მოგზაურობაეკონომიკა

ავიაკომპანია RYANAIR-ი ბერლინის ბაზას ხურავს – რა ხდება გერმანიის დედაქალაქში?

ევროპის ერთ-ერთი უდიდესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი ბერლინის ბაზის დახურვას და ფრენის რაოდენობის 50%-ით შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.

ირლანდიური ავიაკომპანიის განცხადებით, ბერლინის აეროპორტში განთავსებული მათი შვიდივე თვითმფრინავი გადაინაცვლებს სხვა ევროპულ ბაზრებზე, სადაც ოპერირება ნაკლებხარჯიანია. საუბარია ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა: ალბანეთი, იტალია, სლოვაკეთი და შვედეთი.

მნიშვნელოვანია, რომ Ryanair-ი სრულად არ ტოვებს ბერლინს – ავიაკომპანია განაგრძობს ფრენას დედაქალაქის მიმართულებით, თუმცა ბერლინში საკუთარი ბაზა და განთავსებული თვითმფრინავები აღარ ეყოლება.

ზამთრის სეზონიდან ფრენის სიხშირე 50%-ით შემცირდება. კომპანიის პროგნოზით, ის 2027 წელს ბერლინში დაახლოებით 2.2 მილიონ მგზავრს მოემსახურება, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია მიმდინარე წლის 4.4 მილიონთან შედარებით. კომპანიაში აცხადებენ, რომ გერმანია ბიუჯეტური ავიამოგზაურობისთვის „ძალიან ძვირი“ გახდა.

Ryanair-ის განმარტებით, გადაწყვეტილების დამატებითი მიზეზი გახდა ის, რომ აეროპორტი უახლოეს წლებში ტარიფების კიდევ გაზრდას აპირებს. კომპანიის ხელმძღვანელმა ედი უილსონმა (Eddie Wilson) პროექტი „უიმედოდ ძვირად“ და „ჩავარდნისთვის განწირულ მილიარდიან ინიციატივად“ შეაფასა.

ბერლინის აეროპორტთან მოლაპარაკებების პერიოდში Ryanair-ის ხელმძღვანელი ედი უილსონი იმუქრებოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ავიაკომპანია გერმანიის სხვა აეროპორტებიდანაც გავიდოდა.

„რაინეარის“ ახალი პოლიტიკა მიმდინარე წლის 24 ოქტომბრიდან ამოქმედდება, რის შესახებაც უკვე გაფრთხილებულები არიან ბორტგამცილებლები და პილოტები. დაახლოებით 200 თანამშრომელი დაკარგავს სამსახურს, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა Ryanair-ის ევროპულ ქსელში დასაქმდნენ.

„გერმანული ავიაცია სავალალო მდგომარეობაშია. მთავრობა აღიარებს, რომ ის არაკონკურენტუნარიანია, თუმცა არ არსებობს სტრატეგია ავიაციის გადასახადების ან აეროპორტის მაღალი მოსაკრებლების შესამცირებლად“, – აცხადებს უილსონი.

გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ ავიაციის საგადასახადო ტვირთის შემცირებას გეგმავს, თუმცა ბაზარი უკვე რეაგირებს – ავიაკომპანიები უფრო იაფ ქვეყნებს ირჩევენ.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი გიგანტი საქართველოს ბაზარზე 2019 წლის ბოლოს შემოვიდა, თუმცა COVID-19-ის გამო 2020 წელს რეგულარული ფრენა ისევ შეაჩერა. 2023 წელს კომპანიაში განაცხადეს, რომ საქართველოში ფრენის განახლებას გეგმავდნენ, თუმცა 2026 წლის მდგომარეობით, RYANAIR-ის ქართულ ავიაბაზარზე დაბრუნების კონკრეტული გეგმის შესახებ კვლავ არ არის ცნობილი.

ნინო ხოშტარია

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close