ეკონომიკასაქართველო

პლასტმასის რომელი საგნები აიკრძალება და როდიდან ვეღარ შევძლებთ ყიდვას? – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ცვლილება 2026 წლის პირველი იანვრიდან შედის ძალაში.

უწყების ცნობით, „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ 2022 წლის 8 ივნისის N 304 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.

…იკრძალება პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერებისა და მათი თავსახურების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით წარმოებისა), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

ასევე იკრძალება პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება“.

სამინისტრო განმარტავს, რომ რეგულაცია არ ეხება პლასტმასისგან დამზადებულ ერთჯერადი გამოყენების შესაფუთ ნაკეთობებს (საგნებს), რომლებიც განკუთვნილია დაფასოებული სურსათისთვის.

უწყების ცნობით, დადგენილება გარკვეულ გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს და ზემოჩამოთვლილი პროდუქცია, რომელიც „განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებული იყოს დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში.

ასევე, პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება შესაძლებელია დადგენილების ამოქმედებიდან (2026 წლის 1-ელი იანვრიდან) ექვსი თვის განმავლობაში.

კომპეტენციის ფარგლებში, ტექნიკური რეგლამენტის ცვლილებების შესრულებას გააკონტროლებენ სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ არ იკრძალება პლასტმასის ზემოთ ჩამოთვლილი საგნების წარმოება ექსპორტის მიზნით. მწარმოებელი, რომელიც სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის საგნებს ამზადებს ექსპორტის მიზნით, ვალდებულია, წარმოების დაწყებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წერილობით აცნობოს როგორც წარმოების დაწყების, ასევე დამთავრების ვადების, დასამზადებელი ნაკეთობების (საგნები) რაოდენობის, საექსპორტო ქვეყნებისა და ექსპორტის განხორციელების ვადების შესახებ“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close