nostal.ge, როგორც პორტალი ქართველი ემიგრანტებისთვის, რომელიც უკვე 9 წელია, ემიგრანტების ცხოვრებას, მათ ხმას აცნობს ქართველ მკითხველს საქართველოში თუ საზღვარგარეთ, ამჯერად გთავაზობთ ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმის - ირაკლი კილაძის ღია წერილს, რომელშიც იგი წარმოგვიდგენს თავის ხედვას საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობასა და მომავალ განვითარებაზე. ირაკლი კილაძე არის ისრაელის ქართული დიასპორული ორგანიზაცია „მამულის“ დამფუძნებელი, მან ისრაელში, ქალაქ ლოდში პირველმა გახსნა ქართული საკვირაო (საშაბათო) სკოლა 2018 წელს, სადაც ჩვენს თანამემამულეებთან ერთად ქართველი ებრაელი ბავშვებიც სწავლობენ ქართულ ენას, ლიტერატურას და საქართველოს ისტორიას. როგორც ქართველი ექიმი წერს, ეს არის „შორიდან, იმ მოკეთე ადამიანის პროტესტი“, რომელიც მუდმივად ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და გული შესტკივა თავის სამშობლოსა და თანამემამულეებზე. ირაკლი კილაძის წერილს უცვლელად გთავაზობთ. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, უკვე მრავალი წელია, რაც სამშობლოდან შორს - ისრაელში ვცხოვრობ და ვმუშაობ, თუმცა ჩემი ფიქრები, დარდი და სიხარული ყოველთვის საქართველოს უკავშირდება. ემიგრაციაში ყოფნა ერთგვარ სპეციფიკურ ხედვას გიყალიბებს - შორიდან ყველაფერს უფრო მძაფრად განიცდი, ხოლო სამშობლოში ყოველი დაბრუნება დიდი იმედითა და მოლოდინითაა სავსე. ცოტა ხნის წინ 20 დღე გავატარე საქართველოში. ვიყავი თბილისშიც და რეგიონშიც. მინდა სრულიად გულახდილად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე გაგიზიაროთ ის, რაც ვნახე, რამაც გამახარა და რამაც მწვავედ დამაფიქრა. პირველი შთაბეჭდილებები და პოზიტიური ძვრები საქართველოში ჩამოსვლისთანავე, უკვე რამდენი ხანია, ყოველი სტუმრობისას თვალში გეცემათ ის წესრიგი, რაც აეროპორტში გვხვდება. ძალიან მისასალმებელი და სასიამოვნოა ასე მოწესრიგებული სასაზღვრო ზოლის ხილვა, რომელიც პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. ასევე, ყოველი ჩამოსვლისას, როდესაც კი მიწევს იუსტიციის სახლში მისვლა, ყოველთვის სრულიად კმაყოფილი ვრჩები მათი სერვისით. ზოგადად, მომსახურების დონე ქვეყანაში საგრძნობლად მომატებულია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო თბილისში არსებული სისუფთავე - ეს მართლაც თვალში საცემია და ამ დადებითი ტენდენციის დანახვა და დაფასება აუცილებელია. ასევე, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კერძოდ კი ახალი ავტობუსები, არის ძალიან გამართული, რაც მგზავრობას კომფორტულს ხდის. ეს ყველაფერი ნამდვილად კარგია და შესაბამისი სამსახურების მხრიდან მისასალმებელ მუშაობაზე მეტყველებს. სად არის ქართული გენის ნამდვილი ძალა? ჩვენს ქვეყანას აქვს ერთი საოცარი ფენომენი, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ რა შეუძლია ქართველ კაცს, როდესაც მას მუშაობისა და განვითარების ჯანსაღ პირობებს ვუქმნით. თუნდაც ჩვენს სპორტსმენებს რომ შევხედოთ - არ არსებობს კვირა, რომ მსოფლიო ასპარეზზე ქართველი ჩემპიონი არ მოგვევლინოს. ისინი არიან ჩვენი ნამდვილი მედროშეები მსოფლიოში, ჩვენი სიამაყე. თუნდაც რადა ღირს, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენმა საამაყო ბიჭმა ხვიჩა კვარაცხელიამ ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის თასი რომ ასწია, უკვე მეორედ. იმედია სხვა სპორტსმენებს არ ეწყინებათ - თქვენით ყველანი ბედნიერები და ამაყები ვართ. ჩვენო საამაყო სასიქადულო სპორტსმენებო, ასე გააგრძელეთ ჩვენი ქვეყნის სასახელოდ მოღვაწეობა! რატომ ხდება ეს ყოველივე? იმიტომ, რომ სპორტში - იქ, სადაც ბიუროკრატიული ბარიერები ნაკლებია, ქართული ნიჭი და თავდადება უალტერნატივო მწვერვალებს იპყრობს. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ პირველები, პროფესიონალები და კონკურენტუნარიანები! ყოველდღიური აბსურდი, ქაოსური განაშენიანება, მუდმივი საცობები და კოშმარული ფასები თუმცა ყოველდღიურ ყოფაში ისეთ აბსურდულ რეალობას ვაწყდებით, რომელიც გაცილებით მეტ ყურადღებასა და რეაგირებას მოითხოვს. ინფრასტრუქტურული პროექტები და ქალაქგეგმარება ხშირად სრულიად მოწყვეტილია ხალხის სასიცოცხლო საჭიროებებს. ავიღოთ თუნდაც დედაქალაქის ქუჩები: თბილისში, საითაც არ გაიხედავ, ყველგან შეჭუჭყული, უგემოვნო, აჩონჩხილი მაღალსართულიანი კორპუსებია. მე არ ვარ სეისმოლოგი, ექიმი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენი ზონა სეისმურად სპეციფიკური და არამყარია — შიშით შეხედავ კაცი ამ განაშენიანებას. იგივე კოშმარული ტენდენცია შეინიშნება ბათუმშიც და, ნეტავ, ვინც ამ ნებართვებს ასე უპასუხისმგებლოდ გასცემს, როგორ სძინავს მშვიდად?! ამ გიგანტურ კორპუსებს აშენებენ და ელემენტარულ პარკირების სივრცეს არ ითვალისწინებენ. ქუჩიდან სახლისკენ რომ გადმოუხვევ, გეგონება ვიწრო, ჩახერგილ გვირაბში შედიხარ, სადაც ორ მანქანას ერთმანეისთვის გვერდის აქცევა არ შეუძლია. ცალკე პრობლემაა ნაგვის ურნების საკითხი: არაერთ ახალ საცხოვრებელ კომპლექსთან ელემენტარული საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურაც კი სათანადოდ არ არის გათვალისწინებული, რაც მოსახლეობას ყოველდღიურ დისკომფორტს უქმნის. ამ ყველაფერს ემატება მუდმივი, დამქანცველი საცობები, რის გამოც როგორც თბილისში, ისე ბათუმში ყოველდღიურობა აუტანელი ხდება და გადაადგილება დიდ დისკომფორტთანაა დაკავშირებული. აი, მაგალითად, ბათუმიდან გამოსვლა ნამდვილ კოშმარად არის ქცეული; მიუხედავად იმისა, რომ გვირაბი ახლახან გაარემონტეს, იქ ისევ ძველი, მოუგვარებელი პრობლემა და საცობია. ამას წინათ ჩემი მეგობარი მოდიოდა ბათუმიდან და მხოლოდ ამ ქალაქიდან გამოსვლას შეალია უზარმაზარი დრო და ენერგია. ცენტრალური ქუჩებიდან ოდნავ გადაუხვევ თუ არა, გზები უამრავი ორმოთია სავსე. ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ გზების რეაბილიტაცია ფრაგმენტულად და ფორმალურად მიმდინარეობს - ერთ მონაკვეთზე სამუშაო სრულდება, ხოლო მის გვერდით არსებული დაზიანებები ხელუხლებლად რჩება. შედეგად, მოქალაქე ვერ გრძნობს რეალურ გაუმჯობესებას. ტაქსით რომ მოდიხარ, მძღოლის მიმართ დანაშაულის გრძნობა გეუფლება - ისეთი გაუვალი მდგომარეობაა. ცალკე საუბრის თემაა ის კოშმარული ფასები, რაც დღეს ქვეყნის მაღაზიებსა თუ აფთიაქებშია. მე, რა თქმა უნდა, ქართული შემოსავლების მასშტაბით არ ვფიქრობ, რადგან უცხოეთში გამომუშავებულ ფულს ვხარჯავდი, მაგრამ ჩემთვისაც კი სრულიად თვალშისაცემი და გამაოგნებელი იყო, თუ როგორ კატასტროფულადაა ყველაფერი გაძვირებული. საოცრებაა, უბრალოდ არ ვიცი, ადგილობრივი მოსახლეობა ამ წნეხს როგორ უძლებს. ამ ყოფით პრობლემებს ემატება საპარკინგე სამსახურების არაადეკვატური მიდგომა და კატასტროფულად მომატებული ჯარიმები, რაც მოსახლეობის შემოსავლების ფონზე არის არა პრევენცია, არამედ, ფაქტობრივად, საკუთარი ხალხის დასჯა და ბიუჯეტის მათ ხარჯზე შევსება. ეს ყველაფერი ადამიანების ყოველდღიურ ფსიქიკაზე მოქმედებს. ქართველ ხალხს ერთი თვისება აქვს - ის ამაყია. გაჭირვებას საჯაროდ არასდროს იტყვის, ამიტომ ყოფითი პრობლემების გამო ქუჩაში აქციებზე არ გამოვა, ეთაკილება. თუმცა, ძვირფასო ხელისუფლებავ, ისე არ ქნათ, რომ მოსახლეობა არა პოლიტიკური მოწოდებებით, არამედ აი ამ ყოფითი, უსამართლო წნეხის გამო გამოიყვანოთ ქუჩაში. ძალიან მცირეა დღეს თქვენსა და რეალურ ცხოვრებას შორის კავშირი. ბიუროკრატიული ფორმალიზმი, გეგმის უქონლობა და დემოგრაფიული კატასტროფა სახელმწიფო ყოველწლიურად გარკვეულ თანხას გამოყოფს საგრანტო პროგრამებისთვის უცხოეთში დიასპორული ორგანიზაციებისა და საკვირაო სკოლებისთვის. ჩემმა ორგანიზაციამაც („მამული“) მიიღო გასულ წელს ეს გრანტი და ის სრულად მოვახმარეთ პედაგოგების დაფინანსებას. ჩვენ უცხოეთში უკვე 8 წელია, ყოველ შაბათს, სრულიად უანგაროდ ვასწავლით ემიგრანტების შვილებს ქართულ ენასა და ისტორიას. მხარდაჭერა აუცილებელია, თუმცა, ვფიქრობ, ეს რესურსი ბევრად უფრო ეფექტიან და მასშტაბურ პროექტებში უნდა იდებოდეს. ეს თანხები უნდა მიემართებოდეს არა უცხოეთში მათ დასატოვებლად, არამედ ისეთი პლატფორმების შესაქმნელად, რომლებიც ემიგრანტებს რეალურად დაეხმარება სამშობლოში დაბრუნებაში. ემიგრანტების რეალური დაბრუნება არის ის ერთადერთი გზა, რითაც შეიძლება ქვეყანამ დაძლიოს უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემა, რომელიც საქართველოს ასე საგანგაშოდ აწუხებს. უამრავი ახალგაზრდა, ვინც ახალი შთამომავლობა უნდა შექმნას, ქვეყნიდანაა გაქცეული, რის გამოც სამშობლოში ოჯახები იშლება. ეს უნდა გახდეს ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი, მაგრამ რეალურად სახელმწიფოს გრძელვადიანი სტრატეგია საერთოდ არ ჩანს. ხელისუფლება დაგვპირდა 10-წლიან განვითარების გეგმას, მე პირადად ყურადღებით ვადევნებ თვალს პროცესებს, მაგრამ ეს გეგმა საზოგადოებისთვის რეალურად წარმოდგენილი არ ყოფილა. ამას წინათ ტელევიზიით თვალს ვადევნებდი პარლამენტში გამართულ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომას, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა. გულახდილად