მსოფლიოპოლიტიკაეკონომიკა

აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტი ახალ ფაზაში გადავიდა – რატომ განახლდა დარტყმები და რა როლს თამაშობს ისრაელი?

ახლო აღმოსავლეთში მოკლე ხანში კონფლიქტის დასრულებას პირი ისევ არ უჩანს. ივნისში გაჩენილი დეესკალაციის იმედი ბოლო დღეებში გაქარწყლდა. ვითარება კვლავ სწრაფად იცვლება. ახლა კონფლიქტი კვლავ ესკალაციის გზაზეა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ცნობით, ამერიკულმა ძალებმა ზედიზედ მეშვიდე ღამეს ირანზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს. ვაშინგტონის განცხადებით, ოპერაციის მიზანი ირანის სამხედრო შესაძლებლობების შემცირება და სპარსეთის ყურეში საერთაშორისო ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

რა გახდა ახალი ესკალაციის მიზეზი და რატომ განაახლა აშშ-მა ირანზე დარტყმები

დაძაბულობის ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც დროებითი დეესკალაცია ჩაიშალა. აშშ-ის ადმინისტრაციის განმარტებით, დარტყმების განახლების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ირანის მოქმედებებმა კვლავ გაამწვავა უსაფრთხოების ვითარება ჰორმუზის სრუტესა და სპარსეთის ყურის რეგიონში. ირანი ამ ბრალდებას არ ეთანხმება.

ამერიკის მხარის განცხადებებით, ახალ საჰაერო იერიშებს ოთხი ძირითადი მიზანი აქვს:

  • ირანის სარაკეტო შესაძლებლობების შემცირება;
  • უპილოტო საფრენი აპარატების ინფრასტრუქტურის დაზიანება;
  • საჰაერო თავდაცვის სისტემების დასუსტება;
  • სამხედრო ლოგისტიკის შეფერხება სამხრეთ ირანში.

ბოლო დღეებში ყველაზე ხშირად ბანდარ-აბასის (სპარს. აბასის პორტი) სახელი ისმის და ეს შემთხვევითი არ არის.

ბანდარ-აბასი ირანის უმნიშვნელოვანესი სამხედრო-საზღვაო ქალაქია ქვეყნის სამხრეთით, სპარსეთის ყურის სანაპიროზე. სწორედ აქ მდებარეობს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მნიშვნელოვანი საზღვაო ინფრასტრუქტურა, საიდანაც ირანი ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს.

საერთაშორისო მედიის ცნობით, ბოლო იერიშებისას დაზიანდა ხიდები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, აეროპორტი და სხვა ობიექტები. ირანული სააგენტოები (Tasnim და Fars) ირწმუნებიან, რომ დარტყმებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც დააზიანა, მათ შორის, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ობიექტები. ამ ცნობების ნაწილი დამოუკიდებელი წყაროებით ჯერ სრულად დადასტურებული არ არის, რის გამოც საერთაშორისო მედია მათ ირანის ოფიციალურ პოზიციად აშუქებს. თავის მხრივ, აშშ აცხადებს, რომ მათი დარტყმების სამიზნე მხოლოდ სამხედრო ლოგისტიკა იყო.

რა როლი აქვს ისრაელს?

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში მთავარი ყურადღება ამერიკის ავიადარტყმებზეა გადატანილი, ისრაელი კონფლიქტის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ რჩება და ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურისა და რეგიონში მოქმედი პროირანული დაჯგუფებების წინააღმდეგ ოპერაციებს აგრძელებს. მისი მთავარი მიზანია, ირანმა ვერ შეძლოს სამხედრო პოტენციალის სწრაფად აღდგენა და რეგიონში საკუთარი გავლენის გაფართოება.

ანალიტიკოსების შეფასებით, ვაშინგტონისა და თელ-ავივის მოქმედებები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი არ არის, თუმცა თითოეულ მხარეს საკუთარი სამხედრო პრიორიტეტები აქვს.

ჰორმუზის სრუტე ისევ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მსოფლიოში ზღვით გადაზიდული ნავთობის დაახლოებით მეხუთედი სწორედ ჰორმუზის სრუტეზე გადის. ამ მარშრუტის შეფერხება ნავთობის მიწოდებას მნიშვნელოვნად ამცირებს, რაც ენერგომატარებლების ფასებზე თითქმის მყისიერ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ ნებისმიერ სამხედრო მოქმედებას ბანდარ-აბასისა და ჰორმუზის მიმდებარე ტერიტორიაზე გლობალური ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს.

როგორ რეაგირებს ნავთობის ბაზარი?

რამდენიმე კვირის წინ, როდესაც მხარეებს შორის დაძაბულობის შემცირების იმედი გაჩნდა, ნავთობის ფასებმა დაიკლო (ივლისის დასაწყისში „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი 70-72 დოლარის ფარგლებში იყო), თუმცა სამხედრო ოპერაციების განახლების შემდეგ, ბოლო დღეებში Brent-ის მარკის ნავთობი კვლავ გაძვირდა (დღევანდელი მაჩვენებლით, მისი ფასი 88,3 დოლარამდეა) და ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა არასტაბილურობა.

ანალიტიკოსთა შეფასებით, უახლოესი დღეები გადამწყვეტი იქნება. თუ სამხედრო მოქმედებები მხოლოდ საჰაერო ოპერაციებით შემოიფარგლება, კონფლიქტი შესაძლოა შეზღუდულ ფარგლებში დარჩეს. თუმცა თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის კიდევ უფრო შეზღუდვას ან რეგიონში აშშ-ის მოკავშირეებზე მასშტაბურ შეტევებს შეეცდება, კონფლიქტი უფრო გამწვავდება, რაც არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებას, არამედ მსოფლიო ეკონომიკასა და ენერგეტიკულ ბაზარსაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

ბოლო ინფორმაციით, ირანის სამხედროებმა ერაყის ქურთისტანში ამერიკული ბაზების წინააღმდეგ ინტენსიური შეტევა დაიწყეს. ირანული მედიის იუწყება, რომ თავდასხმის სამიზნე ქალაქი სულაიმანია. პარალელურად, ერაყის ქურთისტანის მედიის ცნობით, სულაიმანზე დრონებით და რაკეტებით თავდასხმა განხორციელდა.

ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ თავდასხმა განახორციელეს ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე.

ნიკო აბაშიშვილი

დაკავშირებულ თემაზე: ნავთობი იაფდება – რა შეიცვალა ჰორმუზის სრუტეში აშშ-ირანის შეთანხმების შემდეგ

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close