სპორტი

„პსჟ“-მა „ლივერპული“ 0:2 დაამარცხა – კვარაცხელიას საგოლე გადაცემა და პარიზელები ნახევარფინალში (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ დაამარცხა 0:2 და ნახევარფინალურ ეტაპზე გავიდა. ინგლისელები ტურნირს გამოეთიშნენ.

პარიზში, „პარკ დე პრენსზე“ 6 დღით ადრე მოპოვებული გამარჯვების (2:0) შემდეგ ფავორიტად ფრანგული კლუბი მიიჩნეოდა. საპასუხო შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ორივე ქართველი ლეგიონერი ძირითად შემადგენლობაში იყო. მატჩის პირველი სახიფათო მომენტი სწორედ კვარაცხელიამ შექმნა, თუმდა მამარდაშვილმა თანამემამულის დარტყმა ეფექტურად მოიგერია.

შესვენების შემდეგ „ლივერპულმა“ კიდევ უფრო დიდი ძალებით შეუტია ლივერპულის „ენფილდზე“ (Anfield) მოსული 60 ათასზე მეტი გულშემატკივრის მხურვალე მხარდაჭერის ფონზე და თამაშის კონტროლს ცდილობდა, თუმცა ფორტუნა გუშინ მათ მხარეს არ იყო. გიორგი მამარდაშვილმა არაერთი სახიფათო დარტყმა მოიგერია და თავისი გუნდი არაერთხელ გადაარჩინა.

ანგარიში მეორე ტაიმში, 72-ე წუთზე გაიხსნა – გოლი უსმან დემბელემ გაიტანა, კვარაცხელიამ კი საგოლე გადაცემა მიითვალა. მატჩის მიწურულს, დამატებულ დროში, კვარაცხელიას დაწყებული შეტევა დემბელემ კვლავ გოლით დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2.

ორი მატჩის ჯამში „პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიშით 4:0 გაიმარჯვა და უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამ წყვილის განმეორებითი შეხვედრა დღეს, 15 აპრილს გაიმართება მიუნხენში. შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. პირველ მატჩში სტუმრად „ბაიერნმა“ გაიმარჯვა 2:1.

ნუცა ყაველაშვილი

ნახეთ მატჩის საუკეთესო მომენტები.

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close