მსოფლიოპოლიტიკაეკონომიკა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ტარიფები გააუქმა – პასუხად ტრამპმა ყველა ქვეყნისთვის ახალი 10%-იანი ტარიფები დააწესა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული მასშტაბური გლობალური ტარიფების ნაწილი უკანონოდ ცნო. გადაწყვეტილება განსაკუთრებულ პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უმრავლესობა ტრამპის იდეოლოგიურ ბანაკს მიეკუთვნება. ეს არა მხოლოდ პრეზიდენტის სავაჭრო პოლიტიკას ზღუდავს, არამედ შესაძლოა მილიარდობით დოლარის კომპენსაციის მოთხოვნების ტალღაც გამოიწვიოს.

სასამართლომ 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ტრამპმა უფლებამოსილებას გადააჭარბა, როდესაც იმპორტზე ფართომასშტაბიანი გადასახადები შემოიღო კანონზე დაყრდნობით, რომელიც საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობებისთვის იყო შემოღებული.

რა გადაწყვიტა სასამართლომ

გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ 1977 წლის კანონი საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილებების შესახებ (International Emergency Economic Powers Act/IEEPA) პრეზიდენტს არ აძლევს უფლებას, ერთპიროვნულად დააწესოს ტარიფები.

გადაწყვეტილების მხარდამჭერი იყო სამი ლიბერალი მოსამართლე:

  • კეტანჯი ბრაუნ ჯექსონი
  • ელენა კეიგანი
  • სონია სოტომაიორი

მათ შეუერთდა სამი კონსერვატორი მოსამართლე:

  • ემი კონი ბარეტი
  • ნილ გორსაჩი
  • ჯონ რობერტსი

გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა სამმა მოსამართლემ, ესენია:

  • ბრეტ კავანო
  • სამუელ ალიტო
  • კლარენს თომასი

რომელ ტარიფებს შეეხო სასამართლოს გადაწყვეტილება

სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება იმ „გლობალურ“ ტარიფებს, რომლებიც ტრამპმა მსოფლიოს უმეტეს ქვეყანას დაუწესა.

პრეზიდენტმა პირველად 2025 წლის თებერვალში გამოიყენა აღნიშნული კანონი, როდესაც დააწესა გადასახადები ჩინეთიდან, მექსიკიდან და კანადიდან იმპორტზე – არგუმენტით, რომ ნარკოტიკების უკანონო ტრაფიკი ეროვნული საგანგებო მდგომარეობა იყო.

აპრილში მან იმავე სამართლებრივი საფუძვლით თითქმის ყველა ქვეყანას გაუზარდა ტარიფები 10%-იდან 50%-მდე.

თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეხება დარგობრივ ტარიფებს კონკრეტულ სექტორებზე: ფოლადზე, ალუმინზე, ხე-ტყესა და ავტომობილებზე – რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების მოტივით დაწესდა სხვა კანონის საფუძველზე (1962 წლის კანონი ვაჭრობის გაფართოების შესახებ, ნაწილი 232).

შესაძლო ფინანსური შედეგები – 150 მილიარდი დოლარი

გადაწყვეტილებას შესაძლოა სერიოზული ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს. ამერიკულ ბიზნესს ახლა შეუძლია დაბალი ინსტანციის სასამართლოებში მოითხოვოს უკვე გადახდილი ტარიფების დაბრუნება – რამაც ჯამში შესაძლოა 150 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

დამოუკიდებელი საბიუჯეტო მოდელის – პენსილვანიის უნივერსიტეტის Penn Wharton Budget Model-ის შეფასებით, პოტენციური დასაბრუნებული თანხების ჯამურმა მოცულობამ შესაძლოა 175 მილიარდ დოლარსაც გადააჭარბოს.

ეკონომისტების შეფასებით, ტრამპის მიერ სხვა ქვეყნებისთვის დაწესებული ტარიფები, ფაქტობრივად, ამერიკელი მომხმარებლებისა და კომპანიების გადასახადია, რადგან იმპორტირებული პროდუქციის გაძვირება საბოლოოდ შიდა ბაზარზე აისახება.

დავა პრეზიდენტის ძალაუფლების საზღვრებზე

საქმე უზენაეს სასამართლომდე მას შემდეგ მივიდა, რაც ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ერთხმად დაადგინეს, რომ პრეზიდენტმა უფლებამოსილებას გადააჭარბა.

პრეზიდენტის კრიტიკოსები – მათ შორის, კონგრესის ორივე პალატის 200-მდე წევრი – აცხადებდნენ, რომ ტრამპმა „კონსტიტუციური უფლებამოსილებების უზურპაცია“ მოახდინა.

მათი არგუმენტი მარტივი იყო: აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, საგარეო ვაჭრობის რეგულირება და ტარიფების დაწესება კონგრესის კომპეტენციაა და არა პრეზიდენტის.

უზენაესი სასამართლო სწორედ ამ პოზიციას დაეთანხმა.

