გერმანიაში, კაიზერსლაუტერნის მახლობლად, ლანდშტულის რაიონში მატარებლის 36 წლის კონტროლიორი, თურქული წარმოშობის სერკან კ. სასტიკი ცემის შედეგად გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი ტვინში მასშტაბური სისხლჩაქცევა გახდა, რომელიც თავის არეში მიყენებულმა მრავალჯერადმა დარტყმებმა გამოიწვია.
ინციდენტი ორშაბათს, 2 თებერვალს, გვიან საღამოს მოხდა. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, სერკან კ.-მ ოთხ 20-იდან 30 წლამდე მგზავრს შეუმოწმა ბილეთი და ერთ-ერთ მათგანს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი არ აღმოაჩნდა. კონტროლიორმა მას მატარებლის დატოვება მოსთხოვა.
შემადგენლობის დაძვრის მომენტში 26 წლის უბილეთო მამაკაცი მოულოდნელად თავს დაესხა კონტროლიორს და მას მუშტებით თავში ცემა დაუწყო. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელს ცემისას არ გამოუყენებია არც დანა და არც სხვა სახიფათო საგანი, თუმცა მუშტების ცემისგან დაშავებულმა კონტროლიორმა ადგილზევე დაკარგა გონება. პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ იგი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად ოთხშაბათს დილით გარდაიცვალა. აუტოფსიის წინასწარი დასკვნით, სიკვდილის მიზეზი ტვინში ძლიერი სისხლჩაქცევა გახდა.
დანაშაულში ეჭვმიტანილი დააკავეს. პოლიციის ცნობით, იგი საბერძნეთის მოქალაქეა და გერმანიაში მუდმივი რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია. დაკავებულის თქმით, ლუქსემბურგში ცხოვრობს. გერმანიის მონაცემთა ბაზებში მასზე წარსული ნასამართლეობა ან სამართალდამცველთა ჩანაწერები არ ფიქსირდება.
მოგვიანებით, 6 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდებული წარმოშობით სირიელია და მისი სახელია მუსტაფა ასლანი. იგი თავდაპირველად არალეგალურად შევიდა საბერძნეთში და შემდეგ საბერძნეთის მოქალაქის პასპორტი მიიღო, რომლითაც უპრობლემოდ შეეძლო ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში შესვლა.
გამომძიებელი მოსამართლისთვის ჩვენების მიცემის შემდეგ 26 წლის მამაკაცი წინასწარ პატიმრობაში გადაიყვანეს. საქმეს ამ ეტაპზე არაწინასწარგანზრახული მკვლელობის მუხლით იძიებენ. გამომძიებლები მატარებლის შიდა ვიდეოკამერების ჩანაწერებს სწავლობენ.
ტრაგედიამ მთელი ქვეყნის რკინიგზის მუშაკებში შოკი და მწუხარება გამოიწვია. პროფკავშირ EVG-ის მოწოდებით, ოთხშაბათს გერმანიის სარკინიგზო სადგურებზე წუთიერი დუმილი გამოცხადდა.
„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ძალადობის ამ შემზარავ აქტს და ჩვენი კოლეგის სრულიად უაზრო დაღუპვას. ეს შავი დღეა გერმანიის ყველა რკინიგზელისათვის“, – განაცხადა Deutsche Bahn-ის გენერალურმა დირექტორმა ეველინ პალამ.
გარდაცვლილი კონტროლიორი სერკან კ. Deutsche Bahn-ში დაახლოებით 15 წლის განმავლობაში მუშაობდა და ლუდვიგსჰაფენში ცხოვრობდა. მას ორი ვაჟი დარჩა – 11 და 13 წლისები. ბოლო საათებში ბავშვები მამასთან იყვნენ საავადმყოფოში, თუმცა ის, სამწუხაროდ, კომიდან ვერ გამოვიდა.
ოჯახისა და მეგობრების თქმით, სერკანი მშვიდი, კეთილგანწყობილი და სოციალურად აქტიური ადამიანი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დაბადების დღეზე მან მეგობრებსა და ახლობლებს საჩუქრების ნაცვლად ონკოლოგიური პაციენტების დასახმარებლად თანხის შეგროვება სთხოვა.
Das ist der Kontrolleur Serkan C. von der Deutschen Bahn. Er wohnte in Ludwigshafen. Und war Familienvater. Ruhe in Frieden 🙏🕯🖤#Landstuhl #RheinlandPfalz #Homeburg #Saarland #DeutscheBahn #ÖPNV pic.twitter.com/HgS82OZhjs
— Fabienne 🇩🇪 (@Fabienne20244) February 4, 2026
ტრაგედიის შემდეგ რკინიგზის სფეროს წარმომადგენლები თანამშრომლების უსაფრთხოების ზომების დაუყოვნებლივ გამკაცრებას მოითხოვენ.
ნინო ხოშტარია



