დიეტური, ჯანსაღი და სასარგებლო ბლინები სიმინდის ფქვილით

სიმინდის ფქვილისა და კეფირის გამოყენებით შეგიძლიათ არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ჯანსაღი ბლინების გამოცხობაც. რეცეპტს ექიმი, მკვლევარი და საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი იულია სტიაჟკოვა აზიარებს.
ბლინების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
სიმინდის ფქვილი – 1 ჭიქა;
კეფირი – 200 მლ;
კვერცხი – 2 ცალი;
წყალი – 50 მლ;
საკვები სოდა – 1/2 ჩაის კოვზი;
შაქარი – 1 სუფრის კოვზი;
მარილი – 1/4 ჩაის კოვზი;
ცოტაოდენი ზეთი შესაწვავად.
მომზადების წესი:
2 კვერცხს დაუმატეთ მარილი, შაქარი და კარგად ათქვიფეთ მიქსერით 1-2 წუთის განმავლობაში, ჩაასხით კეფირი სოდით და შემდეგ თანდათანობით შეურიეთ ფქვილი, ისე რომ კარგად გაიხსნას და კოშტები არ წარმოიქმნას. დაასხით წყალი, კვლავ აურიეთ, ჯამს გადააკარით ცელოფანი და ცომი 20-30 წუთით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ გაახურეთ ტაფა (უმჯობესია 18 სმ-იანი), კარგად რომ გახურდება, ცეცხლს დაუწიეთ, ტაფას მოუსვით ზეთი და შეწვით ბლინები ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე ოქროსფერ შეფერილობამდე.
რჩევა 1. ინგრედიენტები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, ამიტომ მომზადებამდე ნახევარი საათით ადრე მაინც გამოიღეთ მაცივრიდან.
რჩევა 2. სიმინდის ფქვილი გამოყენებამდე წვრილ საცერში გაცერით.
სიმინდის ფქვილით მომზადებული ბლინები მათთვისაა განსაკუთრებით სასურველი, ვინც უგლუტენო პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. ზოგადად, მიიჩნევა, რომ სიმინდის ფქვილი უჯრედების დაბერების პროცესს ანელებს.
***
ექსპერტის თქმით, რეცეპტში წარმოდგენილი ეს ცვლილებები (სიმინდის ფქვილი და კეფირი) ტრადიციულ ბლინებთან შედარებით ზრდის ცილისა და ბოჭკოების შემცველობას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ახანგრძლივებს დანაყრების შეგრძნებას. ასე მომზადებული ბლინები შედარებით დაბალკალორიულია, მაგრამ უფრო მაღალი კვებითი ღირებულების მქონე.
ამ რეცეპტში მოცემულია სიმინდის ფქვილი, თუმცა შეგიძლიათ შვრიის ან წიწიბურას ფქვილიც გამოიყენოთ. მთლიანი მარცვლეულის ფქვილი დიდხანს გვინარჩუნებს დანაყრების შეგრძნებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, სასარგებლო გავლენას ახდენს ნაწლავის ფლორაზე და შეიცავს უამრავ ვიტამინსა და მინერალს (B ვიტამინები, რკინა, კალციუმი და ა. შ.).
შიგთავსისთვის ექსპერტი გვირჩევს, გამოვიყენოთ 5%-იანი ხაჭო ხილის ჩირით ან მწვანილიანი მსუბუქი ყველი.
სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ მურაბა, ჯემი, შოკოლადიანი კრემი (მაგ., Nutella) და სხვ.
მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით.
კირა კარიაული



