ეკონომიკასაქართველო

ელექტროენერგიის ტარიფები გაიზარდა – ვინ რამდენით მეტს გადაიხდის?

დღეს, 30 მარტს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ელექტროენერგიის სამომხმარებლო და კომერციული ტარიფები იზრდება. ამ გადაწყვეტილების შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ (სემეკი) დღევანდელ სხდომაზე გამოაცხადა.

ტარიფები საშუალოდ 5-6 თეთრით იზრდება და კატეგორიების მიხედვით ზრდის პროცენტული მაჩვენებელი თბილისსა და რეგიონებში 17-იდან 33%-მდეა.

ახალი ტარიფები პირველი აპრილიდან შევა ძალაში.

თბილისის მოსახლეობისთვის:

აბონენტებს, რომლებიც ყოველთვიურად 0-იდან 101 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კვტ.სთ-ში 15,041 თეთრს იხდიდნენ, პირველი აპრილიდან ტარიფი 20,041 თეთრამდე გაეზრდებათ (რაც 33,2%-იან მატებას ნიშნავს – ვთქვათ, თუ იხდიდით საშუალოდ 15 ლარს, გადაიხდით 20 ლარს).

101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) – ერთ კვტ.სთ-ზე 19.053 თეთრის ნაცვლად მოსახლეობა პირველი აპრილიდან 24,053 თეთრს გადაიხდის (26%-იანი ზრდა – თუ იხდიდით, ვთქვათ, 32 ლარს, გადაიხდით დაახლოებით 40 ლარს);

301 კვტ.სთ და მეტი ენერგიის (საყოფაცხოვრებო) მოხმარების შემთხვევაში ამჟამინდელი ტარიფის – 23.537 თეთრის ნაცვლად მოქალაქეები ერთ კვტ.სთ-ში 28.537 თეთრს გადაიხდიან (21%-იანი ზრდა – თუ იხდიდით, ვთქვათ, 70 ლარს, გადაიხდით დაახლოებით 85 ლარს).

3,3-6-10 კილოვოლტი (საყოფაცხოვრებო) მომხმარებლისთვის ტარიფი 5 თეთრით იმატებს, 31,647 თეთრამდე (19%-იანი ზრდა).

რეგიონების მოსახლეობისთვის

0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე (საყოფაცხოვრებო) – 14.731 თეთრის ნაცვლად გადაიხდიან 19.731 თეთრს (თითქმის 40%-იანი ზრდა);

101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო) – 18.708 თეთრის ნაცვლად გადაიხდიან 23.708 თეთრს (27%-იანი ზრდა);

301 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო) – 23.227 თეთრის ნაცვლად გადაიხდიან 28.227 თეთრს (21,5%-იანი ზრდა).

3,3-6-10 კილოვოლტი (საყოფაცხოვრებო) მომხმარებლისთვის ტარიფი 5 თეთრით, 32,880 თეთრამდე ძვირდება. ზრდა თითქმის 18%-ს შეადგენს;

ასევე, სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც

კერძოდ, სემეკის გადაწყვეტილებით, კომერციული სექტორისთვის 35/110 კილოვოლტამდე ტარიფი 25.267 თეთრიდან 30.322 თეთრამდე, ანუ 5.055 თეთრით გაიზარდა.

3.3-6-10 კილოვოლტამდე ასევე გაიზარდა და 27.880-ის ნაცვლად განისაზღვრა 34.632 თეთრით (გაიზარდა დაახლ. 6,75 თეთრით). რაც შეეხება 220/380 ვოლტამდე ტარიფს, 28.961 თეთრის მაგივრად, 35.731 თეთრი იქნება (გაიზარდა 6,77 თეთრით).

ელექტროენერგიის ახალი ტარიფები 2026 წლის პირველი აპრილიდან – 2031 წლის პირველ იანვრამდე იქნება ძალაში ყველა სექტორისთვის.

ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება ახალ წლამდე იყო დაანონსებული, თუმცა ზამთრის პერიოდთან დაკავშირებით 3 თვით გადაიდო.

ტარიფების ზრდა მეწარმეთა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, რადგან ელექტროენერგიის საფასურის გაზრდა სამომხმარებლო პროდუქციის ფასსაც გაზრდის, თუმცა პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა, რომ  „ელექტროენერგიის გაძვირება პურის ფასებზე არ აისახება“. მისი თქმით, სექტორი უფრო მეტად ბუნებრივ აირს მოიხმარს, ელექტროენერგიის მოხმარება მაღალი არ არის, ამიტომ პურის მწარმოებლებს გაზის და წყლის ტარიფის ზრდა უფრო აწუხებთ.

ნანა ძნელაძე

ასევე, დაგაინტერესებთ: რომელი მოწყობილობა მოიხმარს ყველაზე მეტ ელექტროენერგიას თქვენს სახლში

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close