მსოფლიოპოლიტიკა

ომი ირანში: როგორ გამოთვალეს აშშ-მა და ისრაელმა ხამენეის ადგილმდებარეობა და რა სცენარებია მოსალოდნელი

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო ოპერაცია შესაძლოა 4 კვირა გაგრძელდეს

BBC-ს ინფორმაციით, ირანის უზენაეს ლიდერზე, 86 წლის აიათოლა ალი ხამენეიზე საჰაერო შეტევა, რომლის დროსაც იგი დაიღუპა, დილით განხორციელდა და არა ღამით, როგორც მოსალოდნელი იყო.

გამოცემის წყაროს თანახმად, ოპერაციის დაუყოვნებლივ განხორციელება მას შემდეგ გადაწყდა, რაც აშშ-მა და ისრაელმა რამდენიმე საათით ადრე კრიტიკულად მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაცია მიიღეს. მანამდე ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ ირანის მაღალი რანგის სამხედრო პირებისა და დაზვერვის წარმომადგენელთა გადაადგილებას და ელოდნენ მომენტს, როდესაც ისინი ერთ სივრცეში შეიკრიბებოდნენ.

ისრაელისა და აშშ-ის მიერ მიღებული დაზვერვის მონაცემებით, ხამენეი შაბათ დილით (28 თებერვალი) უნდა ყოფილიყო თეირანის ცენტრში მდებარე კომპლექსში, სადაც ასევე შეიკრიბნენ მაღალი რანგის სამხედრო პირები და უსაფრთხოების წარმომადგენლები. სავარაუდოდ, ისინი თავდასხმას უფრო ღამით ელოდნენ და არა დილით.

ოპერაციის ტექნიკური დეტალები გასაიდუმლოებულია, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ირიბად მიანიშნა მაღალტექნოლოგიური სათვალთვალო სისტემების გამოყენებაზე: „მან ვერ მოახერხა ჩვენი დაზვერვისა და მაღალტექნოლოგიური სისტემებისგან დამალვა“, – განაცხადა ტრამპმა.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ხამენეის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება შესაძლოა მის გარემოცვაში ჩანერგილი აგენტის მეშვეობით მომხდარიყო, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ ირანის სულიერი ლიდერის ადგილსამყოფელის დადგენა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სხვა მაღალჩინოსნების გადაადგილებაზე დაკვირვებით გახდა შესაძლებელი.

ოპერაცია ეპიკური მრისხანება“ 

შაბათს დილიდან აშშ-მა და ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, კოდური სახელწოდებით Epic Fury („ეპიკური მრისხანება“).

ოპერაციის მიზნად დასახელდა ირანის ბირთვული პროგრამის სრულად შეწყვეტა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების შეზღუდვა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰაერო დარტყმების სამიზნე სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (Centcom – United States Central Command) ინფორმაციით, ოპერაციის პირველ 24 საათში 1000-ზე მეტ ირანულ ობიექტზე მიიტანეს საჰაერო იერიში. ტრამპის თქმით, ერთდროულად 48 ირანელი მაღალი რანგის ჩინოვნიკი მოკლეს.

ირანში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

ირანის მხარის ოფიციალური განცხადებით, აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ამ დროისთვის ქვეყანაში 550-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. დღეს დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ დაიღუპა აიათოლა ალი ხამენეის მეიღლეც, რომელმაც შაბათს დილით აიათოლას რეზიდენციაზე საჰაერო თავდასხმისას სერიოზული დაზიანებები მიიღო.

ძალაუფლების გადაბარება ირანში

ხამენეის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში ამოქმედდა დროებითი სამწევრიანი საბჭო, რომელშიც შედიან პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი გოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეი და სასულიერო პირი ალირეზა არაფი.

სწორედ ამ ორგანოს დაევალა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის როლის შესრულება მანამ, სანამ 88-წევრიანი ექსპერტთა ასამბლეა ახალ უზენაეს ლიდერს აირჩევს.

ტრამპის განცხადებით, ირანის ახალი ლიდერები მასთან საუბარს ითხოვენ, ირანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, რადგან ხამენეის მკვლელობით მათ წითელი ხაზი გადაკვეთეს.

