მსოფლიოპოლიტიკა

Financial Times: კიევმა და დასავლეთმა შეიმუშავეს გეგმა მოსკოვის მიერ სამშვიდობო შეთანხმების დაარღვევის საპასუხოდ

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის ინფორმაციით, დღეს, 4 თებერვალს, აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო, რომელიც ხვალაც გაგრძელდება.

პირველი რაუნდი აბუ-დაბიში 23-24 იანვარს გაიმართა.

მეორე რაუნდის წინ უკრაინამ, ევროპამ და აშშ-მა შეიმუშავეს მრავალდონიანი გეგმა რუსეთის საპასუხოდ, თუ ის მომავალ სამშვიდობო შეთანხმებას დაარღვევს. სხვა ზომებთან ერთად მასში განსაზღვრულია სამხედრო პასუხიც.

მიღებული გეგმის მიზანია რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის მომავალი შეთანხმების დაცვის უზრუნველყოფა. ამის შესახებ სამშაბათს, 3 თებერვალს, Financial Times-ი იუწყება საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, გეგმის თანახმად, მოსკოვის მიერ მომავალი შეთანხმების ნებისმიერი დარღვევა გამოიწვევს ევროპისა და აშშ-ის კოორდინირებულ სამხედრო პასუხს. გამოცემის წყაროების თქმით, ამის შესახებ შეთანხმებები მიღწეულ იქნა 2025 წლის დეკემბერში პარიზში და 2026 წლის იანვარში კიევში უკრაინის, ევროპისა და ამერიკის წარმომადგენელთა მონაწილეობით ჩატარებულ განხილვებზე. FT აღნიშნავს, რომ ეს საკითხი იყო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დღის წესრიგში 2025 წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ფლორიდაში, მის რეზიდენცია მარ-ა-ლაგოში შეხვედრისას.

დიპლომატიური და სამხედრო პასუხი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაზე

უკრაინისა და მისი დასავლელი პარტნიორების მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, ინციდენტიდან 24 საათის განმავლობაში მოხდება დიპლომატიური გაფრთხილება და დაიწყება „ნებისმიერი ქმედება, რაც უკრაინის არმიისგან იქნება საჭირო ამ დარღვევის შესაჩერებლად“.

თუ საბრძოლო მოქმედებები ამის შემდეგაც გაგრძელდება, გეგმის მეორე ფაზა შევა ძალაში, რომელიც გულისხმობს კიევის მომხრეთა ჩარევას ე. წ. „მსურველთა კოალიციიდან“, რომელშიც შედის ევროკავშირის რიგი წევრი ქვეყნები, აგრეთვე, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ისლანდია და თურქეთი.

ხოლო თუ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა ფართომასშტაბიან თავდასხმაში გადაიზრდება, პირველი დარღვევიდან 72 საათის განმავლობაში დაიწყება კოორდინირებული სამხედრო პასუხი დასავლური ძალების ჩათვლით, მათ შორის, აშშ-ის არმიის მონაწილეობით, წერია Financial Times-ის სტატიაში.

უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის აშშ-ისგან

ამასთან ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ შეთანხმების ბევრი დეტალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. პირველ ყოვლისა, საუბარია იმაზე, რომ უსაფრთხოების გარანტიები დაკავშირებულია გრძელვადიან ცეცხლის შეწყვეტასთან, რომლის ფარგლებიც ჯერ კიდევ სრულად არ არის განსაზღვრული.

ადრე დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლში დაფიქსირებული გარანტიების ანალოგიური იქნებოდა და გულისხმობდა მოკავშირეთა კოლექტიურ პასუხს რუსეთის შესაძლო ახალ აგრესიაზე. უკრაინის ლიდერის თქმით, ტრამპმა ეს გარანტიები 15 წლის ვადით შესთავაზა, მაგრამ უკრაინა 50 წელზე უფრო ხანგრძლივ ვადას მოითხოვდა.

გასულ კვირას ზელენსკიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმება აშშ-სთან გულისხმობს უკრაინის არმიის რაოდენობის 800 ათას კაცამდე გაზრდას, აგრეთვე, მის დასავლური შეიარაღებით უზრუნველყოფასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალის მომზადებას. როგორც Financial Times-ი წერს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს ამ შეთანხმებას ვაშინგტონთან 2026 წლის 24 თებერვლამდე, სწორედ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან ოთხი წლის აღსანიშნავ დღემდე, მოაწეროს ხელი. „უკრაინის პრეზიდენტის აზრით, ამან კიევს მოსკოვთან მოლაპარაკებებში შესაძლოა ბერკეტი მისცეს და ტრამპის გრძელვადიანი მხარდაჭერა უზრუნველყოს“, – აღნიშნულია სტატიაში.

ტერიტორიული დათმობების შესაძლებლობა

როგორც ბრიტანული გამოცემა ადრე წერდა, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას მიუთითებდა, რომ აშშ-ის მიერ უსაფრთხოების გარანტიების მიეცემა დამოკიდებულია, დათანხმდება თუ არა კიევი სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც, დიდი ალბათობით, მოიცავს უკრაინის მიერ რუსეთისთვის დონბასის დათმობას.

იანვრის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-მა და ევროპამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით კონსენსუსს მიაღწიეს. „მხოლოდ ქვეყნის აღმოსავლეთ ტერიტორიების საკითხი დარჩა გადაუჭრელი“, – აღნიშნა მაშინ რუბიომ.

დაზუსტდა, რომ შეთანხმება გულისხმობს უკრაინაში შეზღუდული კონტინგენტის, უპირატესად, ბრიტანული და ფრანგული ჯარების განლაგებას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 თებერვალს, ღამით რუსეთის მიერ კიევზე, ხარკოვსა და უკრაინის სხვა რეგიონების ენერგოობიექტებზე განხორციელებული მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შემდეგ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა. რუტე უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა.

ნიკო აბაშიშვილი

დაკავშირებულ თემაზე: დათმობებს არ აპირებენ – უკრაინელთა რეაქცია ყინვებისა და დაბომბვების ფონზე

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close