გეტყვით - შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო სრულიად უფუნქციო და ფორმალური შეკრება. სხდომა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და ერთადერთ მწვავე კითხვას, რომელიც დაისვა, შენიშვნების გამო ბოლომდე ვერ გაეცა პასუხი. დანარჩენი გამომსვლელები, თითქოს დავალებით, მხოლოდ მოვალეობის მოხდის გამო გამოვიდნენ და მეტი არაფერი. ხელისუფლების მხრიდან საერთოდ არ ისმოდა მთავარი - ფიქრობენ თუ არა ისინი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებაზე? მოსახლეობასთან დიალოგის დეფიციტი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები ხელისუფლების წარმომადგენლებს ხშირად ახასიათებთ მიდგომა, თითქოს მათი გადაწყვეტილებები ყოველთვის უშეცდომოა და საზოგადოებრივ აზრს ნაკლებად უსმენენ. ამის ნათელი მაგალითია ჩემი პირადი გამოცდილებაც: ამას წინათ, საზღვარგარეთ ვიზიტისას, განათლების მინისტრი შეხვდა ჩვენი დიასპორული ორგანიზაციის წევრებს საელჩოში. მეც, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მქონდა პატივი, პირადად გავცნობოდი და მესაუბრა ბატონ მინისტრთან. მინისტრის რამდენიმე ინიციატივა მოსაწონია, თუმცა აბსოლუტურად არ დავეთანხმე ერთ საკითხში - ეს იყო წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანების პროექტი. ამ შეხვედრაზე პირდაპირ აღვნიშნე, რომ ეს ინიციატივა სრულიად არამიზანშეწონილად მიმაჩნდა და მივიჩნევდი ამას დროისა და რესურსების უაზრო გაფლანგვად. მინისტრმა მაშინ აქტიურად დაიცვა თავისი პოზიცია, თუმცა, როგორც ყველამ ვნახეთ, საქართველოში დაბრუნებიდან სულ რაღაც ერთ კვირაში ეს პროექტი უკან წაიღეს. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ მმართველ გუნდში ხანდახან მატარებლის წინ გარბიან. ვფიქრობ, ამ მიმართულებით შეცდომას უშვებთ - განა უკეთესი არ იქნებოდა, მსგავსი იდეები წინასწარ ფართო განხილვის საგნად გექციათ? ქვეყანაში უამრავი კომპეტენტური ექსპერტია, რომელთა აზრის გათვალისწინებაც კავკასიის საკითხებში, ეკონომიკურ მიმართულებაზე, სოფლის მეურნეობისა თუ უსაფრთხოების სფეროებში სახელმწიფოს მხოლოდ წაადგებოდა. ხელისუფლებაში ხშირად თითქოს უკადრისობენ სხვისი აზრის მოსმენას. ამის ნაცვლად, ისინი დებატებში შედიან მხოლოდ ისეთ ხალხთან, ვისთანაც კამათი ადვილია მათთვის - ყოფილი რეჟიმის წარმომადგენლები მათთვის ერთგვარ მოკრივის სავარჯიშო მსხლად იქცნენ, რომელთან პაექრობაშიც მუდამ იოლად გამარჯვებულები გამოდიან და ამით რეალურ პრობლემებს გაურბიან. მე, როგორც ექიმს, თუ რამე არ ვიცი ან არ მახსოვს, ყოველთვის შემიძლია ვიკითხო და კოლეგებს რჩევა ვთხოვო - ეს ჩემს სისუსტეს კი არ ნიშნავს, არამედ პირიქით, პასუხისმგებლობაზე მეტყველებს. საზღვარგარეთ, იმ კლინიკებსა და განყოფილებებში, სადაც მე მიმუშავია, ნამდვილი პროფესიონალები ზუსტად ასე იქცევიან - უსმენენ სხვებს და ჭკვიანურ რჩევებს იღებენ. პენსიის 20 ლარით მომატება მოხუცებს, ხოლო რამდენიმე ათასლარიანი პრემიები და ბონუსები - პარლამენტარებსა და მაღალჩინოსნებს და აი, მივადექით