კინო/ფილმებისაბერძნეთი

„მანიდან სვანეთამდე“ – ქართულ-ბერძნული კოპროდუქცია ამორგოსის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია

საბერძნეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუნძულზე, ამორგოსზე, 2025 წლის 13-18 ნოემბერს გაიმართა ტურისტული ფილმების მე-16 საერთაშორისო ფესტივალი – Amorgos Film Festival, რომელიც დოკუმენტური და ტურისტული კინოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად ითვლება.

წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებით მასშტაბური იყო: 52 ქვეყნიდან წარმოდგენილი 111 ფილმი კულტურის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტურიზმის თემებს აერთიანებდა. ფესტივალი 2017 წლიდან არის CIFFT-ის — ტურისტული ფილმების საერთაშორისო კომიტეტის – ოფიციალური წევრი, რომლის სათავო ოფისი ვენაში მდებარეობს.

ამორგოსი – კინოსა და კულტურის კუნძული

ამორგოსი კიკლადების არქიპელაგის ერთ-ერთი უძველესი კუნძულია. არქეოლოგიური მონაცემებით, ის ჯერ კიდევ ძვ. წ. III ათასწლეულში კიკლადური ცივილიზაციის ცენტრი იყო. სხვადასხვა ეპოქაში აქ არსებობდა ძლიერი ქალაქები – მინოა, არკესინი და ეგიალი. კუნძული დაკავშირებულია რომის იმპერიისა და ბიზანტიის პერიოდებთან, ბერძნულ რევოლუციასთან და ცნობილია კლდეზე შეფენილი XI საუკუნის მონასტრით – პანაგია ხოზოვიოტისა.

თანამედროვე სამყაროში ამორგოსმა საერთაშორისო ცნობადობა კიდევ უფრო განიმტკიცა ფრანგული ფილმის „The Big Blue“ გადაღების შემდეგ, ხოლო დღეს კუნძული რეგულარულად მასპინძლობს კულტურულ და კინემატოგრაფიულ ღონისძიებებს.

მე-16 ფესტივალი და ღონისძიებები

ფესტივალის ჩვენებები და პარალელური ღონისძიებები გაიმართა ხუთვარსკვლავიან სასტუმროში Aegialis Hotel & Spa, სადაც ჩატარდა, ასევე, 22-ე საერთაშორისო კონფერენცია «ΥΠΕΡΙΑ». პროგრამა მოიცავდა კინოჩვენებებს, მასტერკლასებს, კულტურულ აქტივობებსა და არაფორმალურ შეხვედრებს.

ფესტივალის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს: ფესტივალის პრეზიდენტმა ირინი იანაკოპულუმ; თანაორგანიზატორებმა – ხრისტიანა მარკუმ და ელენი მიტრაკიმ; ამორგოსის ქალთა კულტურულმა ასოციაციამ, მუნიციპალიტეტთან და სამხრეთ ეგეოსის რეგიონთან თანამშრომლობით.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: საბერძნეთის ტურიზმის ეროვნული ორგანიზაცია (Ε.Ο.Τ.), ეგეოსისა და კუნძულების პოლიტიკის გენერალური სამდივნო და არაერთი კერძო სპონსორი.

დაჯილდოება და გამარჯვებულები

ფესტივალის უმაღლესი ჯილდო – გრან-პრი – წელს მიენიჭა კოლუმბიელი რეჟისორის, დავიდ ალეხანდრო ოსპინას ფილმს „აღმოაჩინე ლა გუახირა“.

დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში გამარჯვებულები:

I პრიზი
• „3 მეგობარი“ – საბერძნეთი

II პრიზი
„მანიდან სვანეთამდე“ – საბერძნეთი-საქართველო

III პრიზი
• „პატაგონიის თავგადასავალი – კლიმატის კვლევა ყინულის უდაბნოში“ – ჩილე-გერმანია

„მანიდან სვანეთამდე“ – კულტურული პარალელები

დოკუმენტურმა ფილმმა „მანიდან სვანეთამდე“, რომელიც მანის (საბერძნეთი) და სვანეთის კულტურულ, არქიტექტურულ და ისტორიულ პარალელებს ასახავს, ფესტივალზე მაღალი შეფასება მიიღო როგორც ჟიურისგან, ისე მაყურებლისგან.

ფილმმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოტენციალი და გააღრმავა კულტურული დიალოგი საქართველოსა და საბერძნეთს შორის.

ფილმი შეიქმნა: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით
(საგრანტო კონკურსი – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“) და საქართველოს კულტურის სამინისტროს თანადგომით.

ლელა შენგელი (მარცხნივ) და ნინო ბაჯელიძე

შემოქმედებითი გუნდი:

  • იდეის ავტორი და პროდიუსერი – ნინო ბაჯელიძე
  • რეჟისორი – შალვა შენგელი
  • სცენარის ავტორი – ლელა შენგელი
  • ოპერატორები – გვანცა მეტრეველი (მთავარი ოპერატორი), ირინე გზირიშვილი, იანის ფოტოპულოსი
  • დრონი – იანის სკუპისი, გურამ ცერცვაძე

ფილმის ავტორების თქმით, „მანიდან სვანეთამდე“ კვლავ გააგრძელებს „მოგზაურობას“ საერთაშორისო ფესტივალებზე.

ნუცა ყაველაშვილი

დაკავშირებულ თემაზე: მანი – სვანური კოშკების ბერძნული ანალოგების სამშობლო (ფოტო)

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close