რა სიმპტომები ახასიათებს დიარეას და როდის არის აუცილებელი ექიმთან მისვლა?

დიარეა, იგივე ფაღარათი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც ბანალური მიზეზით, ისე საკმაოდ სერიოზული პრობლემითაც. ამიტომ მნიშვნელოვანია არ უგულებელყოთ მისი სიმპტომები და პირველივე დღიდან დაიწყოთ შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
რა არის და რა სიმპტომები ახასიათებს დიარეას?
დიარეა, ანუ ფაღარათი არის ხშირი დეფეკაცია, რომელიც ხასიათდება დიდი რაოდენობის თხიერი ფეკალური მასის გამოყოფით. ამ დროს კუჭში გასვლის სიხშირე დღეში 3-ზე მეტია, ზოგჯერ 20-ზე მეტიც კი. ასევე დარღვეულია საჭმლის მონელებისა და შეწოვის ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესი. განავალში შესაძლოა შეინიშნებოდეს პათოლოგიური მინარევები (სისხლი, ლორწო, ჩირქი), ხოლო დეფეკაციას ახლდეს მტკივნეული შეგრძნებები.
დიარეასთან ასოცირებული ნიშნები და სიმპტომებია: ხშირი, რბილი და თხიერი განავალი; მუცლის მოვლითი ტკივილი; მაღალი ტემპერატურა; ლორწო ან სისხლი განავალში.
დიარეამ შესაძლოა გამოიწვიოს მთელი რიგი გართულებები, მათ შორის ყველაზე სახიფათოა დეჰიდრატაცია (სითხის დაკარგვა), რაც უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში საფრთხეს წარმოადგენს სიცოცხლისთვის. დეჰიდრატაციის ნიშნებია: პირის ან კანის სიმშრალე, წყურვილის გრძნობა, ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, გადაღლილობა, მუქი ფერის შარდი, იშვიათი შარდვა.
დეჰირატაციის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დიარეის დროს მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე – წყალი, ხილის წვენი, მინერალური წყალი ან ჩაი. გარდა ამისა, რაციონიდან უნდა გამორიცხოთ კოფეინისა და ალკოჰოლის შემცველი სასმელი, რადგან ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას.
რა იწვევს დიარეას?
დიარეას, ძირითადად, იწვევს ინფექციური აგენტები, როგორიცაა: ვირუსი, ბაქტერია, ბაქტერიული ტოქსინი ან პარაზიტი. ინფექციური აგენტით გამოწვეულ დიარეას ახასიათებს ცხელება, მუცლის ტკივილი, ღებინება. იმ შემთხვევაში, თუ ფაღარათი ძალიან ძლიერია, შესაძლოა განვითარდეს დეჰიდრატაცია.
ზოგჯერ დიარეა დაკავშირებულია საკვებისმიერ ალერგიასთან, ფსიქოგენურ დარღვევებთან, საფაღარათო საშუალებების მიღებასთან.
დიარეა ასევე შესაძლოა გამოწვეული იყოს მალაბსორბციის სინდრომით, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით, ნაწლავთა არასპეციფიკური ანთებითი დაავადებებით (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი), ნაწლავთა სოკოვანი ინფექციით, ნაწლავის რეზექციით ან ვაგოტომიით.
გარდა ამისა, დიარეას იწვევს მომატებული მგრძნობელობა ზოგიერთი საკვების მიმართ; ზოგიერთი მედიკამენტის (განსაკუთრებით ანტიბიოტიკების) გამოყენება; ლაქტოზის აუტანლობა, ფრუქტოზა, ხელოვნური დამატკბობლები და სხვა.
როდის არის აუცილებელი ექიმთან მისვლა?
აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ:
- დიარეა გრძელდება სამ დღეზე მეტხანს;
- გაქვთ ძლიერი წყურვილი, პირისა და კანის სიმშრალე, შარდის შემცირება, გამუქება ან არარსებობა, ძლიერი სისუსტე, თავბრუხვევა (დეჰიდრატაციის ნიშნები);
- გაწუხებთ მუცლის ძლიერი ტკივილი;
- განავალი არის სისხლიანი, ჩირქოვანი ან შავი;
- სხეულის ტემპერატურა აჭარბებს 38.5°-ს.
ბავშვებში, განსაკუთრებით კი ჩვილებში, დიარეამ შესაძლოა ძალიან სწრაფად გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. ამიტომ პედიატრს უნდა დაუკავშირდეთ, თუ:
- დიარეა არ იკლებს 24 საათის განმავლობაში;
- ბავშვს არ მოუშარდავს 3 საათისა და მეტი ხნის განმავლობაში;
- ღებინების გამო ვერ იღებს სითხეს;
- აქვს 38.5 გრადუსზე მაღალი სიცხე;
- აქვს სისხლიანი ან შავი განავალი;
- გამომშრალი აქვს პირი ან ტირის უცრემლოდ;
- ხელის მოკიდების და მოჩქმეტის შემდეგ კანი ძნელად უბრუნდება ძველ მდგომარეობას;
- უჩვეულოდ მოდუნებულია, მივარდნილია, გაღიზიანებულია ან დაძახებაზე არ პასუხობს;
- განუვითარდა კრუნჩხვა.
რა კვლევები ტარდება დიარეის დროს?
დიარეის მიზეზის დადგენისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ანამნეზის სწორ და სრულყოფილ შეკრებას.
აუცილებელი კვლევებია: სისხლის, განავლის საერთო ანალიზი, სისხლში კრეატინინისა და შარდის გამოკვლევა, მუცლის ექოსკოპიური გამოკვლევა. პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება განავლის ბაქტერიოლოგიურ შესწავლას.
როგორ მკურნალობენ დიარეას?
დიარეის დროს აუცილებელია დიდი რაოდენობის სითხეების (წყლის და წვნიანის) მიღება. ხშირად საჭიროა გარკვეული ხსნარებიც, რომლებიც შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო მარილებს (მაგალითად, რეჰიდრონი). თუ ფაღარათის მიზეზი ბაქტერიაა, შეიძლება დაინიშნოს ანტიბიოტიკი. ექიმები მწვავე ბაქტერიული და ვირუსული დიარეის დროს ხშირად ნიშნავენ ენტეროლს – ანტიდიარეულ, მიკრობულ პრეპარატს, რომელიც პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი.
ბევრი ადამიანი თვითნებურად, ექიმის კონსულტაციის გარეშე იღებს ანტიბიოტიკებს, რაც დაუშვებელია, რადგან დიარეის მიზეზი შეიძლება ვირუსი იყოს, რომელზეც ანტიბიოტიკი არ მოქმედებს და, პირიქით, ზიანსაც კი აყენებს ნაწლავურ ფლორას.