ყველაზე მტკივნეულ პარადოქსს: ქვეყანაში, სადაც გაჭირვებულ მოხუცებს პენსიას სულ რაღაც 20 ლარით უმატებენ, საზოგადოებაში სამართლიან და უმწვავეს პროტესტს ბადებს გადაწყვეტილებები, რომლებიც საჯარო მოხელეების, მთავრობის წევრებისა თუ პარლამენტარების ხელფასების, პრემიებისა და ბონუსების ზრდას ეხება - აქ ხომ საუბარია რამდენიმე ათასი ლარით დამატებაზე! პარლამენტში უამრავი მილიონერი ზიხართ, ყველა შესაძლო პრივილეგიითა და შეღავათით სარგებლობთ და კიდევ საკუთარ ათასლარიან პრემიებზე ფიქრობთ? ეს არის უბრალოდ საზოგადოების აბუჩად აგდება. ასეთ დროს იქმნება განცდა, რომ პასუხისმგებელი პირები ან საერთოდ კარგავენ რეალობის განცდას, ან ეს ხალხი მიგაჩნიათ სულელებად, რომლებიც ყველაფერს მოითმენენ. საკადრო პოლიტიკა, პასუხისმგებლობის დეფიციტი და ჩემი პირადი პოზიცია მმართველი გუნდი უკვე 14 წელია ხელისუფლებაშია და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ საკადრო პოლიტიკის უმძიმეს სურათს, რაც ხალხისთვის პირდაპირ საზიანოა. მე მაქვს სრული მორალური უფლება, რომ დღეს ეს კრიტიკული კითხვები დავსვა: 2012 წლის ისტორიულ არჩევნებში ისრაელი იყო იმ ერთეულ უცხოურ საარჩევნო ოლქებს შორის, სადაც ჩემი უშუალო მეთაურობითა და ორგანიზებით ჩვენ დავამარცხეთ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი. ამით დღემდე ძალიან ვამაყობ, რადგან მაშინ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოდით. ბევრი მათგანი ჩემ თვალწინ გაიზარდა და დღეს აბსოლუტურად გაუგებარია, ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებზე, რომელთა შედეგადაც უმაღლეს პოსტებზე სრულიად არასანდო ადამიანები ხვდებიან. იმ პრეზიდენტებთან, რომლებიც თავად ამ ხელისუფლების დროს იქნენ არჩეულნი, მუდმივი დაპირისპირებაა. სხვადასხვა დროს უმაღლესი თანამდებობის პირები - მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრები, თავდაცვისა თუ უსაფრთხოების მინისტრები და მათი მოადგილეები - ხან კორუფციული ბრალდებებით არიან დაკავებულნი, ხან კი ქვეყნიდან გარბიან. აგერ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნები და ყოფილი პრესმდივნებიც კი დაკავებულები არიან. რა ხდება ქვეყნის მართვის სადავეებთან? რა გახდა ამ ქვეყანაში პატიოსანი, ერთგული და პროფესიონალი კადრების პოვნა?! ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, საგანგაშო და სრულიად მიუღებელია, როდესაც უსაფრთხოების სფეროში მინისტრებისა თუ მაღალჩინოსნების ასეთი ქაოსური ცვლა მიმდინარეობს, პასუხისმგებლობას კი თითქოს არავინ იღებს. მიკვირს მმართველი გუნდის დამფუძნებლის მიდგომა - ნუთუ ვერ ხედავს, თუ როგორ ბოროტად იყენებენ ძალაუფლებას მის მიერ მოყვანილი კადრები? ამ ფონზე, საზოგადოებრივი სივრციდან საერთოდ გაქრნენ გამოცდილი და პრინციპული ფიგურები, რომელთაც საზოგადოებაში უდიდეს პატივს სცემდნენ. როგორც ჩანს, მოხდა ძველი, მყარი კადრების ჩანაცვლება ისეთი ადამიანებით, რომელთა მუშაობაც მხოლოდ კითხვის ნიშნებს ბადებს. ეს საკადრო ვითარება ქვეყნისთვის უდიდესი შიდა პრობლემაა, რაზეც პასუხს დღემდე არავინ აგებს. ტელეეკრანებიდან თავსმოხვეული აგონია ყველაზე დიდი დარტყმა ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის, ქართული მედიასივრცე აღმოჩნდა. ერთის მხრივ, გვაქვს წამყვანი არხები, სადაც დილიდან საღამომდე თურქული სერიალებია გამოდებული - ხდება უცხო მენტალიტეტის, ჩვენთვის სრულიად მიუღებელი კულტურული კოდების თავსმოხვევა და საზოგადოების ტვინის გამორეცხვა. სხვა სათქმელი, სხვა საგანმანათლებლო თუ შემეცნებითი პროდუქტი ქვეყანას აღარ გააჩნია? ხალხს უბრალოდ შეაძულეთ ტელევიზია. ხოლო ე. წ. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საერთოდ გაუგებარი ფენომენია. ვის ემსახურება, რა მიზანი აქვს, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს? ამ არხმა სრულად დაკარგა თავისი საზოგადოებრივი ფუნქცია. და, რაც ყველაზე პარადოქსულია: ხელისუფლება აცხადებდა, რომ აპირებდა იმ დამღუპველი ძალის აკრძალვას და საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი არის სარჩელი შეტანილი, მაგრამ რეალურად რა ხდება? დღე არ გავა, ტელეეკრანებზე მხოლოდ ყოფილი რეჟიმის სახეებს არ აჩვენებდნენ. როგორც სატელევიზიო არხები, როგორც ხელისუფლება, ისე ეგრეთ წოდებული ოპოზიციური არხები, თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ ბარგში ჩაიკეტნენ და კომუნიკაციის მომსახურების ზონიდან საერთოდ გავიდნენ. ხალხს მოკრივის სათამაშო მსხალივით აქეთ-იქით აყოლებენ ამ პოლიტიკურ აგონიას. გეოპოლიტიკური გამოწვევები, შიდა პოლარიზაცია და უმთავრესი პრიორიტეტები მადლობა ხელისუფლებას, რომ ქვეყანას ომი ააცილა, ფრთხილად, ბეწვის ხიდზე გაიარა და მშვიდობა შეგვინარჩუნა - ამას ვხედავთ და უდიდეს პატივს ვცემთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენზე ყველაფერზე თვალი დახუჭოთ! ხელისუფლება ნელ-ნელა ყრუვდება და ცნობილი ძველი აღმოსავლური სიმბოლოს - 3 მაიმუნის პოზაში დგება, რომელთაგან ერთს თვალებზე აქვს ხელი აფარებული, მეორეს - ყურებზე, მესამეს - პირზე. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს მსოფლიო უზარმაზარი, უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას. ხდება მასშტაბური გეოპოლიტიკური ცვლილებები, მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება და, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს. ამ უმძიმეს საომარ მოცემულობაში ჩვენი უპირველესი საზრუნავი ქვეყნის უსაფრთხოება და იმ მწარე გლობალური გამოცდილების სწორი გაზიარება უნდა იყოს, რაც ახლა მსოფლიოში ხდება. ასეთ დროს სახელმწიფო თავისი რესურსებითა და მოქალაქეებით უნდა იყოს ერთიანი, მონოლითური და კონსოლიდირებული. ჩვენ აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ქვეყანა ისე იყოს პოლარიზებული და დაქსაქსული, როგორც ეს დღეს ხდება. თუ ხელისუფლებას მართლაც სურს ქვეყნის რეალური წარმატების მიღწევა და არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური გამარჯვებების დაფიქსირება, ის მთლიანად საკუთარ მოსახლეობაზე უნდა იყოს