საქართველო–აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 20-ვე ადამიანი დაიღუპა.
BBC-ისა და „Anadolu Agency“-ს ცნობით, კატასტროფა მოხდა 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ 12 ნოემბერს ოფიციალურად დაადასტურა, რომ თვითმფრინავზე მყოფი ყველა სამხედრო დაიღუპა, სულ 20 ადამიანი – ეკიპაჟიც და მგზავრებიც.
დღეს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ვინაობა დაასახელა.
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი აზერბაიჯანის ქალაქ განჯიდან აფრინდა და თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა. თურქული წყაროების ცნობით, აფრენიდან მალევე მან დაკარგა კავშირი დისპეტჩერებთან და განგაშის სიგნალი არ გაუგზავნია.
ურთიერთსაპირისპირო მონაცემების მიუხედავად, არსებული ვერსიებით, კატასტროფის მიზეზად განიხილება ტექნიკური გაუმართაობა; გამოძიება, აგრეთვე, განიხილავს ვერსიას, რომ კატასტროფა შესაძლოა გამოეწვია ფრენისას ტვირთის გადაადგილებას ან არათანაბრად განაწილებულ წონას, რამაც თვითმფრინავის სტრუქტურული დაზიანება ან კონტროლის დაკარგვა გამოიწვია.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ თვითმფრინავის ბორტზე არ ყოფილა ასაფეთქებელი ნივთიერება და კატასტროფა არ მოჰყოლია არც რაიმე გარეგან ზემოქმედებას მისი ჩამოგდების მიზნით.
აზერბაიჯანულმა სააგენტო APA.az-მა, მათივე მტკიცებით, „ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით“, კატასტროფის შემდეგ, გვიან ღამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავს შესაძლოა გადაჰქონდა F-16 ტიპის გამანადგურებლების სათადარიგო ნაწილები და ბორტზე ტექნიკური სპეციალისტები იმყოფებოდნენ, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ჯგუფები მონაწილეობენ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან თურქი გამომძიებლები. „ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვმუშაობთ თურქეთის ხელისუფლებასთან“, – განაცხადა გელაძემ.
მისივე თქმით, „ბორტზე მყოფი 20 ადამიანიდან 18-ის ცხედარი ნაპოვნია, ხოლო ორი სამხედრო მოსამსახურის ძებნა კვლავ გრძელდება“. დაკარგულებს დრონებითაც ეძებენ.
თვითმფრინავის ნამსხვრევები ფართო არეალშია გაფანტული, რაც მიუთითებს, რომ აპარატმა შესაძლოა დაშლა ჰაერშივე დაიწყო.
გამოძიება ამ დროისთვის ორი მიმართულებით მიმდინარეობს:
- ტექნიკური გაუმართაობა ან სტრუქტურული დაზიანება,
- ტვირთის არასწორი დამაგრება და შიდა ბალანსის დარღვევა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანა „მძიმე დანაკარგს გლოვობს“ და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ აღნიშნა, რომ სამძებრო ოპერაციები საქართველოს დახმარებით მიმდინარეობს.
ამერიკული Lockheed Martin-ის მიერ წარმოებული C-130 Hercules მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავია. თურქეთი ამ ტიპის საჰაერო ხომალდებს 1960-იანი წლებიდან იყენებს.

სპეციალისტების თქმით, მსგავს ინციდენტებს იშვიათად, მაგრამ ხანგრძლივი ექსპლუატაციისას შეიძლება ტექნიკური მიზეზები დაედოს საფუძვლად.
ნანა ძნელაძე




კომენტარები