ეკონომიკასაქართველო

ორაგული თუ შეღებილი კალმახი? – როგორ ატყუებენ მომხმარებელს

ქართულ ბაზარზე მომხმარებლის მოტყუების პრაქტიკა არც ახალია და არც იშვიათი: ხან ქათმებს კვებავენ ქიმიური ნივთიერებებით, რომლებიც ქათამს აყვითლებს და მყიდველს ეუბნებიან, რომ სიმინდითაა ნაკვები, ხან ვირის ხორცს ასაღებენ საქონლის ხორცად, ყველზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია – უმეტეს შემთხვევაში საერთოდ ვერ მიხვდები, რა „წარმომავლობისაა“… ამჯერად „რადიო თავისუფლების“ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით კიდევ ერთი ტყუილი გამოააშკარავდა – როგორ კვებავენ კალმახს პიგმენტირებული საკვებით, რომ კალმახის თეთრმა ხორცმა ნარინჯისფერ-წითელი შეფერილობა მიიღოს და ორაგულს დაემსგავსოს, შემდეგ კი მყიდველს ორაგულად ასაღებენ.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში გასაყიდად გამოტანილი ადგილობრივი წარმოების ორაგულისებრთა თევზის აბსოლუტური უმრავლესობა (99%-მდე) ცისარტყელა კალმახია. რამდენად სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საქართველოში ამგვარად მოშენებული თევზი, უცნობია. ქიმიური პიგმენტების, სინთეზური კაროტინოიდების გამოყენება ევროკავშირში მკაცრად დოზირებულია და მწარმოებელს აქვს ვალდებულება, ეტიკეტზე მიუთუთოს საკვებში მათი შემცველობა, საქართველოში კი ამას არცერთი სახელმწიფო უწყება არ იკვლევს, შესაბამისად, არც ეტიკეტზე არავინ უთითებს ამ ქიმიური ნივთიერებების შემცველობას. „რადიო თავისუფლებას“ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მისწერა, ქვეყანაში არ გვაქვს ისეთი ლაბორატორია, სადაც ამას გამოვიკვლევთო.

„ორი თვის წინ რადიო თავისუფლების გამოძიებამ გამოააშკარავა, რომ საქართველოში ადგილობრივი ქათმის ხორცი მეტწილად ქათმის საკვებში შერეული საღებავითაა გაყვითლებული.

გავარკვიეთ, რომ ქათამსა და კვერცხს ფერმერები კაროტინოიდებით – ბუნებრივი და ქიმიური საკვები საღებავებით აყვითლებდნენ და არა ბუნებრივი საკვებით – ყვითელი სიმინდით, როგორც მყიდველთა უმრავლესობას ეგონა.

ამჯერად რადიო თავისუფლებამ აღმოაჩინა, რომ მსგავსი რამ ხდება თევზის, უფრო ზუსტად კი, კალმახის მოშენებისას.

საქართველოში ხშირად ყიდიან კალმახს თვალშისაცემად ნარინჯისფერი ხორცით. ეს არ არის კალმახის ბუნებრივი ფერი და მიღწეულია თევზის პიგმენტირებული საკვებით. იმავენაირად იღებება ადგილობრივი წარმოების წითელი ხიზილალაც.

მყიდველს უმალავენ, რომ თევზის და ხიზილალის ფერი საკვები საღებავებით, პიგმენტებით, ხელოვნურადაა მიღწეული.

კვების სპეციალისტებიც და მეკალმახეებიც ერთხმად ამბობენ, რომ ცისარტყელა კალმახი და ზღვის/ოკეანის ორაგული განსხვავებული სახეობებია. ორივე კი მიეკუთვნება ორაგულისებრთა ოჯახს, მაგრამ მათი ხორცის და ხიზილალის სარგებლიანობა, კალორიულობა და ღირებულება განსხვავდება. 1 კგ ცისარტყელა კალმახი ქართულ ბაზარზე დაახლოებით 20-30 ლარი ღირს, 1 კგ ზღვის/ოკეანის ორაგული კი – 40-დან 100 ლარამდე. ორაგულის ხორცი უფრო ცხიმიანი, წვნიანია და ითვლება, რომ უფრო გემრიელია. ორაგულს მაღალი ცხიმიანობა და ომეგა 3-ის ბევრად მაღალი შემცველობა კალმახთან შედარებით აძვირებს – ის „პრემიუმ კლასის” თევზად მიიჩნევა.

გააგრძელე კითხვა აქ: https://www.radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close