თუ გერმანიაში მატარებლით ერთხელ მაინც გიმგზავრიათ, დიდი შანსია, დაგვიანება საკუთარ თავზეც გამოგეცადათ. გერმანიის რკინიგზა, რომელიც წლების განმავლობაში პუნქტუალურობისა და საიმედოობის ეტალონად ითვლებოდა, დღეს სერიოზული კრიზისის წინაშე დგას. დაგვიანებული და გაუქმებული რეისები, მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადადებული სამშენებლო პროექტები და ტექნიკური გაუმართაობა ყოველდღიურ პრობლემად იქცა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.
უახლესი მაგალითი ივლისის დასაწყისში დაფიქსირდა, როდესაც გერმანიაში რეკორდულმა, ზოგიერთ რეგიონში 40 გრადუსზე მეტმა, სიცხემ რკინიგზის ინფრასტრუქტურას დამატებითი პრობლემები შეუქმნა. დაზიანდა რელსები და გადასაყვანი ისრები, ხოლო რამდენიმე მატარებელში კონდიცირების სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. ამის გამო Deutsche Bahn-მა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და მგზავრებს, რომლებსაც ასეთ პირობებში მგზავრობა აღარ სურდათ, ბილეთის თანხის სრულად დაბრუნების შესაძლებლობა მისცა.
თუმცა ეს მხოლოდ დროებითი შეფერხება არ არის. გერმანიის სარკინიგზო სისტემის პრობლემები ათწლეულების განმავლობაში დაგროვდა და მათი მოგვარება რამდენიმე თვეში შეუძლებელი იქნება.
მატარებლების მხოლოდ 60% მოძრაობს გრაფიკის შესაბამისად
Deutsche Bahn-ის მონაცემებით, შორ მანძილზე მოძრავი მატარებლების მხოლოდ დაახლოებით 60% ჩადის დანიშნულების ადგილზე დაგეგმილ დროს. თანაც ეს სტატისტიკა რეალურ სურათს სრულად არ ასახავს, რადგან გაუქმებული რეისები ან ის მატარებლები, რომელთა მარშრუტი ნაადრევად შეწყდა, პუნქტუალურობის ოფიციალურ მონაცემებში საერთოდ არ აისახება.
კომპანია დაგვიანებულად მხოლოდ იმ მატარებელს მიიჩნევს, რომელიც ექვს წუთზე მეტს აგვიანებს, თუმცა პრაქტიკაში მგზავრებს ხშირად გაცილებით დიდი შეფერხებების ატანა უწევთ.
განსაკუთრებით ხმაურიანი იყო 23 ივნისის ინციდენტი, როდესაც მოძველებული GSM-R საკომუნიკაციო სისტემის ტექნიკური მომსახურებისას ავარია მოხდა. ამის გამო გერმანიის რკინიგზის მოძრაობა დროებით მთლიანად შეჩერდა. ათასობით მგზავრი სხვადასხვა ქალაქში ჩარჩა, Deutsche Bahn-ს კი სასტუმროსა და ტაქსის ხარჯების დაფარვა მოუწია.
როგორ აღმოჩნდა გერმანიის რკინიგზა ასეთ მდგომარეობაში?
დღევანდელი კრიზისის მიზეზები ბოლო რამდენიმე წელიწადში არ გაჩენილა. გერმანიის გაერთიანების შემდეგ დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის სახელმწიფო რკინიგზები ერთ კომპანიად – Deutsche Bahn-ად გაერთიანდა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ მიმართულებებზე მაღალსიჩქარიანი ხაზები აშენდა, სარკინიგზო ქსელის დიდი ნაწილი, პრაქტიკულად, ძველ მდგომარეობაში დარჩა.
დღემდე გერმანიაში არსებობს მონაკვეთები, სადაც რელსები, სიგნალიზაციის სისტემა და ინფრასტრუქტურის ნაწილი ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან არის შემორჩენილი.
2000-იან წლებში კომპანიამ ხარჯების შემცირების პოლიტიკა აირჩია. შემცირდა პერსონალი, გადაიდო ინფრასტრუქტურის განახლება და პრიორიტეტი ფინანსურ შედეგებს მიენიჭა. შედეგად, რელსების, ხიდებისა და მართვის სისტემებისთვის აუცილებელი ინვესტიციები წლების განმავლობაში არ განხორციელებულა.
დღეს სწორედ ამ გადაწყვეტილებების შედეგს იმკის გერმანიის რკინიგზა.
Stuttgart 21 – პროექტი, რომლის დასრულების ვადამ რამდენჯერმე გადაიწია
Deutsche Bahn-ის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ პროექტად დღემდე რჩება Stuttgart 21.
ახალი მიწისქვეშა სადგური თავდაპირველად 2019 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა პროექტის დასრულების ვადამ უკვე რამდენჯერმე გადაიწია და ახლა საუბარია 2031 წელზე. ამასთან, მშენებლობის ღირებულება თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით ორჯერ მეტია.
