მედიცინაიტალიასაზოგადოება

ტრაგედია იტალიაში: 2 წლის ბიჭი გულის გადანერგვის შემდეგ გარდაიცვალა – სამედიცინო შეცდომა თუ უბედური შემთხვევა?

იტალიაში საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა ორი წლის ბავშვის გარდაცვალებას, რომელსაც გასული წლის დეკემბერში გულის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. შემთხვევა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს იმის გამო, რომ არსებობს ეჭვი სამედიცინო შეცდომაზე – გამოძიების წინასწარი ვარაუდით, ლეტალური შედეგი შესაძლოა ორგანოს ტრანსპორტირებისას დაშვებული დარღვევებით იყოს გამოწვეული.

პატარა დომენიკო შაბათს, 21 თებერვალს, დილით გარდაიცვალა საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე კვირა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ბავშვს გულის მძიმე თანდაყოლილი დაავადება ჰქონდა და გადაუდებელ ტრანსპლანტაციას საჭიროებდა. მას დონორის გული დეკემბერში გადაუნერგეს, თუმცა მოგვიანებით გაჩნდა ეჭვი, რომ ორგანო ოპერაციამდე უკვე დაზიანებული იყო.

გამოძიების ვერსიით, გული ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ბოლცანოდან სამხრეთში, ნეაპოლში ჩაიტანეს, დაახლოებით 800 კილომეტრის მანძილზე. ტრანსპორტირებისას გამოყენებული იყო კონტეინერი, რომელიც არ შეესაბამებოდა თანამედროვე სტანდარტებს – მას არ ჰქონდა ტემპერატურის კონტროლის სისტემა და თერმომეტრი.

არსებული ინფორმაციით, დონორის გული შესაძლოა პირდაპირი კონტაქტში მოხვდა მშრალ ყინულთან, რომლის ტემპერატურა დაახლოებით −78°C-ია, მაშინ როცა გადანერგვისთვის განკუთვნილი ორგანოები, ჩვეულებრივ, დაახლოებით +4°C პირობებში უნდა ინახებოდეს. ასეთი გადაცდომა გულის ქსოვილის დაზიანებას იწვევს და ოპერაციის წარმატების შანსს მნიშვნელოვნად ამცირებს.

მიუხედავად ამისა, ოპერაცია მაინც ჩატარდა. მოგვიანებით ბავშვის მდგომარეობა თანდათან გაუარესდა – განვითარდა ინფექცია, სისხლდენა და ნევროლოგიური გართულებები, რის გამოც ექიმებმა მეორე ტრანსპლანტაციის შესაძლებლობა გამორიცხეს.

ბავშვის გარდაცვალება დედამ – პატრიცია მერკოლინომ დაადასტურა.

„დამთავრდა… დომენიკო აღარ არის!“ – თქვა მან მწუხარედ იტალიურ მედიასთან.

გარდაცვლილი ბავშვის დედის თქმით, ოჯახის გადაწყვეტილებით, დომენიკოს სახელზე ფონდი შეიქმნება, რომელიც ტრანსპლანტაციის მოლოდინში მყოფ ბავშვებს დაეხმარება.

შემთხვევამ მთელი ქვეყნა შეძრა და ემოციური რეაქცია გამოიწვია როგორც სამედიცინო სისტემის მიმართ კითხვების, ისე ტრანსპლანტაციის უსაფრთხოების თემაზე.

პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება სამედიცინო გუნდის რამდენიმე წევრის წინააღმდეგ. გამოძიება დაადგენს, ეს სამედიცინო შეცდომა იყო, სისტემური ხარვეზი თუ უბედური შემთხვევა. სამართალდამცავები სწავლობენ, იყო თუ არა დარღვეული ტრანსპორტირების პროტოკოლი და შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება.

საქმეში ასევე ჩაერთნენ ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტორები.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა ორაციო სკილაჩიმ განაცხადა, რომ აუცილებელია სრული სიმართლის დადგენა და მნიშვნელოვანია, გამოძიება სწრაფად დასრულდეს, რათა არ დაზიანდეს საზოგადოების ნდობა ტრანსპლანტაციის სისტემის მიმართ.

მინისტრმა განსაკუთრებული შეშფოთებით აღნიშნა, რომ მსგავსმა სკანდალებმა შესაძლოა ორგანოების დონაციის მაჩვენებლის შემცირება გამოიწვიოს, რაც მძიმე დარტყმა იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის.

ორგანოების დონაციის იტალიური მოდელი ევროპაში ერთ-ერთ წარმატებულად მიიჩნევა, თუმცა ამ შემთხვევამ სისტემური კითხვები გააჩინა – განსაკუთრებით ლოგისტიკისა და პროცედურული კონტროლის მიმართულებით.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ორგანოს ტრანსპორტირება ტრანსპლანტაციის ყველაზე კრიტიკული ეტაპია და მცირე შეცდომაც კი შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს.

დომენიკოს შემთხვევამ ნათლად აჩვენა სწორედ ეს რისკი – როგორ შეიძლება ერთმა ლოგისტიკურმა შეცდომამ მთლიანად გაანულოს ოპერაციის წარმატების შანსი.

დომენიკოს სიკვდილი არა მხოლოდ ოჯახური ტრაგედიაა, არამედ ეროვნული დისკუსიის თემადაც იქცა სამედიცინო პასუხისმგებლობის, პროცედურული კონტროლისა და პაციენტის უსაფრთხოების შესახებ.

ნინო ხოშტარია

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close