ხელოვნებასაქართველო

საქართველოს ევროვიზია 2026-ზე ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს, რომელიც 2008 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულია

საქართველოს ევროვიზია 2026-ზე საბავშვო ევროვიზია 2008-ის გამარჯვებული ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს.

ჯგუფის წევრები არიან გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი და მარიამ კიკუაშვილი.

ჯგუფი „ბზიკები“ 2008 წელს თბილისში შეიქმნა. მისი წევრები თავდაპირველად საბავშვო ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსში ცალ-ცალკე მონაწილეობდნენ, თუმცა ჟიურის გადაწყვეტილებით, ერთ ჯგუფად გაერთიანდნენ. 2008 წლის საბავშვო ევროვიზიაზე, რომელიც კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გაიმართა, „ბზიკების“ წევრები კონკურსანტთა შორის ყველაზე პატარები – 10 წლისანი იყვნენ. მათი სიმღერა სხვა საკონკურსო სიმღერებისგან ძლიერ განსხვავდებოდა – სწორედ ამ ორიგინალობისა და არაჩვეულებრივი შესრულების გამო დიდი მოწონება დაიმსახურა და „ბზიკები“ კონკურსის გამარჯვებული გახდა. ეს იყო საქართველოს წარმომადგენელთა პირველი გამარჯვება, რასაც შემდგომ წლებში კიდევ 3 მოჰყვა და ამ დროისთვის საქართველო საბავშვო ევროვიზიის 4-გზის გამარჯვებულია.

დაახლოებით 18-წლიანი პაუზის შემდეგ „ბზიკები“ სცენაზე ბრუნდებიან და ახლა უკვე დიდების ევროვიზიაზე ცდიან ბედს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ევროვიზიაზე ინგლისის ქალაქ ლივერპულში საქართველოს სახელით მონაწილეობდა ირუ ხეჩანოვი, რომელმაც 2011 წელს საბავშვო ევროვიზიაზე გაიმარჯვა ჯგუფ CANDY-ს შემადგენლობაში. სამწუხაროდ, ირუ ფინალში ვერ გადავიდა და კონკურსს პირველ ეტაპზევე გამოეთიშა.

ნუცა ყაველაშვილი

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close