თბილისში ტრამვაი ბრუნდება – პირველადი სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა, სად გაივლის ახალი ხაზი?



თბილისში რამდენიმე წელში ტრამვაი დაბრუნდება – ტრამვაის ხაზის აუცილებელი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სატენდერო წინადადებების მიღება 17 დეკემბერს დაიწყება და 22 დეკემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 416 მლნ 592 ათასი ლარია.
ტრამვაის ხაზის დანიშნულება იქნება დიდი დიღმის დაკავშირება მეტროპოლიტენთან: სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, გაივლის დავით აღმაშენებლის ხეივანს, შემდეგ დიღმის მასივს (რობაქიძის გამზირს), შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდს და მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება.
ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე 7,5 კმ-ია, გაჩერებების რაოდენობა – 11, ტრამვაის შემადგენლობა – 10, ერთი შემადგენლობის ტევადობა – სულ ცოტა, 300 მგზავრი. მშენებლობის დასრულება 2028-2029 წლებისთვის იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში ტრამვაის დაბრუნების შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმდინარე წლის აგვისტოში გააკეთა. უფრო ადრე, 2025 წლის მარტში ამ პროექტთან დაკავშირებით ბაზრის კვლევა გამოცხადდა.
თბილისის ტრამვაის ერთსაუკუნოვანი ისტორია 19 წლის წინ, 2006 წლის 4 დეკემბერს დასრულდა თბილისის მთავრობის სხდომაზე იმავე წლის 10 ნოემბერს მიღებული დადგენილების საფუძველზე.
მერიის გადაწყვეტილებით, 2006 წლის 4 დეკემბრიდან ელექტროტრანსპორტი – ტროლეიბუსები და ტრამვაი – მთლიანად ჩაანაცვლა დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსებმა. მაშინ ამ გადაწყვეტილების არგუმენტებად ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო გაზრდილი ხარჯების დაზოგვა და მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესება დასახელდა. იმ დროისათვის დედაქალაქში ტრამვაი მხოლოდ ერთ 3,5 კმ სიგრძის ხაზზე მოძრაობდა, რომელიც კონიაკის დასახლებას დიდუბის სადგურთან აკავშირდებდა.
2010 წლის ნოემბერში თბილისის მერია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, შიდაწვის ძრავაზე მომუშავე ავტობუსების ელექტროტრანსპორტით ნაწილობრივ ჩანაცვლების იდეაზე ალაპარაკდა. ჩატარდა კვლევებიც უცხოური კომპანიების მონაწილეობით, დასახელდა სავარაუდო მარშრუტებიც; თბილისის მაშინდელი მერი გიგი უგულავა ამბობდა, რომ თბილისში ტრამვაის სისტემის დანერგვა 3-4 წლის პერსპექტივა იყო, თუმცა 2012 წელს მთავრობა შეიცვალა და იდეის განხორციელება დიდი ხნით გადაიდო.
ნანა ძნელაძე
კომენტარები