რეგიონული ესკალაციაომის ახალი ფრონტი

ხამენეის ლიკვიდაციამ რეგიონში კონფლიქტის მყისიერი ესკალაცია გამოიწვია. ირანმა საპასუხო დარტყმები განახორციელა ისრაელის მიმართულებით და სპარსეთის ყურის ქვეყნებში, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განლაგებული.

ისრაელის ქალაქ ბეით-შემეშში ბალისტიკური რაკეტით შეტევის შედეგად 9 მოქალაქე დაიღუპა.

ირანმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა იერიში ბაჰრეინში აშშ-ის მეხუთე ფლოტის ბაზაზე, ოფიციალური ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა. ასევე, განხორციელდა შეტევა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (დუბაის საერთაშორისო აეროპორტზე, სასტუმროზე) და კატარში, აგრეთვე, ერაყის ქურთისტანში. ოფიციალური ცნობებით, არის მსხვერპლიც. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, დღეს, 2 მარტს აფეთქებების ხმა ისევ ისმოდა დოჰასა და დუბაიში.

გავრცელდა ინფორმაცია ქუვეითში ამერიკული გამანადგურებლის ჩამოვარდნის შესახებ, სავარაუდოდ, ალი ალ-სალემის ბაზის სიახლოვეს. ქუვეითმა 3 ამერიკული გამანადგურებლის ჩამოვარდნის შესახებაც განაცხადა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ქუვეითის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სამი ამერიკული ავიაგამანადგურებელი – F-15E Strike Eagle შეცდომით ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა.

„ქუვეითმა აღიარა ეს ინციდენტი. ჩვენ მადლიერები ვართ ქუვეითის თავდაცვის ძალების ძალისხმევისთვის და მათი მხარდაჭერისთვის მიმდინარე ოპერაციაში. ექვსივე ეკიპაჟი უსაფრთხოდ კატაპულტირდა, ისინი უსაფრთხოდ ამოიყვანეს და სტაბილურად არიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინციდენტი მოხდა კვიპროსშიც, სადაც ბრიტანულ ბაზაზე 2-ჯერ განხორციელდა თავდასხმა „შაჰედის“ ტიპის დრონებით: ერთი დრონით – ღამით და 2-ით – დღისით.

ბრიტანული მხარის ინფორმაციით, ირანის საჰაერო იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა რამდენიმე ჯარისკაცი დაშავდა (ზუსტი რაოდენობა უცნობია).

უსაფრთხოებიდან გამომდინარე პერსონალის ნაწილი დროებით ევაკუირებულია. ბრიტანული მხარე აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ლიბანურმა შიიტურმა გასამხედროებულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“, რომელსაც ირანი წლების განმავლობაში აფინანსებს, ისრაელის ქალაქ ჰაიფაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

ისრაელმა საპასუხოდ მასშტაბური საჰაერო ოპერაცია დაიწყო. იერიშები განხორციელდა ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე – „ჰეზბოლას“ სტრატეგიულ ობიექტებზე, ასევე, ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა („ცახალი“) ლიბანის სამხრეთში 50-ზე მეტი სოფლის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა და შემდგომ ამ რაიონებზეც განხორციელდა ავიადარტყმები. ლიბანური მხარის ინფორმაციით, სულ ცოტა, 31 ლიბანელი მოქალაქე დაიღუპა.

„ცახალის“ შტაბის უფროსმა ეიალ ზამირმა განაცხადა, რომ დაწყებულია „შეტევითი კამპანია“, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე გაგრძელდება.

სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დაიღუპა სამი ამერიკელი სამხედრო, ხუთი მძიმედ დაშავდა. ეს ინფორმაცია დონალდ ტრამპმა დაადასტურა. მისივე თქმით, ამერიკულმა ძალებმა ირანის საზღვაო ფლოტის ცხრა გემი გაანადგურეს და მნიშვნელოვნად დააზიანეს ფლოტის შტაბ-ბინა. 2 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი დაშავებული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.

ირანულმა მხარემ პირველ მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა სპარსეთის ყურეში ამერიკული ატომური ავიამზიდის, Abraham Lincoln-ის მიმართულებით და ხომალდი დააზიანა, თუმცა ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობამ უარყო ავიამზიდის დაზიანების ფაქტი. მათი თქმით, რაკეტები ხომალდს ვერც კი მიუახლოვდნენ და ის თავისი მისიის შესრულებას აგრძელებს.

