ისტორიული შედეგი: საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა 80:70 და ისტორიულ შედეგს მიაღწია – კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში გავიდა.
საქართველომ საფრანგეთს პირველივე წუთებიდან დიდი ბრძოლა შესთავაზა. ფრანგებს მოედნის არცერთ მონაკვეთში ამოსუნთქვის საშუალება არ ჰქონიათ. თავის მხრივ, კამარ ბოლდუინის წინამძღოლობით, ჩვენმა გუნდმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და პირველი მეოთხედი 24:20 მოიგო.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი მაქსიმალურად ცდილობდა ლიდერების დასვენებას. საწყის 20 წუთში ბითაძემ 10 წუთი ითამაშა, შენგელიამ – 13. თორნიკეს ამ მოკლე მონაკვეთში 13 ქულა ჰქონდა.
მესამე პერიოდში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. გუნდებმა დაცვაში თამაშს მოუმატეს და ქულების მოპოვება მეტად გართულდა. ფრანგები ჩვენი კალათბურთელების შეჩერებას მხოლოდ სჯარიმოებით ახერხებდნენ, ქართველები კი აგდებდნენ და მეოთხე პერიოდის წინ 58:54 დაწინაურდნენ.
გადამწყვეტ მეოთხედში ხან ერთი გუნდი გადიოდა წინ, ხან მეორე. მატჩის დასრულებამდე 2 წუთითა და 30 წამით ადრე გოგა ბითაძემ სამქულიანით საქართველოს ნაკრები 3 ქულით დააწინაურა. მნიშვნელოვანი ჯარიმები გამოიყენეს კამარ ბოლდუინმა და თორნიკე შენგელიამ.
შეხვედრა 24-24 ქულით დაასრულეს თორნიკე შენგელიამ და კამარ ბოლდუინმა. 14 ქულა ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს, 8 – გოგა ბითაძეს, 6 – ბექა ბურჯანაძეს, 4 – გიორგი შერმადინს.
საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს მიახლოების საშუალება არ მისცა და ისტორიულ შედეგს მიაღწია – პირველად ითამაშებს ევრობასკეტის მეოთხედფინალში, სადაც ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. გუნდებს შორის მატჩი 10 სექტემბერს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა პირველ არხზე იქნება შესაძლებელი.
კომენტარები