.

სარდინიის რეგიონული ხელისუფლების მიერ განახლებული წესების მიხედვით, პროგრამა განკუთვნილია იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ან საცხოვრებლად გადავლენ სარდინიის მუნიციპალიტეტში, სადაც მოსახლეობა 5000-ს არ აღემატება (იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის, ISTAT-ის 2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემები).

რამდენია დახმარება?

ფინანსური მხარდაჭერა ყოველთვიური თანხის სახით გაიცემა:

  • 600 ევრო თვეში – პირველ შვილზე;
  • 400 ევრო თვეში – ყოველ მომდევნო შვილზე.

პროგრამა ითვალისწინებს დახმარებას ბავშვის დაბადების, შვილად აყვანის ან შვილად აყვანის წინა მეურვეობის შემთხვევაში. რეგიონული ხელისუფლების განმარტებით, ღონისძიების მთავარი მიზანია დემოგრაფიულად მოწყვლად პატარა დასახლებებში ოჯახების სტაბილური ცხოვრების ხელშეწყობა.

ეს მხოლოდ ერთჯერადი ბონუსი არ არის – თანხა ყოველთვიურად გაიცემა. სარდინიის ხელისუფლებამ პროგრამის წარდგენისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაქსიმალური დახმარების უზრუნველყოფა ბავშვის 5 წლის ასაკამდე იყო გათვალისწინებული.

ვის შეუძლია დახმარების მიღება?

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სრულ, ისე მარტოხელა მშობლების ოჯახებს, თუმცა საჭიროა რამდენიმე პირობის ერთდროულად დაკმაყოფილება.

მოქმედი წესების მიხედვით, პროგრამა მოიცავს:

  • ბავშვებს, რომლებიც 2022 წლიდან დაიბადნენ, იშვილეს ან შვილად აყვანამდე მეურვეობაში აიყვანეს 3000-ზე ნაკლები მოსახლეობის მქონე მუნიციპალიტეტებში;
  • ბავშვებს, რომლებიც 2024 წლიდან დაიბადნენ, იშვილეს ან შვილობის წინა მეურვეობაში აიყვანეს 5000-ზე ნაკლები მოსახლეობის მქონე მუნიციპალიტეტებში.

ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ მშობელი (ოჯახი) საცხოვრებლად უფრო დიდი მუნიციპალიტეტიდან შესაბამის პატარა მუნიციპალიტეტში ბავშვის დაბადების ან შვილად აყვანის წელს უნდა გადავიდეს.

ოჯახმა ასევე უნდა იკისროს ვალდებულება, რომ ახალ მუნიციპალიტეტში ოფიციალურ საცხოვრებელ ადგილს მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში დახმარების მიღების უფლებას დაკარგავს.

ბავშვი უნდა ცხოვრობდეს, სულ მცირე, ერთ მშობელთან, რომელსაც აქვს მშობლის უფლებამოსილება ან კანონიერი მეურვეობის უფლება.

საცხოვრებელი სახლიც უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნილ კრიტერიუმებს

პროგრამაში მონაწილეობისთვის ოჯახს შესაბამის მუნიციპალიტეტში უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი სახლი კანონიერ საფუძველზე – საკუთრებაში, ქირით, უსასყიდლო სარგებლობის უფლებით ან სხვა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით.

ამასთან, პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან ოჯახები, რომლებიც უკანონოდ იკავებენ სახელმწიფო საცხოვრებელს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დახმარება მხოლოდ იტალიის მოქალაქეებისთვის არ არის განკუთვნილი. პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ევროკავშირის მოქალაქეებსა და მესამე (ევროკავშირის არაწევრი) ქვეყნების მოქალაქეებსაც, რომლებიც იტალიაში კანონიერად ცხოვრობენ (ანუ მათი ბინადრობის ნებართვა ძალაშია).

განაცხადის შეტანა

ბენეფიციარმა განაცხადი უნდა წარუდგინოს იმ მუნიციპალიტეტს, სადაც ოჯახი უკვე ცხოვრობს ან სადაც საცხოვრებლად გადადის.

მუნიციპალიტეტები განაცხადების მისაღებად შესაბამის საჯარო განცხადებებს აქვეყნებენ. აღსანინავია, რომ მათ, ვინც დახმარებით წინა წლებში უკვე სარგებლობდა, ახალი ეტაპის დროს განაცხადის ხელახლა შეტანა მაინც სჭირდებათ – ეს აუცილებელია იმის დასადასტურებლად, რომ ყველა ძირითადი პირობა კვლავ სრულდება.

მხოლოდ სარდინიაში?

ეს კონკრეტული 600/400-ევროიანი პროგრამა სარდინიის რეგიონული ინიციატივაა და არა იტალიის მასშტაბით მოქმედი ერთიანი სახელმწიფო შემწეობა.

მისი მთავარი მიზანი სარდინიის პატარა და დემოგრაფიულად მოწყვლადი მუნიციპალიტეტების დაცლა-დაცარიელების წინააღმდეგ ბრძოლაა. რეგიონი პროგრამის დაფინანსებას უახლოეს წლებშიც გააგრძელებს: 2026 წლისთვის პატარა მუნიციპალიტეტების მხარდასაჭერად 51,4 მილიონი ევროა გათვალისწინებული, დაფინანსება 2027 და 2028 წლებშიც არის დაგეგმილი.

სარდინიის ხელისუფლების გადაწყვეტილება განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, რომ კუნძულს იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შობადობის მაჩვენებელი აქვს. შესაბამისად, აქ სახელმწიფო და რეგიონული დახმარების მიზანი მხოლოდ ოჯახებისთვის ფინანსური შეღავათის მიცემა კი არა, პატარა დასახლებებში მოსახლეობის შენარჩუნება და ახალი ოჯახების მოზიდვაცაა.

ნინო ხოშტარია

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close