რას ნიშნავს ეს ტრამპისთვის

მომდევნო თვეები ტრამპისთვის შესაძლოა კიდევ უფრო რთული აღმოჩნდეს. სასამართლოებში უკვე განიხილება რამდენიმე დიდი საქმე, რომელიც მისი აღმასრულებელი ძალაუფლების გამოყენების საზღვრებს ეხება. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პოლიტიკურად სენსიტიურია პრეზიდენტის მცდელობა, გააუქმოს დაბადებით მოქალაქეობის მინიჭების პრინციპი (Jus soli) – ამერიკული საკონსტიტუციო სისტემის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნორმა. ანალიტიკოსების შეფასებით, ტარიფების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება მხოლოდ პირველი სიგნალი იყოს იმისა, რომ უახლოეს პერიოდში დონალდ ტრამპი კიდევ არაერთ სამართლებრივ წინააღმდეგობას შეხვდება.

ტრამპის მწვავე რეაქცია

დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე აცხადებდა, რომ წაგება „ქვეყნის ეკონომიკისთვის კატასტროფა“ იქნებოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაჩენს „სამარცხვინო“ უწოდა და განაცხადა, რომ იგი სასამართლოს ზოგიერთი წევრის გამო „იმედგაცრუებულია“.

პრეზიდენტის თქმით, გადაწყვეტილება უცხო ქვეყნებს აძლევს საფუძველს იზეიმონ, რადგან ისინი „წლების განმავლობაში სარგებლობდნენ აშშ-ის ხარჯზე“.

„საზღვარგარეთის ქვეყნები, რომლებიც წლების განმავლობაში გვძარცვავდნენ, აღფრთოვანებულები არიან. ისინი იმდენად ბედნიერები არიან, რომ ქუჩებში ცეკვავენ – თუმცა დიდხანს ვერ იცეკვებენ“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, პარადოქსულია, რომ პრეზიდენტს შეუძლია ნებისმიერი ქვეყნისთვის ემბარგოს დაწესება ან მასთან ვაჭრობის სრულად შეწყვეტა, მაგრამ, სასამართლოს ინტერპრეტაციით, არ შეუძლია შედარებით მცირე ტარიფის დაწესება.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია უკვე განიხილავს ტარიფების დაწესების ალტერნატიულ სამართლებრივ გზებს.

ტრამპის პოზიციას საჯაროდ გამოეხმაურა ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილებას „აღმაშფოთებელი უკანონობა“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტს კვლავ აქვს ტარიფების დაწესების ფართო ინსტრუმენტები და ადმინისტრაცია მათ გამოიყენებს ეკონომიკური პრიორიტეტების გასატარებლად.

ტრამპის ოპონენტები და ზოგიერთი მოკავშირეც აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს ტარიფების დაწესების სხვა სამართლებრივი გზებიც აქვს – თუმცა ისინი უფრო რთულ და ხანგრძლივ პროცედურებთანაა დაკავშირებული.

10%-იანი ახალი გლობალური ტარიფები 150 დღით

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მალევე ტრამპმა განაცხადა, რომ ყველა ქვეყნისთვის 10%-იან დროებით გლობალურ ტარიფებს აწესებს, როელიც თითქმის დაუყოვნებლივ ამოქმედდება და 150 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

პრეზიდენტის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება უკვე სხვა სამართლებრივ საფუძველს – 1974 წლის სავაჭრო აქტს – ეყრდნობა და არა იმ საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების მექანიზმს, რომლის გამოყენებაც სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია.

ცნობისათვის, 1974 წლის სავაჭრო აქტის 122-ე მუხლი პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, დააწესოს 15%-მდე ტარიფები 150 დღის ვადით. აღნიშნული პერიოდის შემდეგ საკითხს განიხილავს კონგრესი, რაც ნიშნავს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება დროებით ხასიათს ატარებს.

ტრამპის თქმით, ტარიფების მთავარი მიზანი ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვაა.

მოგვიანებით დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გლობალურ 10%-იან ტარიფებს 15%-მდე ზრდის.

„აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ მრავალი თვის ფიქრის შედეგად ტარიფებთან დაკავშირებით გუშინ გამოქვეყნებული აბსურდული, ცუდად შედგენილი და უაღრესად ანტიამერიკული გადაწყვეტილების საფუძვლიანი, დეტალური და ყოველმხრივი განხილვის შემდეგ გთხოვთ, ეს განცხადება მიიღოთ იმის დასტურად, რომ მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დაუყოვნებლივ ვზრდი გლობალურ 10%-იან ტარიფებს იმ ქვეყნებისთვის, რომელთაგან ბევრი ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში დაუსჯელად „ძარცვავდა“ შეერთებულ შტატებს (ვიდრე მე არ მოვედი!) სრულად ნებადართულ და სამართლებრივად გამყარებულ 15%-მდე“, – წერს ტრამპი Truth Social-ში.

ნიკო აბაშიშვილი

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close