ჩვეულებრივი ფანჯრები „საშინაო ელექტროსადგურებად“ იქცევა – გადასახადის თანხასაც დავზოგავთ და ბუნებასაც გავუფრთხილდებით
ახალი ტექნოლოგიის წყალობით შესაძლოა თქვენი სახლის ფანჯრები არა მხოლოდ სინათლის, არამედ ელექტროენერგიის წყაროც გახდეს

მალე ჩვეულებრივი ფანჯრის ელექტროენერგიის წყაროდ გამოყენება გახდება შესაძლებელი. მეცნიერებმა შექმნეს გამჭვირვალე საფარი, რომელიც პირდაპირ მინის ზედაპირს ეკრობა და მზის შუქს ელექტროენერგიად გარდაქმნის. ამასთან, ფანჯარა სახეს თითქმის არ იცვლის და სინათლესაც ჩვეულებრივ ატარებს. შედეგი მარტივია და ეფექტიანი: მზე ანათებს, ფანჯარა მუშაობს, თქვენ კი ელექტროენერგიას ზოგავთ – თუნდაც ერთი ოთახის შემთხვევაში, თან გარემოსაც უფრთხილდებით.
ენერგია ფანჯრიდან
გამჭვირვალე საფარი, რომელსაც ნებისმიერი ფანჯრის მზის ბატარეად გადაქცევა შეუძლია, ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს. გარეგნულად ეს ჩვეულებრივი მინაა, თუმცა მისი გავლით მზის სხივების ნაწილი მხოლოდ ოთახში კი არ ხვდება – ისინი ფანჯრის კიდეებში გადანაწილდება, სადაც მცირე ზომის მზის ბატარეებია ჩამალული. იქ სინათლე ელექტროენერგიად გარდაიქმნება, დანარჩენი კი თავისუფლად გადის მინის გავლით. შედეგად, ხედიც შენარჩუნებულია და ელექტროენერგიაც იწარმოება.
ახალი ტექნოლოგიის არსი
გარდამქმნელი მასალა ცნობილია სპეციალური სახელწოდებით – „უფერო ერთმიმართულებიანი დიფრაქციული მზის კონცენტრატორი“ (CUSC). მიუხედავად რთული სახელისა, მისი მუშაობის პრინციპი მარტივია: ფანჯარა კვლავ გამჭვირვალე რჩება, თუმცა პარალელურად ელექტროენერგიის გამომუშავებას იწყებს. მეცნიერებმა უკვე შექმნეს დაახლოებით 3 სანტიმეტრის სიგრძის პროტოტიპი, რომელმაც მცირე ზომის ვენტილატორის ამუშავებაც კი შეძლო.
როგორ მუშაობს „მზის ფანჯარა“
ტექნოლოგიის მთავარი საიდუმლო თავად საფარშია. მასში გამოყენებულია თხევადი კრისტალები, რომლებიც უნიკალურად ურთიერთქმედებენ სინათლესთან. ისინი იჭერენ სინათლის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც ენერგიის გამომუშავებისთვისაა საჭირო, დანარჩენს კი თავისუფლად ატარებენ. შედეგად ფანჯარა თავის ტრადიციულ ფუნქციას ინარჩუნებს – სინათლეს ატარებს და გამჭვირვალედ რჩება, თანაც სინათლის 64,2% ნარჩუნდება.
სატესტო პირობებში ფანჯარამ იმდენი ენერგია წარმოქმნა, რომ მცირე ვენტილატორის ამუშავება შეძლო, თუმცა როგორც თავად მკვლევრები აღიარებენ, ტექნოლოგიის მასობრივად დანერგვამდე ჯერ დიდი გზაა გასავლელი. ჯერჯერობით მთელი მზის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნის ეფექტიანობა მხოლოდ 3,7%-ს შეადგენს. საჭიროა საფარის სტაბილურობისა და წარმოების პროცესების გაუმჯობესება.

მზის ენერგიის მომავალი
მიუხედავად სირთულეებისა, იდეას უდიდესი პოტენციალი აქვს. წარმოიდგინეთ ქალაქები, სადაც თითოეული ოფისის თუ ბინის ფანჯარა ერთდროულად სინათლისა და ელექტროენერგიის წყაროა. არავითარი მძიმე, ნაცრისფერი პანელები სახურავებზე – მხოლოდ ჩვეულებრივი ფანჯრები, რომლებიც ახალ ფუნქციას იძენენ და ენერგოეფექტიანობას ზრდიან.
მეცნიერები ასევე დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი ტექნოლოგიის დანერგვა ნახშირორჟანგის გამოყოფისა და ენერგიის ტრადიციულ წყაროებზე დამოკიდებულების შემცირების რეალურ პერსპექტივად იქცევა.
ნანა ძნელაძე
კომენტარები