საჰაერო სივრცეები ჩაიკეტა – ათასობით ადამიანი ჩარჩა

რეგიონში ესკალაციის ფონზე ახლო აღმოსავლეთის არაერთმა ქვეყანამ საჰაერო სივრცე დროებით დაკეტა. გაუქმდა ან გადაიდო ასობით ავიარეისი, რის გამოც ათასობით მგზავრი სხვადასხვა ქვეყანაში დარჩა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც მრავალი საერთაშორისო რეისი გაუქმდა. დუბაიში, აბუ-დაბიში და შარჯაში ჩარჩენილთა შორის არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერი კახა კალაძე შაბათ-კვირას აბუ-დაბიში გაფრინდა მეუღლესა და მეგობრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად და არსებული ავიაშეზღუდვების გამო ჯერ ვერ ახერხებს დაბრუნებას. თბილისის მერია მედიასთან ამ ინფორმაციას ადასტურებს.

საჰაერო სივრცეების დახურვა და ფრენის მასობრივი გაუქმება მიუთითებს, რომ კონფლიქტი უკვე პირდაპირ აისახა გლობალურ ავიამიმოსვლასა და სამოქალაქო უსაფრთხოებაზე.

ჩაკეტილია ჰორმუზის სრუტეც, ერთადერთი საზღვაო გასასვლელი სპარსეთის ყურიდან ღია ოკეანეში, რომელზეც მსოფლიო ნავთობის ერთი მეხუთედის გადაზიდვის მარშრუტი გადის. შედეგად ნავთობის ფასი იზრდება.

რა იქნება შემდეგსავარაუდო სცენარები

ხამენეის სიკვდილი არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სიმბოლური დარტყმაა ირანის რეჟიმისთვის. სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს –  დარჩება ესკალაცია კონტროლირებად ფარგლებში, თუ ახლო აღმოსავლეთი ფართომასშტაბიანი ომის ახალ ფაზაში გადავა.

ანალიტიკოსები რამდენიმე სცენარს განიხილავენ:

  1. შეზღუდული რეგიონული ომი – კონფლიქტი დარჩება ირანი-ისრაელი-ჰეზბოლას სამკუთხედში, პერიოდული ავიაიერიშებითა და სარაკეტო თავდასხმებით.
  2. ფართომასშტაბიანი რეგიონული ესკალაცია – კონფლიქტში შეიძლება ჩაერთონ სხვა პროირანული ჯგუფები სირიაში, ერაყსა და იემენში.
  3. დიპლომატიური ჩარევა – ევროპის ქვეყნების შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის მცდელობა, თუმცა ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ ირანული შიდაპოლიტიკური ფაქტორი პროცესს ართულებს.

ტრამპის განცხადებით, ოპერაცია შესაძლოა ოთხ კვირამდე გაგრძელდეს.

„ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ეს დაახლოებით ოთხი კვირა გაგრძელდებოდა. ეს დიდი ქვეყანაა – ამას ოთხი კვირა ან ნაკლები დასჭირდება“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. თუმცა დღეს, 2 მარტს მან თქვა, რომ სამხედრო ოპერაცია შესაძლოა დაგეგმილ 4-5 კვირაზე მეტხანს გაგრძელდეს. ტრამპის განცხადებით, ირანზე დარტყმების უფრო დიდი ტალღა ჯერ წინ არის.

ცოტა ხნის წინ პირველად გააკეთა განცხადება პენტაგონის შეფმა პიტ ჰეგსეტმა, რომელმაც თქვა, რომ რეჟიმის ცვლილება ოპერაციის მიზანი არ არის და ომი უსასრულოდ არ გაგრძელდება.

მედია იუწყება, რომ თეთრ სახლში ცოტა ხანში დაიწყება ღირსების მედლების გადაცემის ცერემონია, რომლის დროსაც ტრამპი გააკეთებს განცხადებას ახლო აღმოსავლეთში ვითარებასთან დაკავშირებით.

ნიკო აბაშიშვილი

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close