ილონ მასკი: „საბერძნეთი ქრება“ – ყველაზე უარესი მაჩვენებლები ევროპაში
რა მდგომარეობაა საქართველოში?

ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა კვლავ გაამახვილა ყურადღება ევროპაში შობადობის სწრაფ ვარდნაზე. ამჯერად მასკის ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით საბერძნეთი მოექცა, რომელსაც, მისი თქმით, ყველაზე მძიმე დემოგრაფიული მაჩვენებლები აქვს ევროპის კონტინენტზე. მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გამოქვეყნებული პოსტი გააზიარა და დაწერა: „მეტისმეტად ბევრ ქვეყანას აქვს შობადობის მკვეთრი შემცირების მაჩვენებლები“.
მონაცემების თანახმად, რომელსაც მასკი ეყრდნობა, საბერძნეთის დემოგრაფიული მდგომარეობა მართლაც უკიდურესად შემაშფოთებლად გამოიყურება: ეთნიკურ ბერძნებს შორის შობადობის შემცირების უკვე ამჟამად არსებული ტემპები საბერძნეთს 50 წელიწადში იქამდე მიიყვანს, რომ ძირძველი მოსახლეობა უმცირესობაში აღმოჩნდება. ეს დინამიკა უფრო უარესდება იქიდან გამომდინარე, რომ ბერძენთა შორის შობადობის შემცირების პარალელურად იზრდება საბერძნეთში მცხოვრები უცხოელი მშობლების ახალშობილთა რაოდენობა.
დღეს უცხოელები საბერძნეთის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ, ხოლო ასაკობრივ ჯგუფში 1-იდან 50 წლამდე – უკვე 30%-ს. საგულისხმოა ისიც, რომ შობადობის შეფარდება ბერძნებსა და უცხოელებს შორის გასულ წელს 1,6:1 იყო, რაც ნიშნავს, რომ ეთნიკურად ბერძენ ყოველ 16 ახალშობილზე უცხოელი მშობლების 10 ახალშობილი მოდიოდა.
So many countries have a collapsing birth rate https://t.co/QtQhAYXJBz
— Elon Musk (@elonmusk) November 15, 2025
პოსტში მოყვანილია ევროპის სხვა ქვეყნების მაჩვენებლებიც, რომლებიც ნამდვილად არ არის სახარბიელო:
- ფინეთი – 2010 წლიდან შობადობა დაახლოებით მესამედით შემცირდა;
- შვეიცარია, ინგლისი, შოტლანდია და უელსი – ისტორიული მინიმუმები ფიქსირდება;
- პოლონეთი – ყველაზე ცუდი მაჩვენებლები ბოლო 200 წლის განმავლობაში;
- საბერძნეთი – შობადობის ყველაზე დაბალი დონე ევროპაში;
- ესპანეთი, იტალია, ავსტრია, გერმანია – 35 წელზე მეტია ქრონიკულად დაბალი ფერტილობის ზონაში იმყოფებიან.
აგრეთვე, ცალკე აღნიშნულია, რომ ამ დრომდე არ შესრულებულა დაპირება 3-შვილიანი ოჯახებისთვის მრავალშვილიანის სტატუსის მიკუთვნების შესახებ – ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დააანონსდა ДЕΘ-ზე ( თესალონიკის საერთაშორისო ბაზრობა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საბერძნეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის).
ილონ მასკმა ადრეც გააზიარა პოსტი X-ზე საბერძნეთში შობადობის მკვეთრ კლებასა და მოსალოდნელ დემოგრაფიულ კოლაფსზე.
რა მდომარეობაა საქართველოში?
მასკის „მაღალი“ ყურადღების ცენტრში ამჯერად საქართველო არ მოქცეულა, თუმცა, ჩვენი მხრივ, აღვნიშნავთ, რომ სერიოზული დემოგრაფიული გამოწვევებია საქართველოშიც.
ბოლო წლების განმავლობაში შობადობა ისტორიულ მინიმუმებზე ჩამოვიდა, ბუნებრივი ზრდა ხშირად უარყოფითია (გარდაცვალების რაოდენობა ჭარბობს დაბადების რიცხვს – მაგ., 2024 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, მოსახლეობის ბუნებრივი ზრდა 2024 წელს უარყოფითი იყო – გარდაცვალების რაოდენობამ 4488-ით გადააჭარბა დაბადების რაოდენობას, ხოლო მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ემიგრაციაშია და 2024 წელს ემიგრანტთა რაოდენობა კიდევ 14 386-ით გაიზარდა – იხ. სტატია: რამდენი ვართ? – 2024 წლის აღწერის წინასწარი მონაცემები).
დემოგრაფები აღნიშნავენ, რომ თუ ეს ტენდენციები არ შეიცვალა, 2035–2045 წლებში საქართველოს მოსახლეობა შესაძლოა 2.9–3.1 მილიონამდე შემცირდეს, შრომისუნარიანი ასაკის მოქალაქეების წილი საგრძნობლად დაიკლებს, პენსიონერთა წილის ზრდა ახალგაზრდებთან შედარებით კი გამოიწვევს სამუშაო ძალის შემცირებას, ეკონომიკური განვითარების ტემპების შენელებას და საგრძნობლად გააძლიერებს დატვირთვას საპენსიო სისტემაზე.
სპეციალისტები გაფრთხილებენ, რომ საქართველოს დემოგრაფიული სტრუქტურა ასაკობრივად იცვლება, მოსახლეობა სწრაფად ბერდება და 10–20 წელიწადში ეს პრობლემა უკვე ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე იმოქმედებს.
ნინო ბაჯელიძე
მსგავს თემაზე: უკანასკნელი ბერძენი




კომენტარები