კომპანიის ხელმძღვანელობა აღიარებს, რომ პროექტს ტექნიკური, სამშენებლო და ციფრული სისტემების დანერგვასთან დაკავშირებული სერიოზული სირთულეები ახლავს.
უახლოესი წლები მგზავრებისთვის კიდევ უფრო რთული იქნება
პარადოქსია, მაგრამ ექსპერტების შეფასებით, სანამ მდგომარეობა გაუმჯობესდება, პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდება.
გერმანია ახლა თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სარკინიგზო რეკონსტრუქციას იწყებს. 2030 წლამდე სრულად უნდა განახლდეს 40 ძირითადი სარკინიგზო დერეფანი, რომელთა საერთო სიგრძე დაახლოებით 4200 კილომეტრია.
სამუშაოების პერიოდში ცალკეული ხაზი რამდენიმე თვით მთლიანად დაიკეტება. ამის გამო მატარებლების მოძრაობა შემოვლით მარშრუტებზე გადამისამართდება, რაც მგზავრობის დროს ხშირად 60-90 წუთით გაზრდის.
პირველი დიდი პროექტი უკვე დასრულდა – ფრანკფურტსა და მანჰაიმს შორის 70-კილომეტრიანი Riedbahn-ი სრულად განახლდა. სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა რელსები, გადასაყვანი ისრები, საკონტაქტო ქსელი, სიგნალიზაცია და რამდენიმე სადგური. ამისთვის ხაზი ხუთი თვით მთლიანად დაიკეტა.
ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ბერლინი-ჰამბურგის ხაზზეც, ხოლო მომდევნო ეტაპზე რეკონსტრუქცია ბერლინი-ჰანოვერის მიმართულებაზე დაიწყება.
როდის გამოსწორდება ვითარება
Deutsche Bahn-ი აღარ იძლევა ისეთ ამბიციურ დაპირებებს, როგორიც წარსულში ჰქონდა. კომპანიის ახალი ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ახლა მთავარი რეალისტური მიზნების დასახვაა.
გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის შორ მანძილზე მოძრავი მატარებლების პუნქტუალურობა 69-72%-მდე უნდა გაიზარდოს, ხოლო 2035 წლისთვის დაახლოებით 80%-ს მიაღწიოს.
ამასთან, კომპანია გეგმავს მოძველებული GSM-R ქსელის ჩანაცვლებას თანამედროვე 5G ტექნოლოგიით, რაც მომავალში მსგავსი მასშტაბის ტექნიკური ავარიების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
მიუხედავად ამისა, უახლოეს წლებში გერმანიაში მატარებლით მგზავრობა, სავარაუდოდ, კვლავ მოთმინებას მოითხოვს. იმისთვის, რომ Deutsche Bahn-ი მომავალში უფრო საიმედო გახდეს, დღეს მგზავრებს კიდევ უფრო მეტი შეფერხების გადატანა მოუწევთ.
ამიტომ, თუ გერმანიაში, განსაკუთრებით შორ მანძილზე, მატარებლით მოგზაურობას გეგმავთ, სასურველია დროის გარკვეული მარაგი ყოველთვის გაითვალისწინოთ, მით უფრო, თუ საქმიან შეხვედრაზე მიდიხართ. ამ ეტაპზე პუნქტუალურობა გერმანიის რკინიგზის ყველაზე სუსტი რგოლია, თუმცა სწორედ მიმდინარე მასშტაბური მოდერნიზაცია უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ Deutsche Bahn-მა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო სარკინიგზო სისტემის სტატუსი კვლავ დაიბრუნოს.
ცნობისათვის: 2024 წლის მონაცემებით, ყველაზე პუნქტუალური სარკინიგზო მიმოსვლის მხრივ შვეიცარიაა – ამ ქვეყნის მატარებლების 99% დადგენილ დროს ჩადის დანიშნულების ადგილას. პირველ ათეულში, ლიდერ შვეიცარიასთან ერთად, არის: ბელგია (96%), ნიდერლანდები (91%), დანია (91%), ლუქსემბურგი (90%), საფრანგეთი (87%), ჩეხეთი (83%), უნგრეთი (83%), ავტრია (81%) და იტალია (64%). პუნქტუალურობით განთქმული გერმანია 62%-ით მე-11 ადგილზეა. მონაცემები გერმანულ პორტალ Reisereporter-ს ეკუთვნის და Zugfinder.net-ის სტატისტიკას ეფუძნება (შორ მანძილზე მოძრავი მატარებლები, რომლებიც დანიშნულების ადგილზე 6 წუთზე ნაკლები დაგვიანებით ჩავიდნენ).
უახლესი სტატისტიკის თანახმად კი, მიმდინარე წლის ივნისში Deutsche Bahn-ის მატარებლების 52,6% ჩავიდა დროულად დანიშნულების ადგილას.
ნანა ძნელაძე



