ევროპაში რეკორდულად მაღალი სიცხე დაბრუნდა – რეგიონი კლიმატური კატასტროფის ეპიცენტრშია
მეცნიერები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ევროპა თითქმის ორჯერ იმაზე უფრო სწრაფად თბება, ვიდრე საშუალოდ მთელი პლანეტა

ორშაბათს ევროპის სამხრეთ რეგიონებს კვლავ მაღალი სიცხე დაატყდა თავს.
მეტეოროლოგიური პროგნოზით, იტალიაში სიცხის ტალღა პიკს მომდევნო დღეებში მიაღწევს, განსაკუთრებით ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში, სადაც ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს, მაქსიმალური სიცხე კი ჩრდილო-დასავლეთ იტალიის სანაპირო რეგიონში – ლიგურიაში და ცენტრალური იტალიის რეგიონში – ტოსკანაში იქნება. ნაკლები სიცხეა მოსალოდნელი პიემონტის, ლომბარდიის, ტოსკანის, ლაციოსა და აღმოსავლეთ სარდინიის შიდა ნაწილში.
ფლორენციაში ამ კვირის ბოლოს 40°C ტემპერატურაა მოსალოდნელი კუნძულ სარდინიაზე მზის დაკვრით 4 წლის ბიჭი დაიღუპა, იტალიის შვიდ დიდ ქალაქში მაღალი ტემპერატურის გამო განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული.
ორშაბათ დილას ექსტრემალური სიცხის გამო საფრანგეთის ტერიტორიის ნახევარზე მეტი საფრთხის ზონაში მოექცა. 96 ადმინისტრაციული ერთეულიდან 12-ში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკიდურესად ხანგრძლივი სიცხე ადამიანების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. ასეთ შემთხვევებში ადგილობრივ ხელისუფლებას უფლება აქვს, გააუქმოს ღია სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებები, დახუროს საზოგადოებრივი ადგილები და შეცვალოს სკოლებისა და საზაფხულო ბანაკების განრიგი.
სარაგოსასა და ბასკეთში ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მაღალი ტემპერატურის გამო მოსახლეობა „უკიდურესი საფრთხის“ შესახებ გააფრთხილა. ქვეყნის დანარჩენ ნაწილში ყვითელი და ნარიჯისფერი განგაშის დონეებია გამოცხადებული. მდინარე გვადალკვივირის ქვემო წელის მიდამოებში ტემპერატურამ შეიძლება 44°C-ს გადააჭარბოს.
სინოპტიკოსების ვარაუდით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში ტემპერატურა 42°C-ს გადააჭარბებს, რაც ქვეყანაში სიცხის ახალი რეკორდი იქნება (აქამდე რეკორდული ტემპერატურა 41,4°C დაფიქსირდა).
მეცნიერები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ევროპა თითქმის ორჯერ იმაზე უფრო სწრაფად თბება, ვიდრე საშუალოდ მთელი პლანეტა და 2025 წელი შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წელიწადი აღმოჩნდეს ისტორიაში მას შემდეგ, რაც დაკვირვებები მიმდინარეობს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები