სპორტი

ზამთრის ოლიმპიადა: საქართველოს ნაკრებმა ფიგურულ ციგურაობაში გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავა 

იტალიაში მიმდინარე ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა 5 ფინალისტს შორის მე-4 ადგილი დაიკავა 56 ქულით. ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ აშშ-ის გუნდი გახდა (69 ქულა), მეორე ადგილზე იაპონია გავიდა (68), მესამეზე – ოლიმპიადის მასპინძელი იტალია (60), მეხუთე ადგილი კი კანადის ნაკრებს ერგო, რომელიც საქართველოს ნაკრებს 2 ქულით ჩამორჩა (54 ქულა).

საქართველოს ნაკრების სახელით მოასპარეზე ბერულავასა და მეტელკინას წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მე-2 ადგილი დაიკავა და გუნდს 9 ქულა მოუტანა; შესანიშნავად გამოვიდა ერთეულთა თანრიგში ანასტასია გუბანოვა, რომელმაც ასევე მე-2 ადგილი და გუნდური 9 ქულა მოიპოვა. კაცებში, ერთეულთა თანრიგში მოასპარეზეთა გამოსვლამდე ჩვენი ნაკრები 50 ქულით გუნდურ ჩათვლაში მეოთხე პოზიციაზე იყო და მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შანსი ჰქონდა, რადგან იტალია მხოლოდ 2 ქულით გვისწრებდა. 23 წლის ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე თავისუფალი პროგრამის შესასრულებლად მოედანზე პირველი გამოვიდა. უნდა ითქვას, რომ ევროპის მოქმედი ჩემპიონის გამოსვლა ნამდვილად არ აღმოჩნდა ტიტულის შესაბამისი – მან მე-5 ადგილი დაიკავა და 6 გუნდური ქულა მოიპოვა.

ნიკას შემდეგ იტალიელი მატეო რიცოს ეფექტურმა ასპარეზობამ საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლის მოპოვების მბჟუტავი იმედი გაუქარწყლა – გუნდურ ასპარეზობაში, როგორც უკვე ვთქვით, მეოთხე ადგილი დავიკავეთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული შედეგია, ისევე როგორც ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა.

შეგახსენებთ, რომ გუნდურ შეჯიბრებაში თავისუფალ პროგრამაში პირველი გუშინ დევისი-სმოლკინის წყვილი გამოვიდა და ჩვენს ნაკრებს 7 ქულა მოუტანა.

9 თებერვლიდან ფიგურულ ციგურაობაში უკვე ინდივიდუალური ასპარეზობები იწყება (წყვილებში და ერთეულებში) და ისევ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი მოციგურავეები მედლებს აიღებენ, რაც ისტორიული შედეგი იქნება.

საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, პირველად ზამთრის ოლიმპიადაზე ლილეჰამერში იყო წარმოდგენილი 1994 წელს, შემდეგ კი, პრაქტიკულად, ყოველ ზამთრის თამაშებში მონაწილეობდა (1998, 2002, 2006, 2010, 2014, 2018, 2022 წლებში), თუმცა მის წარგზავნილებს მედალი ჯერ არასდროს მოუპოვებიათ.

ნუცა ყაველაშვილი

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close