დაყრდნობილი და აქცენტირებული. ძალა ხალხის ერთობასა და ნდობაშია! ემიგრანტის თვალით დანახული საქართველო დღეს არის ქვეყანა, სადაც ხალხს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, მაგრამ სისტემა მას პოლიტიკური შოუებით, უგემოვნო ტელეპროდუქტით და ბიუროკრატიული აბსურდით წამლავს. საბოლოო ჯამში, ქვეყანაში წინსვლა არის, მაგრამ არსებული რეალობა ბევრად მეტს მოითხოვს. რა თქმა უნდა, საქართველოში უამრავი სხვა სფერო და საკითხიც არის, რომელიც სისტემურ ცვლილებებს საჭიროებს, მაგრამ მე, როგორც ექიმმა, ჩემს თავს არ მივეცი უფლება, აბსოლუტურად ყველაფერზე მესაუბრა. ამიტომ, გამოვყავი მხოლოდ ის უმთავრესი მიმართულებები, რომელთანაც მე პირადად მაქვს შეხება, კომპეტენცია და მრავალწლიანი გამოცდილება. მთავრობამ აუცილებლად უნდა დაინახოს ეს მკაფიო, სტრატეგიული პრიორიტეტები და თანმიმდევრულად მიჰყვეს მათ შესრულებას: 1. ემიგრანტების დაბრუნება - ეს არის უზარმაზარი, შეუფასებელი ინტელექტუალური და მატერიალური ძალა, რომელზეც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს. ხელისუფლებამ უნდა დასახოს რეალური, ქმედითი პროექტები, ხედვები და კონკრეტული გზები ამ ხალხის სამშობლოში დასაბრუნებლად. 2. განათლების სისტემის ძირეული რეფორმა - ეს არის ჩვენი მომავალი თაობების გადარჩენისა და ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ერთადერთი საწინდარი. 3. ჯანდაცვის სისტემის რეფორმა - დღევანდელ სისტემაში საყოველთაო ჯანდაცვის არსებობა მართლაც მისასალმებელია და უდიდესი შეღავათია ჩვენი თანამემამულეებისთვის, რადგან მოქალაქეებს არ უწევთ გიგანტური ხარჯების გაღება როგორც სასწრაფო, ისე გეგმური ოპერაციების დროს, თუმცა აფთიაქი დღეს იქცა ნამდვილ უძირო ჭად, სადაც წამლების კატასტროფული ფასები, ფაქტობრივად, მთლიანად აქარწყლებს და ნულამდე დაჰყავს საყოველთაო ჯანდაცვით მიღებული ეს შეღავათი. თუ პაციენტს მკურნალობის გაგრძელება და მედიკამენტები სჭირდება, ხარჯი გაცილებით უფრო გაზრდილია და მძიმე ტვირთად აწვება მას. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ძირეული რეფორმები მიგნებისა და დაფინანსების დონეზე, რათა თითოეული ლარი მიზნობრივად, გამჭვირვალედ და რეალურად ხმარდებოდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს წერილი არის მოკეთე ადამიანის პროტესტი და მოწოდება შორიდან - დავუბრუნდეთ რეალურ საქმეს, დავაფასოთ პროფესიონალიზმი და ქვეყნის მართვაში გამოვიყენოთ ისეთივე ჯანსაღი, შედეგზე ორიენტირებული მიდგომა, როგორიც ჩვენს სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონებად აქცევს. სიყვარულითა და უკეთესი მომავლის იმედით, ირაკლი კილაძე p. s. სანამ წერილი გამოვიდა, მთავრობის მეთაურმა პოზიტიური განცხადება გააკეთა ჯარიმების საკითხზე. იმედია სხვა საკითხებზეც მოხდება მთავრობის პოზიციის გადახედვა მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. გაიცანით ირაკლი კილაძე - ისრაელში მოღვაწე ქართველი ექიმის წარმატებული კარიერული გზა და მთავარი ოცნება (ინტერვიუ)